გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, ქალაქ გორში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ვერხვების დევნილთა დასახლებაში არსებულ მემორიალთან გაიმართა.

ღონისძიებას ქალაქ გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, დედაქალაქთან ერთად, წელს ქალაქ გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც აღინიშნა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის- 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები