„სამყარო ბრმაა უჩემოდ. ის, ჩემი თვალებით იყურება“! – გზა ათენიდან სამშობლომდე, მელანქოლია და… სასიამოვნო შეხვედრა ორეულთან

თიანეთის რაიონის სოფელ წყაროთუბანში დაიბადა. საშუალო განათლება სოფელ ღულელებში მიიღო… დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი.
მუშაობდა მასწავლებლად თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლაში, პერიოდულად კორესპონდენტად თანამშრომლობდა გაზეთთან – „ახალი თიანეთი”; ამავე გაზეთში იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, ნოველები…
ერთხანს ცხოვრობდა საბერძნეთში, ათენში, სადაც განაგრძობდა შემოქმედებით მუშაობას.
ორი კრებულის ავტორია: „უსახელო მეტეორი“ (პოეზია) და „უცნაური ჭურჭელი“ (პოეზია-პროზა).
ამჟამად სამშობლოშია ცხოვრობს და მოღვაწეობს. წერს და თარგმნის ბერძნულ პოეზიას. – პოეტისა და მთარგმნელის, ნანა არაბულის პერსონა.

– დავიბადე წყაროთუბანში, თიანეთის რაიონის ერთ პატარა სოფელში, მთელ  სამყაროს რომ მოიცავს და სახელიც განსაკუთრებული ჰქვია. იგი გაშენებულია ტყის სიახლოვეს, ერწოს ქვაბულში.
ზეპირი გადმოცემის თანახმად, ადრე  ამ ქვაბულში ტბა მდგარა, რასაც ადასტურებდა ბავშვობაში  ჩემი თვალით ნანახი უამრავი ჭაობი, რომლებზეც სხვადასხვა მითს თხზავდნენ მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანები.
ახლა ეს ქვაბული დასახლებული და ამოდ საცქერია. მას აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, შუაზე ყოფს მდინარე აძეძი. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, გამოღმა ერწო ჰქვია და ღულელებიც აქ მოიაზრება. ეს მხარე ძირითადად ხევსურებით არის დასახლებული. გაღმა ერწო უფრო შერეულია.
ჩემს სოფელს  სამხრეთით აკრავს უზარმაზარი ტყე, სილამაზით განთქმულ საბადურის ტყეს რომ ეძახიან და ვისაც წელიწადის სხვადასხვა დროს, თბილისიდან თიანეთის მიმართულებით, ამ ტყის გავლით (განსაკუთრებით ზამთარში) უმოგზაურია, დამიჯერებთ, გაოცებული დარჩებოდა.
ადამიანები, როდესაც სურთ ვიღაცის თავხედური საქციელის ირონიულად შემკობა, ამბობენ: ტყეშია გაზრდილიო!
თავხედობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს გამოთქმა ჩემზეა ზედგამოჭრილი. პირდაპირი გაგებით, ტყეში ვარ გაზრდილი და, რა თქმა უნდა ამით, ვამაყობ კიდეც. მე ხომ მისგან ბევრი სიკეთე მაქვს ნასწავლი, თუმცა ადამიანების მსგავსად ანტაგონისტური დამოკიდებულება იქაც არის. შეხვალთ მის სიღრმეში და დაინახავთ მაღლა ატყორცნილ უზარმაზარ ხეებს, ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან მზესთან შესახვედრად. აი, ამაში კი  ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. მზე ჩემი სტიქიაა და ღმერთივით ვეთაყვანები ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ ჩემი წინაპრები. ტყესთან მეგობრობამ მასწავლა ფიქრი, ოცნება და ალბათ  ჩემი მწერლური მიმართულებაც განსაზღვრა.

