გიორგი წერეთელი: საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ნორმები წინასწარ იყო გათვალისწინებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთელის განცხადებით, საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების გამო უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული.

„ეს არის საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა, სადაც მიმდინარეობს ახალი მიერთების მოწყობის სამუშაოები ონის მხარეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის ჩასხმის, ასევე ხიდის მშენებლობის სამუშაოები. დაახლოებით კილომეტრ-ორასიანი მონაკვეთია, სადაც სამშენებლო სამუშაოები წელს დასრულდება. 180 მეტრი საყრდენი კედელია დაწყებული, სადაც 140-ზე მეტი უკვე ჩასხმულია და დამთავრებულია გარკვეულწილად. 40-მეტრიან სექციაზე მიმდინარეობდა სამუშაოები, სადაც მოხდა მიწის მასის ჩამოშლა. გზა რამდენიმე ადგილზე არის შევიწროებული ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა. თავშივე იყო უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული. ასევე, კვლავ მოხდა ოდნავ გზის გადაწევა, ბუფერული მონაკვეთი არსებობს, რათა უსაფრთხოდ იყოს გადაადგილება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და აღნიშნული მონაკვეთი კვლავ აღდგენილი იქნება. ამ ეტაპზე მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება, მხოლოდ ღერძულში ხდება ავტომობილების გადაადგილება“, – განაცხადა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები