„წარსულის დიდებულების ნამარხებზე მარადიულობის შეგრძნების გადმოცემა მინდოდა“ – „ქვის ანგელოზი“, „კარიბჭე“, „ტაძრები“ და შემოდგომისფერი სინათლე ტილოზე

დაიბადა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში. ცხოვრობს ბათუმში. დაასრულა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია, თუმცა, როგორც ამბობს,   ძირითად საქმედ და შემოსავლის წყაროდაც მხატვრობა აქცია.
2021 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ახლახან ბათუმის აჭარის ხელოვნების მუზეუმში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. მონაწილეობდა თურქეთის ტრაპიზონის საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაშიც.
უახლოეს მომავალში მისი პერსონალური გამოფენები იგეგმება იტალიაში,  თბილისსა და  ყვარელში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოში, კერძო კოლექციებში,მხატვარ ნათია ხუციშვილის პერსონა.   

– მრავალშვილიანი ოჯახიდან ხართ. თქვენმა დამ, მხატვარმა ელენე ხუციშვილმა ინტერვიუს დროს მითხრა, რომ დედისგან დაჰყვა ხატვის ნიჭი. ბავშვობა და ხატვაში პირველი ნაბიჯები…
– დავიბადე მრავალშვილიან ოჯახში. ხატვის ნიჭი მართლაც დედისგან გვერგო და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ღრმა ბავშვობიდან ვხატავდი, დღესაც კედლებზე შემორჩენილია 3 წლის ასაკში დახატული ჩემი ნახატები. ყოველთვის, როდესაც ჩავდივარ სოფელში, ვათვალიერებ  კვლავ ბავშვური ემოციებით.
– ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია, ბუღალტერიის ფაკულტეტი დაამთავრეთ, როცა ხატვა და ხელოვნება გიყვარდათ?
– იმ პერიოდში არ ვიცოდი, რამდენად პერსპექტიული იყო საქართველოში მხატვრობა, როგორც პროფესია. ხატვა, ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა დავამთავრე ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის ბუღალტერიის ფაკულტეტი. ფაქტობრივად,  სტუდენტობის პერიოდში, მეუღლის ინიციატივით,  ვცადე ტილოზე ნამუშევრის შექმნა და უკვე 2021 წლიდან გავხდი საქართველოს მხატვართა კავშირის, ასევე საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი.
აჭარის ხელოვნების მუზეუმში პირველი პერსონალური გამოფენა გქონდათ. დამთვალიერებელთა შთაბეჭდილებები…
–  8 ივლისს, აჭარის კულტურის,განათლებისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში,  ბათუმში,  ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი მქონდა ბოლო სამი წლის განმავლობაში  შესრულებული 24 ფერწერული ნამუშევარი.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ეს გამოფენა ძალიან წარმატებული გამოდგა, იყო უამრავი დამთვალიერებელი, მათ შორის ცნობილი მხატვრები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, გაერთიანებული მუზეუმების დირექტორი, ხელოვნების მოყვარული სხვა ადამიანები…
ჩემმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოჩნდა უამრავი შესაძლებლობები, შემოთავაზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრისთვის, მივიღე უამრავი დადებითი ემოცია, რამაც კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა, ვიმუშაო უფრო აქტიურად.
Natia Khutsishvili ARTამ გვერდზე ქვეყნდება თქვენი ნამუშევრები – დახვეწილი, ჰარმონიული ფერებით შეზავებული…
–  დამთვალიერებელს ჩემი ნამუშევრების ნახვა და შეძენა ფეიბუქგვერდზე შეუძლია. შთაგონება ცხოვრებისეულ ემოციებს მოაქვს, ღრმა ბავშვობიდან დღემდე. წინასწარ არასდროს ვაკეთებ მონახაზს ტილოზე,  თუმცა ვიცი, რა ემოციაც უნდა მოუტანოს ნამუშევარმა მნახველს.
–  ქვის ანგელოზი გზას უჩვენებს დაკარგულ სულებს სამოთხისაკენ– რატომ ქვის ანგელოზი?
–  განსაკუთრებით მიყვარს ეს ნახატი, დიდი ემოციის მატარებელია ჩემთვის. როგორც ნამუშევარშია – „ქვის ანგელოზი გზას უჩვენებს დაკარგულ სულებს სამოთხისაკენ“, დაკარგული სულები – პეპლები ჩვენ ვართ, ცოდვილი ადამიანები, პეპელასავით უმწეო, წამიერი სიცოცხლით. პეპლები ყოველთვის თან სდევენ ბავშვებს. იქნებ იმიტომ, რომ სწორედ ისინი აპოვნინებენ მარადიულობას. იქნებ ეს არის ჩვენი მარადისობის გზაც… მივყვეთ ბავშვს, ჩვენში არსებულს, უმანკოს… წმინდას…
 „შემოდგომის დედოფალი“… – წელიწადის დროებიდან შემოდგომას ანიჭებთ უპირატესობას? ფერებიც ხომ მუქი გიყვართ…
– წელიწადის ყველა დრო მიყვარს, განსაკუთრებით – შემოდგომის ჯადოსნური ფერები. ხშირად ვიყენებ მუქ ტონებსაც ალბათ იმიტომ, რომ სიღრმეს და სინათლეს უკეთ წარმოაჩენს.
–  რა განცდა გეუფლებათ, როდესაც იყიდება ნამუშევარი?
– ხელოვნება, პირველ ყოვლისა, მხატვრისთვის  არის სულიერი საზრდო და ვფიქრობ, საქმე რომელსაც გრძნობით აკეთებ არ დარჩება შეუმჩნეველი და დაუფასებელი.
ნამუშევრის გასხვისება ჩემში ყოველთვის სევდამორეულ სიხარულს იწვევს. ყოველ ნაშრომს დიდი გრძნობით და ემოციით ვქმნი, რთულია მათთან განშორება. მაგრამ მიხარია, როცა ჩემი შემოქმედების მორიგი დამფასებელი იძენს ჩემს ნამუშევარს, ვიცი, რომ ჩემი გრძნობა, რომლითაც ვქმნიდი ნამუშევარს, მათ მიანიჭებს სიამოვნებს და ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის.