შეხვედრა თიანეთში

– საშუალო სკოლა ღულელებში დაამთავრეთ… ის წლები, ბავშვობა, ოჯახი ალბათ სამუდამოდ დაგამახსოვრდათ…
– სოფელი ღულელები, გამოღმა ერწოს ცენტრია. სწორედ აქ ააშენეს კომუნისტებმა ერთადერთი საშუალო სკოლა, რომელთან მისასვლელადაც სხვადასხვა სოფლიდან კილომეტრების ფეხით გავლა გვიწევდა…
სკოლაში ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, მაგრამ მეცადინეობით დიდად არ ვიკლავდი თავს. ვეყრდნობოდი ჩემს უნიკალურ მეხსიერებას. სკოლიდან დაბრუნებული ძირითადად მხატვრული ლიტერატურის კითხვით ვიყავი დაკავებული. ქვეშ მედო ფიზიკის წიგნი და როდესაც ფეხის ხმას გავიგონებდი, უცებ ვცვლიდი. იმას, რასაც მართლა ვსწავლობდი. ეს იყო  ასტრონომია და, შესაბამისად, ასტრონომობაზე ვოცნებობდი.
სახლში მარტო ვიზრდებოდი. და-ძმა მყავდა, მაგრამ ჩემზე ბევრად უფროსები იყვნენ (18-ის და16-ის) და თბილისში სწავლობდნენ. ერთი წლისა რომ შევსრულდი, ჩემი და გათხოვდა. ძმამაც არ ისურვა სოფელში დაბრუნება.
ჩემს მშობლებს უკვე მოსწრებული შვილები ჰყავდათ და რაღად იფიქრებდნენ შვილის ყოლაზე. მაგრამ სამყარო უცნაურია. განგებას მათთვის სხვა რამე ეწადა. თურმე ამქვეყნად სტუმრობისთვის მე ვემზადებოდი და როცა ექიმს მიაკითხა, გვიანი იყო თითზე კბენანი…
თავისუფლად ვიზრდებოდი და, რომ იტყვიან, ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

