გურამ მაჭარაშვილი: Deep State-ს წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებაა ის, რომ ხალხი შევაიარაღეთ სწორი, მართალი ინფორმაციით, რის შემდეგაც ვეღარ შეძლებს დეზინფორმაციის არეალში მოაქციოს საზოგადოება
„დღევანდელი მსოფლიო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკუთარი საზოგადოება გახადო დეზინფორმაციის მსხვერპლი, მაგრამ Deep State-ს ეს მეთოდი აქვს შერჩეული, სხვა გზა ჯერჯერობით არ აქვს და სხვათა შორის, აღწევს კიდეც გარკვეულ წარმატებას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა კომენტარი გააკეთა გერმანიაში პარტია „ალტერნატიული გერმანიისთვის“ აკრძალვაზე. ეს ქმედება, როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყოფითად შეაფასა, რაც ევროპული ბიუროკრატიის კრიტიკის საფუძველი გახდა.
„პირველ რიგში, ეს არის გლობალური ომის პარტიის, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია Deep State-ად მოიხსენიებს, არსებობის მტკიცებულება. ამის მხილებაა ის, რომ „ალტერნატიული გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ძალად მოიხსენიეს, რაც დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პარტიის აკრძალვა არასწორ ნაბიჯად შეაფასა. ამერიკამ დიქტატურა უწოდა იმას, რომ ებრძვიან ხელისუფლებისგან განსხვავებულ პლატფორმაზე მყოფ პოლიტიკურ ძალას.
ჩვენ კარგად ვხედავთ მსოფლიოს დღის წესრიგში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების მცდელობას. გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამოაცხადეს კრიმინალურ, დესტრუქციულ ძალად. ეს ძალა არც ხელისუფლებაში ყოფილა და არც საერთაშორისო სასამართლოს გამოუტანია მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რომ მან ჩაიდინა სისტემური დანაშაული. ასეთ პარტიას აცხადებენ გერმანიაში ექსტრემისტულ ძალად მაშინ, როცა ევროპული საერთაშორისო სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის დადასტურებულად ჩამდენი „ნაციონალური მოძრაობა“, არათუ ექსტრემისტულ ძალად, არამედ ზოგიერთი, მათ შორის გერმანიის ელჩის მიერ მოხსენიებულია, როგორც „ევროპული ღირებულების პარტია“.
სადაც ამდენს უბედავენ ამერიკას [Deep State აშშ-ს აკრიტიკებს იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააკრიტიკა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა], რა გასაკვირია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ აამოქმედონ ორმაგი სტანდარტი? ერთი მხრივ, მცდელობაა იმის, რომ დეზინფორმაციული შტურმი იყოს ქართულ საზოგადოებაზე. მეორე მხრივ, დღევანდელი მსოფლიო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკუთარი საზოგადოება გახადო დეზინფორმაციის მსხვერპლი, მაგრამ Deep State-ს ეს მეთოდი აქვს შერჩეული, სხვა გზა ჯერჯერობით არ აქვს და სხვათა შორის, აღწევს კიდეც გარკვეულ წარმატებას.
სწორედ ამიტომ მოხდა „ხალხის ძალის“ გამოყოფა ხელისუფლებაში მყოფი პარტიიდან, რადგან მმართველი ძალა ვერ ახერხებდა კულისებში არსებული ინფორმაციის ხალხისთვის მიწოდებას. დეზინფორმაციით გვებრძოდნენ ზუსტად, რადგან დღეისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. მართალია, დღეს მსოფლიო დაპატარავდა და ინფორმაციის მოპოვება არ არის ძნელი, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, რა ინფორმაცია მძლავრობს. როცა მოვა Deep State-ად, მაგალითად, 10 ინფორმაცია და მას ერთი დაუპირისპირდება, რა თქმა უნდა, მოიგებს უცხოური ძალა.
Deep State-ს წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებაა ის, რომ ხალხი შევაიარაღეთ სწორი, მართალი ინფორმაციით, რის შემდეგაც ვეღარ შეძლებს დეზინფორმაციის არეალში მოაქციოს საზოგადოება
და გამოიწვიოს არეულობა, რასაც ვერ მიაღწევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.