გურიაში, სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – სახელმწიფო რწმუნებული
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. მობილიზებულია ტექნიკა. მერიის სამსახურებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის აპარატშიც და მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. გაიმართა შტაბის შეხვედრა და ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებიდან. აქტიურად მუშაობს, როგორც „ენერგო პრო“, ასევე – „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები რეგიონში, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღდგეს კომუნიკაციები და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლონ ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში.
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.