„შემოდგომის დედოფალი“

– მონაწილეობდით ტრაპიზონის საერთაშორისო ჯგუფური გამოფენაში. უახლოეს მომავალში  პერსონალური გამოფენები იგეგმება იტალიაში,  თბილისსა და  ყვარელში...
–  სექტემბერში ვიწყებ თბილისის გამოფენით პარლამენტის ეროვნულ გალერეაში, ასევე – ჩემს მშობლიურ ყვარელში  და შემდეგი ნაბიჯი იქნება  იტალია, რომლის დეტალებიც ახლა ზუსტდება.
– ფიქრობთ, რომ თქვენი მოწოდება მხატვრობა იყო?
–  ყოველთვის მდიდარი ფანტაზია მქონდა – განსხვავებული, მძაფრი აღქმა ამქვეყნიური სილამაზის და როდესაც ფუნჯი ავიღე ხელში, პირველად მივხვდი, რომ სხვა არაფერი აღარ მაინტერესებდა. დიახ, მე მხატვარი ვარ მთელი არსებით და აზროვნებით.
– მითხარით, რომ და-ძმასთან ერთად ძალიან საინტერესო ბავშვობა გქონდათ – მხიარული, თავგადასავლებით სავსე…  მაშინდელი თავგადასავლები და ემოციები აისახა კიდეც თქვენს ნამუშევრებში…
– გავიზარდეთ სოფელში. გვყავდა უაღრესად განათლებული, ჭკვიანი და კეთილშობილი ბებია, რომელსაც ძალიან უყვარდა საინტერესო ამბების მოყოლა. ხშირად მივყავდით პატარები მინდვრად, შორს, ფეხით – წინაპრების ნასახლარებზე, საუკუნეგამოვლილ საყდრის თუ ციხეგალავნის ნანგრევებთან. ისტორიებს გვიცოცხლებდა, ლეგენდებს, რაც ამ კედლებს ახსოვდათ.
ის ღრმა ემოციები კიდევ უფრო მიმძაფრებდა ფანტაზიას და შეუცნობლის შეცნობის ცნობისმოყვარეობას. მინდოდა წარსულის დიდებულების ნამარხებზე მარადიულობის შეგრძნება გადმომეცა  ჩემს ნამუშევრებში: „კარიბჭე“, „ტაძრები“,  სერია  „დაცემული“,  „ქვის ანგელოზი გზას უჩვენებს დაკარგულ სულებს“ .
– ჰობი…
– ჰობი ვაქციე პროფესიად, ვიტყოდი, რომ მხატვრობა პროფესიაზე მეტია, ცხოვრების ნაწილია, ცალკე სამყაროა ჩემი, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემს ყოფიერებას  დედამიწაზე…
–  ოჯახი… როგორ გიდგათ ოჯახი გვერდში?
– ჩემი ოჯახი ჩემი ძალაა. სწორედ ჩემი მეუღლის ინიციატივით, თანადგომით დავიწყე  ტილოზე ხატვა და ყოველთვის ვგრძნობ განსაკუთრებულ გულშემატკივრობას ჩემს ცხოვრებასა  და კარიერაში.
– შოვი… ხომ არ დაგიხატავთ ამ თემაზე…
– გამიჭირდება ალბათ ტილოზე იმ მძიმე ემოციების გადმოტანა, რასაც რეალურად ვგრძნობ. ვერ გეტყვით, დავხატავ თუ არა, ჯერ კიდევ არ ვარ მზად მუშაობისთვის, რთულია ამ მძიმე ფონზე ფუნჯის აღება…
– სამომავლოდ რას ფიქრობთ, რა გეგმები გაქვთ გარდა გამოფენებისა?
– მიზნები, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა არ მიყვარს წინასწარ შორეული გეგმების შედგენა. დრო გვიჩვენებს… ვიცხოვრო სიყვარულით, ვაკეთოთ ის, რაც გვაბედნიერებს და დანარჩენი მივანდოთ უფალს…

                                                                                                                 

                                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები