თბილისში, მხატვრის ოჯახში დაიბადა, სადაც ხელსაქმეც უყვარდათ. სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ ხელოვნება ძალიან უყვარს.
7 წელია თოჯინებს ამზადებს, უმეტესად – პორტრეტულ თოჯინებს. უკვე შეკვეთებსაც იღებს.
ქსოვს ასევე თექის ხალიჩებს. ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან უყვარს. – თეონა ბიტარაშვილის პერსონა.
– წარმოშობით დუშეთიდან ვართ. მამაჩემი ემზარ ბიტარაშვილი ხატავდა, დედა ქსოვდა, მაგრამ ბებოს ხელსაქმე უზომოდ უყვარდა და გულმოდგინედ მპასუხობდა ყველაფერზე. ულამაზესად ქარგავდა.
– ხელოვნება უზომოდ გიყვართ, და მაინც სამედიცინოზე ჩააბარეთ.,,
– ხელოვნება ძალიან მიყვარს, მაგრამ ისე მოხდა, რომ დედის რჩევით ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში.
– ამბობთ, რომ თოჯინებს 7 წელია ამზადებთ. პირველი თოჯინა…
– პირველი თოჯინა მოხუცი ბებო იყო დანაოჭებული სახით… მახსოვს, ძალიან დიდხანს ვაკეთებდი… მერე სკოლისთვის ზღაპრის გმირები გავაკეთე, უფრო ზღაპრის თეატრალური წარმოდგენებიდან. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, ბავშვებსაც გაუხარდათ… ამან უფრო სტიმული მომეცა…
– როგორ ქმნით თოჯინას? რა სირთულეები ახლავს პროცესს?
– რბილი ქსოვილებისგან ვამზადებ თოჯინებს. იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ სირთულეს ვერც ვგრძნობ, პირიქით, ძალიან მსიამოვნებს.
– შთაგონება?
– მჭირდება, განწყობა უნდა მქონდეს, დავჯდე და როცა ვიწყებ, სანამ არ მოვრჩები, სხვა საქმეს არც ვკიდებ ხელს.
– საინტერესო გალერეა გაქვთ… ფანტაზიით ქმნით თუ პროტოტიპების მიხედვით?
– ფანტაზიითაც და ზოგჯერ – პორტრეტულ თოჯინებსაც… ხან ჩემი ფანტაზიით ვაკეთებ, ვინ როგორი უნდა იყოს. შეკვეთებს როცა ვიღებ, ვინც მიკვეთს, რა თქმა უნდა, იმის სურვილს ვითვალისწინებ.
თალგამის შეკვეთაც მქონდა. ახლა წითელქუდას შეკვეთაზე ვმუშაობ, ჯერ არ დამისრულებია, სექტემბრისთვის მექნება მზად.
– რომელი თოჯინა გიყვართ ყველაზე მეტად?
– რამდენიმე პორტრეტული თოჯინა, რომელიც ძალიან ჰგავდა დამკვეთს….
მიყვარს ბომბორაც. ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ადრე გავუკეთე თოჯინები, თავისთვის და თავისი დისთვის, მულტფილმიდან ბომბორას დამზადების სურვილიც გამოთქვა.
მერე ისე მოეწონა, კიდევ დამამზადებინა, ოღონდ მეორე თოჯინა – ბომბორა გოგო უნდა ყოფილიყო.
– შეკვეთები… მაინც, რომელ თოჯინაზე უფრო მეტად მოთხოვნა? და შეიძლება თუ არა, ხელოვანმა შეკვეთებით იცხოვროს?
– უფრო პორტრეტულზე, მაგრამ მაგით რომ იცხოვრო, არ გამოვა. შეკვეთები მაქვს, მაგრამ საკმარისი არ არის.
– ჰობი…
– ქსოვა, ხატვა და თექა…
– ოჯახი…
– როცა ღამის საათებში ვმუშაობ, სიწყნარე მიყვარს, რამდენჯერ მთელი ღამეც გამითენებია, ისე ვერც გამიგია… ოჯახი ყველანაირად ხელს მიწყობს… მეუღლე და შვილები მყავს, ძალიან თბილი ოჯახი მაქვს…
– ქსოვთ თექის ხალიჩებსაც…
– ეს უფრო ადრე დავიწყე, ძალიან ჩანთები, ქუდი, თექის თოჯინები. პირველად ჩანთა გავაკეთე და მერე მოვხატე… ასევე, ქაღალდისგან ყვავილების დეკორაციებსაც ვამზადებ…
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– ძალიან მინდა…
თამარ შაიშმელაშვილი