სვანეთში დაიბადა და გაიზარდა… პოეტური ნათლობაც იმ ზვიადი მთების წიაღში მიიღო… წიგნი ოჯახში შეუყვარდა, შემდეგ კი… დამთოფეს სევდის სათოფურით, ლექსები – დენთივით ამიფეთქდაო…
სამი პოეტური კრებულის ავტორია: „თოვლის ყვავილები“, „ლემშვენიერა“, „ლილაი“…
როგორც ამბობს, პირველი კრებული ნოდარ ტაბიძის რჩევით გამოიცა, მეორე – ოთარ ჭილაძის „შეგონებით“, მესამე კი ზეინაბ სარიამ დააფინანსა და გამოსცა. ამჟამად მუშაობს მეოთხე კრებულზე „ლალეთა“. – პოეტ ელლა ელლენის პერსონა.
– დედა ბიბლიოთეკარი იყო, მამა ცხუმარის თემის თავკაცი, საბჭოთა დროში ჯერ თავმჯდომარე ერქვა, მოგვიანებით კი – მეურნეობის დირექტორი, წიგნიერი მშობლები მყავდა და სულ პატარაობიდანვე შევიყვარე წიგნები.
– სკოლის პერიოდი…
– სკოლა არ მიზიდავდა, თითქოს ბორკილივით ხელ-ფეხს გიკრავდა, თან პატარაობიდანვე საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნება ვიყავი და ხალხმრავლობას გავურბოდი. სამაგიეროდ თანასკოლელები ძალიან მიყვარდა, ბოლომდე შეგვრჩა ეს სიახლოვე და მეგობრობა. გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს წერილებს ვწერდით, ეს მაღალ კლასებში. მესამე კლასამდე კი გაკვეთილს ჩურჩულით ვკითხულობდი და ვყვებოდი, მასწავლებელი მეხვეწებოდა, ყრუ ვარ და ხმა ამოიღეო…
– პირველი ლექსები…
– ლექსი გვიან მოვიდა ჩემთან. პატრიოტული ლირიკა. მამაჩემისგან გავიგე ლევილი, საფრანგეთი, რამიშვილი და ჟორდანია, „ვარ საქართველოს გულმოკლული ჭირისუფალი“ – ამ სტრიქონებზე ვტიროდი, შემდეგ იყო ლადო ასათიანი ” ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები… „მეჩვენებოდა, თითქოს მეც გმირი თინა წავკისელის და მაია წყნეთელის გვერდით ვიდექი… დედაჩემს ეშინოდა და წიგნებს მიმალავდა… მეუბნებოდა, დონ კიხოტი წიგნებმა გააგიჟესო…
მახსოვს პატრიოტულ თემაზე დაწერილი ნოველა „გურჯუსი”, პატარა ქართველი ბიჭის ამბავი, რომელიც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, ეს ფერეიდანზე და საინგილოზე დაწერილი წიგნების გავლენა იყო.
– მესტია… ვალერიან საღლიანი იყო პირველი, ვინც სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებას გზა გაუხსნა…
– საოცარი წლები იყო, ვალერიან საღლიანმა, ამ დიდებულმა ადამიანმა, ფართოდ გაუხსნა კარები ახალგაზრდა პოეტებს, მათ ძალიან აკლდათ ყურადღება „ცენტრიდან”, ნოდარ კვიციანი, შერმადინ ქალდანი, ვაჟა ხვისტანი, ნოდარ გრიგალაშვილი, რეზო ავალიანი…და კიდევ ნიჭიერი პოეტესები…ყველამ ამ გაზეთში მოიყარა თავი…მათზე სხვა დროს ვისაუბრებ, სათქმელი კი ბევრია.
– ყველა ლექსი ლირიკაა… განცდაა, წრფელი… შთაგონებას რა გაძლევთ?
– საკუთარი ბუნება, კარჩაკეტილობა, და კიდევ მუსიკა – ხალხური მელოდიები, კლასიკური მუსიკა, მოგვიანებით შევიძინე ფირფიტები – შოპენის, გრიგის, გლინკას, ჩაიკოვსკის, ოგინსკის, ლისტის და სხვათა ნაწარმოებებით, ვუსმენდი ფირსაკრავზე, უწყვეტად, გადაბმულად, ვცდილობდი, ლექსის სტრიქონებად მექცია ყველა მელოდია, მთელი ცხოვრება… და ვცხოვრობდი მშობლების სახლში უზრუნველად… ახლა სხვა დროა, ეს ფირფიტები შენახული მაქვს, ფირსაკრავი დიდი ხანია შესაკეთებელია, შემკეთებლების დროც წასულა.
– „დამთოფეს სევდის სათოფურით, ლექსები – დენთივით ამიფეთქდა“… თქვენი პოეზია სევდისაა…
– სევდაა ავტორი ყველაფრისა, რაც კაცობრიობას შეუქმნია. ხელოვნება ტკივილის წამალია. შეიძლება ითქვას, რომ ლექსს შენ არა, შენი ტკივილი წერს.