პოეტ ბაღათერ არაბულთან ერთად

საუკეთესო მშობლები მყავდა. მათი ჩხუბი ერთხელაც არ გამიგონია და მჯეროდა, რომ ეს იყო ცხოვრების ნორმა…
მათ არ ჰქონდათ კლასიკური განათლება, მაგრამ მათში გენეტიკურად იყო ჩადებული ადამიანური ღირსება და ცხოვრების გამოცდილებამ დამანახვა,  რომ ღირსებას არც განათლება იძლევა და არც ფულზე იყიდება. ადამიანებად იბადებიან.
ჩემთვის ყველაფერი საინტერესო იყო, რასაც კი თვალი სწვდებოდა… საინტერესო იყო ყოველი დღის დაბადება, მზის ამოსვლით რომ იწყებოდა. საინტერესო იყო ტყის ხმების მოსმენა, საინტერესო იყო მდინარის ბუტბუტი, ღამეული სიჩუმე, მისი ულამაზესი ფერები…
საინტერესოა ყოველგვარი სიცოცხლე დედამიწაზე და საინტერესოა ადამიანი, ქვეყნიერების დიდი საოცრება, დაბოლოს, როგორც ერთ ლექსში ვამბობ:  „სამყარო ბრმაა უჩემოდ. ის, ჩემი თვალებით იყურება“!
–  პედაგოგობა მოწოდება იყო თუ სხვა ფაქტორმა განაპირობა?
– როგორც ყველა ახალგაზრდას, ბევრი ოცნება მქონდა. ვხატავდი. მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. მაგრამ ისეთი საგნები ბარდებოდა, სპეციალურ მომზადებას რომ მოითხოვდა. ოჯახის მდგომარეობა კი, ცუდად შემოტრიალდა და ეს საქმე არ გამოვიდა. ამაზე დღემდე ვწუხვარ და არასრულყოფილების გრძნობა მტანჯავს. სასწავლო წელი მეკარგებოდა. ამიტომ  მშობლებს შევთავაზე, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გავეშვი. მამაჩემს შეეშინდა. ეგონა, იქ რაღაც საშინელებები ხდებოდა და უარი მითხრა. თბილისამდე ჩასასვლელი ფულიც კი არ მომცა. პედაგოგობაზე არასოდეს მიოცნებია. მოხდა ისე, რომ ჩემთან მეზობელი სოფლიდან ნათესავი გოგონა მოვიდა, რომელიც გორის სართავ-საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდა. გადავწყვიტე, მას გავყოლოდი და მამას ჩუმად გავეპარე სახლიდან. როდესაც სტუდენტი გავხდი, მხოლოდ მერე დავბრუნდი სახლში. დედამ ეს ამბავი იცოდა. მამების ამბავი კი იცით… მან მაპატია, რადგან მიხვდა შეცდომას. კარგი მასწავლებელი დავდექი, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარდა. ისინი დღესაც ჩემი მეგობრები არიან და ეს დიდი ბედნიერებაა.
მოგვიანებით სწავლა განვაგრძე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ამავდროულად, ვმუშაობდი ჯერ კომკავშირის რაიკომში, შემდეგ ვიყავი წიგნის მოყვარულთა რაიონული კომიტეტის მდივანი. დამთავრებული მაქვს აზერბაიჯანის კომკავშირული სკოლა და თბილისის მარქსიზმ- ლენინიზმის უნივერსიტეტი. ვთანამშრომლობდი ადგილობრივ გაზეთთან. გარდა ლექსებისა და მოთხრობებისა ვწერდი პუბლიცისტურ წერილებსაც. უნდა განვაცხადო, რომ კომუნისტურ პარტიასთან მჭიდრო ურთიერთობამ ღრმად ჩამახედა იმ დანაშაულებრივ სისტემაში და მისდამი პროტესტი შეფარული ფორმით აისახებოდა ჩემს ნაწერებში.
–    პირველი ლექსები, ნოველა?
– მეექვსე კლასში დავწერე. „წიწკანა“ ერქვა და ეძღვნებოდა პატარა ჩიტუნას ტრაგიკულ ამბავს… შემდეგ ლექსები ვცადე.
– „სხეული სულის სასახლეა, რომლის სარკმლიდან ბევრჯერ ცრემლიანი თვალებით იყურები“…  – ანუ ტკივილი უფრო მეტი აქვს შემოქმედს?
– ვერ გეტყვით, ტკივილი უფრო მეტია თუ სიხარული, მაგრამ იმას, რასაც მივხვდი, ნამდვილ პოეტად სწორედ ტკივილი აყალიბებს ადამიანს. წვრთნის და ხვეწს სულს. ქალისთვის ტკივილის გამოხატულება წამწამებზე დაკიდებული ცრემლებია, სიტყვებად რომ იღვენთებიან.
– „ქვა-სამშობლო“, როგორ დაიწერა მოთხრობა „კოტიტელა“, საიდანაც ეს ნაწყვეტი გამოაქვეყნეთ… ნამდვილი ამბავი ხომ არ არის?
– რაღა არ ხდება ცხოვრებაში და ჩემს ბავშვობაში ჩვენთან მოდიოდა გლახაკივით ჩამოძონძილი, გაბურძგნული, წვერმოშვებული კაცი, რომელიც სახლში არ შემოდიოდა. ზამთარი იყო თუ ზაფხული, გარეთ იძინებდა ჩვენს ძაღლთან ერთად. საჭმელსაც გარეთ მიირთმევდა. დღისით კი იკარგებოდა. ხალხი გიჟს უწოდებდა, თუმცა მსგავსს არაფერს ამჟღავნებდა. მორიდებული იყო და წესიერი სიტყვა- პასუხი ჰქონდა. დარჩებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და მერე გაუჩინარდებოდა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ გავიგე, ვინ იყო ან ასეთი ცხოვრებით რატომ ცხოვრობდა. თურმე დიდხანს არ უცოცხლია. ვინმე ახალგაზრდა ქალის საფლავზე ენახათ მკვდარი.
რატომღაც დიოგენეს ცხოვრებას შევადარე. რაღაც მომენტები გამოვიყენე ჩემი მოთხრობისთვის. რაც შეეხება სახელს, ერთი ჩემი მეზობლის ზედმეტსახელია. მამაჩემმა შეარქვა დიდი თავის გამო. ეს მოთხრობა არ დამისრულებია. ჯერ კიდევ ძიებაში ვარ. ისე რომ, თუ მიიხედ-მოიხედავ, საწერი მასალა ბევრია.
– 21 წელი ემიგრაციაში იყავით საბერძნეთში. როგორ გაიხსენებთ იმ  წლებს, რა მოგცათ ახალი, როგორც შემოქმედს? შორიდან ალბათ სამშობლო სულ სხვანაირი ჩანს…. იმ ლექსებსაც, იქ დაწერილებს, სხვა შარმი ექნებათ…
– მძიმე წლები იყო ჩემთვის, რადგან ბავშვი მედარდებოდა, რომელიც ცხრა წლის ასაკში დავტოვე და მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შევძელი მისი ნახვა. ოჯახმა, რომელთანაც ვმუშაობდი, შვილის მიყვანაზე თანხმობა განმიცხადა და ამის შემდეგ ნელა -ნელა დალაგდა ჩემი ცხოვრება. შემდეგ ბინა დავიქირავე, რადგან ბავშვი სწავლობდა და საკუთარი კუთხე უნდოდა. დალაგებებზე ვმუშაობდი. ბევრი ოჯახი გავიცანი.  მათ შორის ერთ-ერთი ის ქალია, რომლის ლექსებსაც ვთარგმნი.
ყველა ოჯახი კარგია,  ყველა ადამიანში შეგიძლია იპოვო მისი სულის გასაღები შენი საქციელით, მათდამი კეთილგანწყობით, წრფელი ღიმილით. ასეთ შემთხვევაში ადვილად იციან ნდობა, შეჩვევა და პატივისცემა. ისინი ქვეყნის პატრიოტები არიან და როდესაც ამის საჭიროება დგება, ერთ მუშტად იკვრებიან.
მე მიყვარდა ეს ხალხი, მაგრამ გაორებული ვიყავი. ერთი დღითაც არ დამვიწყებია ჩემი სამშობლო. მქონდა ნოსტალგია, რომელიც ჩემს შემოქმედებაში მკვეთრად აისახა.
წელს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში  გაიმართა ღონისძიება,  რომელიც მიეძღვნა თქვენი წიგნების: უსახელო მეტეორიდა უცნაური ჭურჭელიწარდგენაგანხილვას... რა განცდა გქონდათ, როდესაც სამშობლოში დაბრუნებულს  თქვენი რაიონი მოგეფერათ?
– ჩემთვის  დიდი ბედნიერება იყო საკუთარ ხალხთან ამდენი ხნის შემდეგ კვლავ შეხვედრა  და საკუთარი შემოქმედების გაცნობა იმავე სცენიდან, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ვცეკვავდი, ვმღეროდი, ღონისძიებების ინიციატორი ვიყავი. ვიყავი ხან წამყვანი, ხან დეკლამატორი. რაიონის ხელმძღვანელობა ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული და ყველა ცდილობდა დახმარებას. თქვენი საშუალებითაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს, არაჩვეულებრივ ადამიანს, ბატონ ლევან წიკლაურს!

