„სიტყვები ზედმეტია, ყველას ტკივილი როგორ ზუსტად გადმოეცით“…
„ეს ფოტო გვაკლდა სულის სიმშვიდისთვის“…
„ამ მძიმე დღეებში თითქოს სიმშვიდე მოაქვს ამ სურათს“…
„ღმერთო, რა ზუსტად ასახავს იმ ემოციას და ტკივილს“…
„მთელმა სოცქსელმა აიტაცა ეს ფოტო“…
„დარია, დიდი მადლობა… წასულების სევდა დაგვანახვე, მათ სახელზე აქციონ შენი ნახატი მემორიალად შოვში, სადაც ნებისმიერი მიმსვლელი მათი სულის მოსაგონრად ერთ ხეს მაინც დარგავს“…
ეს მხოლოდ ნაწილია უამრავი გამოხმაურებისა, რაც შოვის ტრაგედიის შემდეგ შექმნილმა ფოტოილუსტრაციამ მიიპყრო. მისი ავტორია დარია ცინცაძე – აზროვნების აკადემიის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი.
საუბარიც შოვის ტრაგედიით დავიწყეთ:
– „შოვი 2023“ – ფოტოზე დახატული ილუსტრაცია უცებ გახდა პოპულარული სოციალურ ქსელში, 10 ათასზე მეტი გაზიარება აქვს სოციალურ ქსელში და უამრავი ნახვა… ადამიანთა სული და გული უცებ დაიპყრო.
– შოვის ტრაგედიის ამსახველი ილუსტრაცია უცებ, ერთი ხელის მოსმით, შეიქმნა, თუმცა წინ უძღოდა ტრაგედიაზე ბევრი ფიქრი, თანაგანცდა, მწუხარება, დაბოლოს, იმის გააზრება, რომ აქ დარჩენილებს გვჭირდება ნუგეში, იმედი და დამშვიდება. ვისაც სულის უკვდავების გვწამს, ბუნებრივი „დასასრულია“ მარადისობისკენ აღმავალი გარდაცვლილთა სულები. ამ მასშტაბის გაზიარებებს კი მხოლოდ ზემოთ ხსენებული მიზეზით ვხსნი.
– საინტერესო გამოხმაურებები მიიღეთ. მაინც, რას გწერენ?
– მივიღე უამრავი პირადი წერილი, მეგობრობის ასობით თხოვნა უცხო ადამიანებისგან. მწერდნენ ტელევიზიებიდან და ონლაინ სააგენტოებიდან, მთხოვდნენ ილუსტრაციის გაზიარების უფლებას. მომწერეს სკოლებიდან, ზოგმა ილუსტრაციის მაისურებზე დაბეჭდვის უფლება მთხოვა და ა.შ. თუმცა უკუკავშირის უდიდესი ნაწილი – მადლობები და ზუსტად იმ ემოციის გაზიარება, – ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან მივხვდი, რომ საზოგადოება გაგვაერთიანა ერთმა ემოციამ და განცდამ.
– შთაგონება… რომელ ნამუშევარს გამოყოფდით თქვენი შემოქმედებიდან?
– შთაგონების წყაროდ რელიგიურ თემატიკას ხშირად ვიყენებ. მიყვარს პერსონაჟების ხატვაც, რომელთა შთაგონების წყარო, ძირითადად, ბავშვები არიან. ერთი სიტყვით, ყველაფერი შთამაგონებს, რაც ჩემზე ემოციურად მოქმედებს.
ჩემი ნამუშევრებიდან გამოვყოფდი შობის ილუსტრაციას, რომელიც ძალიან მიყვარს და წმინდა ნინოს პერსონაჟის ილუსტრაციას, რომელიც დისნეის სტილში დავხატე.
– ხელოვნება და ხატვა ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ…
– ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი და მეხატა.
გამზარდა ბებომ, ცდილობდა, არაფერი მოეკლო ჩემთვის და ვეტარებინე სხვადასხვა წრეზე, მათ შორის ხატვაზეც, თუმცა თავისებური ბავშვი ვიყავი და დიდხანს ვერსად ვჩერდებოდი, ინტერესს მალე ვკარგავდი. ხატვაზე რომ მიმიყვანა, ნატურმორტთან დამსვეს და დოქის დახატვა დამავალეს, არ მომეწონა და მეორედ აღარ მივსულვარ.
თუმცა ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ არ ვისწავლე ხატვა პროფესიონალებთან და თვითნასწავლად დავრჩი.
– საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– ხელოვნების სიყვარული საბოლოოდ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაბარებით გაგრძელდა. სტუდენტობის წლები საინტერესო იყო, თუმცა სწავლას საკმარის დროს ვერ ვუთმობდი, რადგან ოჯახური მდგომარეობის გამო (მამის გარდაცვალება და ბებოს პენსიაში გასვლა დაემთხვა) მალევე მომიხდა მუშაობის დაწყება და ორივე საქმის შეთავსებას რთულად ვახერხებდი. ვსწავლობდი ძალიან კარგად იმ საგნებს, რომლებიც გულთან ახლოს მოდიოდა და მაინტერესებდა (კარგი ლექტორების დამსახურებით), მაგრამ იყო საგნები, რომლებსაც მხოლოდ „ნიშნის“ გამო ვსწავლობდი.
– „აზროვნების აკადემიაში“ გრაფიკულ დიზაინერად და ილუსტრატორად მუშაობთ…
– ამჟამად „აზროვნების აკადემიაში“ ვმუშაობ გრაფიკულ დიზაინერად და ილუსტრატორად. ვფიქრობ, პროფესიული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში ძალიან დამეხმარნენ, რადგან, გამოუცდელობის მიუხედავად, მენდნენ და მომცეს შესაძლებლობა, რომ მეკეთებინა ის, რაც მიყვარდა და მგონია, რომ მოლოდინს ნელ-ნელა ვამართლებ. ვაკეთებ პოსტერებს მოზარდების და ზრდასრულების პროექტებისთვის, ასევე აზროვნების აკადემიის გამომცემლობისთვის წიგნის ყდების დიზაინზე ვმუშაობ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის ზღაპრების ილუსტრირებაც დავიწყეთ.
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც ხატვაა და როცა შენი ჰობი და სამსახური ერთმანეთს ემთხვევა, მუშაობის პროცესიც სასიამოვნო ხდება.
– მეუღლე და ორი შვილი გყავთ… მათი რეაქცია შოვის ტრაგედიის ამსახველ ილუსტრაციაზე…
– მეუღლე და ორი შვილი მყავს. შოვის ილუსტრაციის ხატვის პროცესს თვალს ადევნებდნენ და მგულშემატკივრობდნენ. 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, დავდე ილუსტრაცია და მთელი დღის მანძილზე სევდა და ამდენი გამოხმაურებისგან წამოსული ემოციები ერთმანეთს ენაცვლებოდა.
მეუღლე განსაკუთრებით მგულშემატკივრობს ილუსტრაციების ხატვისას, ხშირად რჩევას ვეკითხები, რადგან მომწონს მისი სამყაროსეული ხედვა (სასულიერო პირია) და ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს.
– გეგმები?
– გეგმებს ისევ და ისევ ხატვას, წიგნების ილუსტრირებას ვუკავშირებ. ახლა ვმუშაობ აზროვნების აკადემიის გამომცემლობის მიერ ქართულ ენაზე პირველად ნათარგმნ პატარა წიგნზე – „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“. წიგნი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ემოციური დასახატი გახდა. „მარადიულად დარჩენილი ბავშვები“ (იგულისხმება გარდაცვლილი ბავშვები) – ასე უწოდებს მთარგმნელი წიგნის ზოგიერთ პერსონაჟს. იმედი მაქვს, ეს წიგნიც თავისი ილუსტრაციებით ბევრისთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი გახდება.
თამარ შაიშმელაშვილი