უელსის სამიტის დეკლარაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღნიშნავს

  უელსის სამიტის დეკლარაცია ხაზს უსვამს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნავს, რომ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი საქართველოს საშუალებას მისცემს, ნატოს წევრობისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.
სამიტის შემაჯამებელ, 113-პუნქტიან დეკლარაციაში, საქართველო არაერთხელ არის ნახსენები, ხოლო 2 პუნქტი მთლიანად მას ეთმობა.
“ნატო აფასებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების მიმართულებით. ჩვენ მივესალმებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის, რომელიც გამოიხატა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების იმპლემენტაცია, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, სამართალდამცავი სისტემების რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის სრული დაცვის უზრუნველყოფის ჩათვლით. ნატო მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აფასებს საქართველოს დიდ კონტრიბუციას ISAF-ის ოპერაციაში და იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო ავღანეთში. საქართველოს წინადადებასთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს სწრაფი რეაგირების ძალებში, ეს ყოველივე აჩვენებს საქართველოს წვლილს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ხელახლა ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და დაუახლოვდა ნატოს ამბიციური რეფორმების გატარებით, ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის გამოყენებით. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ურთიერთობები ალიანსთან მოიცავს მისი წევრობისკენ მიმავალ გზაზე არსებულ აუცილებელ ინსტრუმენტებს.
დღეს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსთვის არსებით პაკეტს, რომელიც გულისხმობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წვრთნების ჩატარებას, სწავლებას, გაცილებით მჭიდრო კავშირს და უკეთესი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ეს ზომები მიზნად ისახავს ალიანსისა და საქართველოს თავდაცვისა და თანამშრომლობის უნარიანობის ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, ნატოს წევრობისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს”, – ნათქვამია დეკლარაციაში.
მასში ასევე აღნიშნულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა.
“ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით, რომ საქართველო სავსებით ეთანხმება ევროკავშირის შუამდგომლობით შედგენილ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და სხვა მრავალმხრივ ზომებს. მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა და რუსეთსაც იგივეს მოვუწოდებთ. ისევ და ისევ მივმართავთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. გვსურს, მოვუწოდოთ ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციული როლი შეასრულონ და ასევე განაგრძონ მჭიდროდ თანამშრომლობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მეთოდს არ გადაუხვიონ”, – ნათქვამია უელსის სამიტის დეკლარაციაში.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები