გეოლოგი: მსგავსი სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელია
გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ შოვში მომხდარი სტიქიის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
“მსოფლიო მასშტაბით, ერთ შემთხვევას თუ მაინც დამისახელებთ, როცა მსგავსი მასშტაბისა და კომპლექსურობის სტიქიის პროგნოზირება ვინმეს გაუკეთებია, მე ბოდიშს მოვიხდი, არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა და ვერც იქნება იმიტომ, რომ ძალიან სპეციფიკური სტიქიაა”,- აღნიშნა მან.
გაფრინდაშვილმა იმ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრა, რამაც სტიქია გამოიწვია.
მისივე განმარტებით, სტიქია სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან და ამ ეტაპზე, განმეორების საფრთხე არ არსებობს.
“ 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მდინარე გუბისწყლის ხეობაში, კურორტი შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას, ერთი და იგივე დროს, ერთი და იმავე ადგილას.
კერძოდ, მიმდინარეობს ინტენსიური მყინვარის დნობა, ორი მყინვარია. ამას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი, რომელმაც დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ეს.
ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭაში, სადაც იმერეთის მხარეს ერთი სოფელი ჩაიმარხა, სოფელი ხახიეთი. 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მასა მოვიდა დინამიკაში.
სპეციალისტების, გეოლოგების, ჰიდროლოგების 6 ჯგუფია გასული სტიქიის ზონაში. მიმდინარეობს არამარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტული მონიტორინგი. ჩემი ინფორმაციით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტიქია, რომელიც მოხდა 3 აგვისტოს, სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან. ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს”, – აცხადებს გეოლოგი.