– დეიდა – ეთერ არღვლიანი პოეტი იყო, მას ბალადა მიუძღვენით… გაიხსენეთ დეიდა, როგორ დაიწერა ეს ბალადა?
– დეიდაჩემი აღმერთებდა ნიკოლოზ ბარათაშვილს, პოეზიის დიდი საღამოც მოაწყო იმდროინდელ კლუბში, ეს სიყვარული მეც გადამდო, ჩემს მცირე ბიბლიოთეკას ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი „მივანიჭე“- ბარათაშვილის სახელობის საკ.ბიბლიოთეკაო, ასე ვაწერდი წიგნებს. ბალადა ასე დაიწერა, სამანქანო ტრასაზე ვეებერთელა ლოდებს შორის გემრიელი, ცივი წყარო მოდიოდა, კესას წყარო ერქვა, ლოდებზე კი მგზავრები წარწერებს ტოვებდნენ.
ჩემი დეიდები ხშირად ახსენებდნენ კესას წყაროს, ბებიაჩემსაც კესა ერქვა.
დეიდას ძალიან მოეწონა ლოდებზე წარწერები და ლამაზი ამბავიც შეთხზა, წლების შემდეგ კი ეს ამბავი ლექსად ვაქციე, დეიდაჩემი მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. ბიძაჩემს მისი დაკრძალვა კოშკში უნდოდა, ეს კოშკი უყვარდაო, მეც მთხოვა, მხარი დამიჭირეო, ვერაფერი ვერ ვთქვი და ძალიან ვნანობ.
– ყველა ლექსში ჩუმი მუსიკა ხმიანებს… როგორ მოდის ეს მუსიკა?
– საკუთარი სულიდან თუ ცრემლიდან გადმოდინდება.
– „სახლი არა მაქვს, სიტყვაში ვცხოვრობ“…
– მინდოდა საკუთარი სახლი მქონოდა, სადაც მთელ დროს წერას და წიგნების კითხვას დავუთმობდი.
– „ამ ვიწრო ქალამნებში შორი გზები ვერ ჩავატიე. მიჭერს და მიჭერს წუთისოფელი“… რას დაამატებდით ამ სტრიქონებს?
– არაფერს. ვერაფერს.
– შორეული სვანეთის მაღალი მთებიდან უყურებთ ჩვენი საწუთროს ავკარგიანობას… სვანური ფოლკლორი და პირველყოფილი გარინდებაა აღბეჭდილი სტრიქონებში… როგორ დაიწერა „ბაილ, ბეთქილ“?
– გარდაცვალებამდე ორიოდე კვირით ადრე მამაჩემი შემოვიდა ჩემთან ოთახში და მთხოვა, სვანური სიმღერები მომასმენინეო, ფირსაკრავი მაშინ ჯერ კიდევ გამართული იყო. ახლაც თვალწინ მიდგას მოხუცი მამა, იჯდა სკამზე თავჩაღუნული, იჯდა და უსმენდა თვალდახუჭული. ბოლოს ადგა და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. მაშინ ვერ მივხვდი, რომ სამყაროს, სააქაოს ემშვიდობებოდა, ხოლო საგზლად რაც მიჰქონდა, ეს იყო…
– ღრუბელსაც ცრემლი შეშრობია ჩვენი სულების გვალვაშიო… წერთ. როგორ უნდა გადავირჩინოთ დღეს, ბობოქარ 21-ე საუკუნეში სული?
– ამ უცნაურ დროში, ამ ჯერ კიდევ „აუთვისებელ” დროში სულის გადარჩენა უფრო ადვილია, თუ სულიერება არ გაკლია.
– ნამდვილი პოეტი?
– ნამდვილი პოეტი? – ამაზე პასუხი ჩვენ არ გვაქვს, ბუნებას უნდა ვკითხოთ, მაგრამ მას საიდუმლოს გამხელა არ უყვარს.
– თქვენი ერთი ლექსი…
„ის ქოხი მიყვარს, კოჟრივით რომ მიწას ატყვია, სახურავით ცა რომ გახია”…
– როგორ იცვლება სათქმელი კრებულიდან კრებულამდე?
– არაფერი იცვლება, ერთის, პირველის სხვადასხვა ვარიანტია.
– ჰობი…
– მარტოობა, მეგობრებთან საუბარიც ცხოვრების ავ-კარგზე.
– „ჩემი საათი დროს არ აჩვენებს, დრო გაიყინა“… პოეტი და დრო? როგორია მიმართება მათ შორის?
– თითქოს არ არსებობს, მხოლოდ მოჩვენება და წარმოდგენაა ჩვენში.
– ამჟამად თუ წერთ ინტენსიურად? რაზე მუშაობთ?
– არაფერზე თითქოს, ეს ყველაფერი კი საკუთარ თავთან საუბარია სხვის გასაგონად.
– ჩვენი ინტერვიუს მომზადებისას შოვის ტრაგედია მოხდა…
– შოვზე რა დავწერო, არ ვიცი, სულ მეტირება, ამ უბედურებას რომ ვხედავ. ცოტა დრო უნდა გავიდეს..
თამარ შაიშმელაშვილი