„საქართველო ნატოსთვის ძალიან ფასეული პარტნიორია“

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კნუდ ბარტელსი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ, კნუდ ბარტელსმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ბარტელსმა აღნიშნა, საქართველო ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
“ჩვენი ვიზიტის მიზანია, რომ განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობა. მინდა მადლიერებით აღვნიშნო საქართველოს წვლილი ISAF-ის ოპერაციებში და ასევე მინდა წუხილი გამოვთქა ავღანეთში მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მიმართ. ეს ყველაფერი არის მაჩვენებელი საქართველოს მზადყოფნისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან საუბრებში გამოვიტანე დასკვნა, რომ საქართველო აგრძელებს მზადყოფნას ნატო-ში ინტეგრაციისთვის და საქართველო აგრძელებს შეიარაღებული ძალების რეფორმირებას, რათა მიღწეული იქნას განსაკუთრებული წინსვლა. ნატო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ასევე მხარს უჭერს შეიარაღებული ძალების რეფორმირების კურსს. ნატოსთვის საქართველო ძალიან ფასეული პარტნიორია”, – განაცხადა კნუდ ბარტელსმა. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩავატარეთ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დღევანდელი შეხვედრა მთლიანად მივუძღვენით ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას. მინდა გითხრათ, საქართველოს და ნატო-ს სამხედროებს შორის თანამშრომლობა პრაქტიკულად ისეთივეა, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებს შორის. არის ნდობა და უკვე გამოცდილება ერთობლივი ბრძოლის. ძირითადად ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალზე და ერთადერთი სიტყვა, რითაც შეიძლება ეს დახასიათდეს, არის სრული ინტეგრაცია და გაღრმავება ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები