“რუსეთის ვერანაირი რეაქცია ვერ გახდება წინაღობა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში”

     რუსეთის ვერანაირი რეაქცია ვერ გახდება წინაღობა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში, -ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია“მაესტროს“ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტის კითხვას, თუ რა რეაქციას ელოდება ქართული მხარე რუსეთისგან ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოების პარალელურად. მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიზანმიმართული შრომის შედეგად ნატოში საქართველოს გაწევრიანება შორეულ პერსპექტივას აღარ წარმოადგენს.
“საქართველო 20 წელზე მეტია ვითარდება რუსეთის პირდაპირი საფრთხის ქვეშ, ასე რომ ბუნებრივია, ჩვენ მიზანმიმართულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ინსტიტუციების სრულყოფა, ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების გაძლიერება ნატოში გაწევრიანების გზაზე. რუსეთის ვერანაირი რეაქცია ვერ გახდება წინაღობა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. ეს აღნიშნა ძალიან ნათლად ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს, როდესაც თქვა, რომ ნატოს კარი ღიაა და თქვა, რომ ამერიკა და ნატო დაეხმარება საქართველოს საკუტარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში. ზუსტად იგივე თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.
ასე რომ, მე შემიძლია ვთქვა, ჩვენი მიზანმიმართული შრომით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოში გაწევრიანება არის არა შორეული პერსპექტივა ჩვენთვის. გარდა ამისა, რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, შეფასებული იქნა როგორც პირდაპირი ოკუპაცია ნატოს მხრიდან. თუ კარგად დააკვირდებით, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები შეფასებულია როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა, როგორც გაეროს ქარტიის დარღვევა და მოწოდებაა პირდაპირ, რომ გაიყვანოს რუსეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები