გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც “კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად “საპატიო დაკრძალვის” ხეივანში აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას მიაგებს პატივს.
საქართველოს პრეზიდენტი “შეჰიდების ხეივანში” გვირგვინით შეამკობს “მარადიული ცეცხლის” მემორიალს. დღის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 13 თებერვალს კახის რაიონში სტუმრობით დასრულდება, სადაც დაგეგმილია შეხვედრა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან.
საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ივანე მაჭავარიანი.
დელეგაცია საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.