დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 2006 წელს. იყო გაცვლითი პროგრამებით მრავალ ქვეყანაში, ასევე უწყვეტად ესწრება კონფერენციებსა და მასტერკლასებს.
აღსანიშნავია, რომ თამარ ხაჭაპურიძე სტომატოლოგიური კლინიკა „ფემილი დენტის“ – ერთი ოჯახის კლინიკის წარმომადგენელია. „მამა – გია ხაჭაპურიძე ერთი წლის წინ დაგვეღუპა. ის იყო ჩვენი უდიდესი ძალა და ღერᲫი“, – გულდაწყვეტით ამბობს.
კლინიკაში ახლა დედა – თერაპევტ-სტომატოლოგი ნინო ხაჭაპურიძე, ძმა – ორთოპედი, იმპლანტოლოგი და პირის ღრუს ქირურგი – გიორგი ხაჭაპურიᲫე და თამარი არიან.
თავად თამარ ხაჭაპურიძე თერაპევტ – სტომატოლოგი და პირის ღრუს ქირურგია. ამბობს, რომ პირის ღრუს ქირურგობა მამის მიერ საქმისადმი დიდმა სიყვარულმა გადააწყვეტინა. მასთან ინტერვიუც ბავშვობიდან და ოჯახიდან დავიწყეთ…
– ბავშვობიდან მე და ჩემი ძმა ჩვენს ოჯახში, უმეტესად, თეთრხალათიანებს ვხედავდით: მშობლები და მამიდა – სტომატოლოგები, დეიდები – თერაპევტები… მოდიოდნენ სხვა სპეციალობის ექიმებიც. გვესმოდა, როგორ ჰყვებოდნენ პაციენტების მკურნალობის ამბებს.
იმის მიუხედავად, რომ ორივენი დაღლილები მოდიოდნენ, ხშირად ღამის 12 საათზეც კი, სახლში მაინც პაციენტებზე საუბრობდნენ დიდი სითბოთი.
ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ძალიან უნდა გვიყვარდეს ჩვენი პროფესია.
– სტომატოლოგობა მშობლებმა შეგაყვარეს…
– მამა იყო საქმის პროფესიონალი ყბა-სახის ქირურგი და ორთოპედი. მისი მუშაობის ყურებამ გადამაწყვეტინა მე-7 კლასიდანვე სტომატოლოგობა, კერძოდ, პირის ღრუს ქირურგობა.
– რა იყო დასამახსოვრებელი სტუდენტობის წლებიდან?
– მაშინ ჩემი ცხოვრება მიჰყავდა უფრო ემოციებს. ამით არის სტუდენტობის წლები გამორჩეული. ნაკლებს ვფიქრობდი მომავალზე და სირთულეებზე.
– სტომატოლოგიური კლინიკა „ფემილი დენტი“ – თქვენი ოჯახის კლინიკაა. როგორ დაიბადა კლინიკის დაარსების იდეა?
– რადგან ოჯახის წევრები ვმუშაობთ ერთად, კლინიკას სახელი „ფემილი დენტი“ მე შევურჩიე 2008 წელს. ყველას განაწილებული გვაქვს ჩვენი საქმე. სამწუხაროდ, მამა ერთი წლის წინ დაგვეღუპა. ის იყო ჩვენი უდიდესი ძალა და ღერძი. მას ჰქონდა პაციენტთან მიდგომის საოცარი ნიჭი, იყო უსაზღვროდ თბილი და ყურადღებიანი ექიმი. მისთვის ყველა ერთი იყო – მეწაღე იქნებოდა თუ პროფესორი, მთავარია, ადამიანობა და უბრალოება ჰქონოდა.
გიორგი არის სიახლის მოყვარული და უნდა სულ მისდიოს თანამედროვე მეთოდებს. დედა ენერგიული და ძალიან შრომისმოყვარეა, თავისი პროფესია ოჯახივით უყვარს.
– საქართველოს მოსახლეობის გამოკვლევით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კბილის კარიესი და პაროდონტია – კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაავადებები. რას უკავშირდება მათი ასე გავრცელება?
– კარიესის და პაროდონტის დაავადებების გავრცელების უმთავრესი მიზეზია სტომატოლოგთან არარეგულარული ვიზიტი და პირის ღრუს ჰიგიენის წესების არასაკმარისი ცოდნა.
– რატომ არის აუცილებელი სტომატოლოგიური პრობლემის დროულად მიხედვა? დაგვიანება, თუნდაც კარიესის გართულება სხვა ორგანოების დაავადებებსაც იწვევს, რასაც პაციენტები არ აქცევენ ყურადღებას… თქვენ რას იტყოდით?
– ხშირად კარიესი ან პაროდონტიტი იმდენად შეიძლება გართულდეს, რომ პაციენტი სტაციონარში გახდეს სამკურნალო გავრცობილი ანთებითი პროცესის გამო, რაც, თავის მხრივ, პრობლემას უქმნის გულს და სხვადასხვა ორგანოს. ამიტომ აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ 5-6 თვეში ერთხელ.
– სტომატოლოგიური პრაქტიკიდან საინტერესოც გექნებათ გასახსენებელი…
– მქონდა 2-3 შემთხვევა, როცა მომმართა პაციენტმა და, სამწუხაროდ, ონკოლოგთან გადავამისამართე… ასევე, მამამ ერთ-ერთ პაციენტს მრავალი წლის წინ სთხოვა რენტგენის სურათის მოტანა და მეორე დღეს თავისი სურათების ალბომით მოსულა (!)…
– რომელ პრობლემას გამოყოფდით თავად სტომატოლოგიიდან და რას ურჩევდით პაციენტებს?
– პაციენტებს ვურჩევ, უფრო გულდასმით მოუსმინონ სტომატოლოგის რჩევა-დარიგებებს სამომავლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ასევე ნუ დაუჯერებენ ყველაფერს ინტერნეტს და ნუ დაუსვამენ საკუთარ თავს და სხვებს დიაგნოზებს.
– როგორი უნდა იყოს კარგი სტომატოლოგი?
– კარგი სტომატოლოგი უნდა იყოს ძალიან მცოდნე, პროფესიონალი, კომუნიკაბელური და კარგი ფსიქოლოგიც.
– კედელზე უამრავი სერტიფიკატია. ყველაზე მეტად რომელ ჯილდოს გამოყოფდით და რატომ?
– ჩემი უამრავი სერტიფიკატიდან გამოვყოფდი 2005 წელს აღებულ ანკარის ჰაჯეტეპეს სამედიცინო უნივერსიტეტის სერტიფიკატს, რადგან ის პირველია და სხვანაირად მახსოვს.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე, 1 შვილი – ლუკა, 9 წლის და ვარ გოგოს მოლოდინში.
– გეგმები?
– ვაპირებ პაროდონტოლოგიის შემსწავლელი კურსის გავლას ერთ-ერთ ცნობილ წამყვან სკოლაში. ასევე, გვაქვს ერთობლივი გეგმა კლინიკის რეკონსტრუქციის შესახებ არცთუ შორეული მომავლისთვის.
თამარ შაიშმელაშვილი