ბულგარეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ცარევოს მუნიციპალიტეტში ძლიერი შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამის შესახებ Nova წერს.
ბულგარეთის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე გადაუღებლად 4 სექტემბრიდან წვიმს.
ცარევოში ნალექებმა უპრეცედენტო წყალდიდობა გამოიწვია. ზოგან ნალექმა ერთ დღეში კვადრატულ მეტრზე 120 ლიტრს გადააჭარბა.
დატბორილია შენობები, ათეულობით მანქანა, მათი ნაწილი ზღვამ წაიღო.
მდინარეების ადიდების გამო, ჩაკეტილია გზები, წვიმას თან ძლიერი ქარი ახლავს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
როგორც ცარევოს მერმა, გეორგი ლაპჩევმა თქვა, “ცარევოში ამდენი ნალექი არასდროს ყოფილა. ასეთი წყალდიდობა არასდროს ყოფილა. ერთი სოფელი მთლიანად დატბორილია”.
მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
პორტალ 24 Hours-ის ცნობით, ბურგასის რეგიონმა ძლიერი წვიმისა და ძლიერი ქარის გამო საშიშროების “ნარინჯისფერი” დონე გამოაცხადა.