„საქართველოს ევროპული არჩევანი არ გადაიხედება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი არ გადაიხედება – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პოლიტიკის დრო” განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროპული არჩევანი არის არა მხოლოდ ქართული პოლიტიკის ელიტის, ან ხელისუფლების, არამედ – საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. “ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართ წახალისებული საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი უკვე შეუქცევადი გახდა და ჩვენ ნათლად დავადასტურეთ, რომ ეს პროცესი არ გადაიხედება. საქართველოს ევროპული არჩევანი არ გადაიხედება. ჩვენ ეს ღიად ვთქვით და მე ეს ევროკავშირში გამართული შეხვედრების დროსაც დავადასტურე”,- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირში საქართველოს მიმართ ინტერესი გაათმაგებულია, ვინაიდან მსოფლიო უკვე დარწმუნდა, რომ საქართველოს კონსტრუქციულ დიალოგზე ორიენტირებული ხელისუფლება ჰყავს. “ისინი ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ ნებისმიერი მიმართულებით მიღწეულ აშკარა პროგრესს. ისინი ერთხმად აღიარებენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ შედეგს 2013 წელს, კარგად ხედავენ, რომ შევძელით რთული პროცესის მართვა, რასაც ე.წ კოჰაბიტაცია ჰქვია. ჩვენ შევძელით, გაგვეფანტა კითხვები, რომელიც არსებობდა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, შევძელით, ჩაგვეტარებინა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ისინი პოზიტიურად აფასებენ ახალი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღწეულ შედეგებს, ჩვენ მიერ წამოწყებულ რეფორმებს იგივე სასამართლოს დამოუკიდებლობის და ხარისხის ამაღლების კუთხით, პროკურატურის მიმართულებით, არმიის, პოლიციის დეპოლიტიზების თუ ბევრი სხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურასა და სპორტში”, – განაცხადა პრემიერმა.