შეხვედრა თიანეთში

–  ადამიანი, ცა და მიწა – სამებაა! ამბობთ ერთ ლექსში: ჩემო ცაო და საძვალე მიწავ! /ჩვენ ერთად ვსუნთქავთ,/ როგორც სამება და/ მე ვარ ხიდი,/ თქვენს შორის გადებული/ დიდი სიყვარულის ნიშნად!/
როგორ დაიწერა ეს ლექსი?
– ეს ლექსი ეძღვნება  სამებას, რომელიც ადამიანში არსებობს. ადამიანი რომ არ იყოს, არც ღმერთი არ იქნებოდა. ამიტომ ვარ ხიდი, ცასა და მიწას შორის გადებული, ეს დიდი სიყვარულია… მის შექმნაზე კი რა გითხრათ. როდესაც ფიქრობ ასეთ რამეებზე, მერე სიტყვები თავისთავად მოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ წუთში ღმერთია შენში.
–  ტკივილი და სიხარული? თქვენ რომელი ემოცია გაწერინებთ ლექსს ან ნოველას? რომელიმე ნაწარმოების დაწერის რაიმე საინტერესო ამბავი გვიამბეთ…
– ჩემი ნაწარმოებების  უმეტესი ნაწილი ტკივილის, მელანქოლიის და ნოსტალგიის შედეგად იწერებოდა, მაგრამ რადგან ცხოვრება ორსახოვანია და ერთნაირი დოზით გვაძლევს ტკივილსაც და სიხარულსაც, ნაწარმოების შექმნისას ორივე გრძნობა უნდა იქნეს გამოყენებული. სხვანაირად მოსაწყენი იქნება. ადამიანებს არ უყვართ გამუდმებით ტკივილების მოსმენა. შენგან იმედიც უნდა მიიღონ და რაღაც  ახალიც ისწავლონ.
ზევით, ერთ-ერთი შეკითხვის პასუხში ვახსენე მოთხრობა „წიწკანა”, რომელიც ნამდვილ ამბავს ეხება და მეექვსე კლასში ყოფნისას შემემთხვა. სახლში მიმავალმა ვიპოვე ფრთამოტეხილი, სასიკვდილოდ განწირული ჩიტი. ჩემი მშობლების დახმარებით შევძელი მისი გადარჩენა. აქ  აღწერილია ჩვენი დიდი სიხარული და ჩიტუნას ბედნიერება ჩვენთან ყოფნით, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ვერაგია წუთისოფელი .ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა,  რაშიც დღემდე საკუთარ თავს ვადანაშაულებ
– თქვენი სალექსო ფორმა ვერლიბრია…
– არ ვიცი, ეს როგორ მოხდა! აღარ მახსოვს, რომელ კლასში ვისწავლეთ გრიგოლ ორბელიანის „მუშა”. უცნაური ფორმით იყო დაწერილი. ძალიან მომეწონა. პედაგოგმა გვითხრა, რომ არსებობდა ლექსის წერის თავისუფალი ფორმა, რომელიც  დამკვიდრებული იყო დასავლურ ქვეყნებში და ფეხს იკიდებდა ჩვენთანაც. მაგალითად მოჰყავდა გალაკტიონი… რითმიანი ლექსებიც მაქვს.  არ დაიწუნება!
– ერთხანს საბერძნეთში, ათენში, ცხოვრობდით. თარგმნით ბერძნულ პოეზიას… რომელი პოეტები თარგმნეთ და კიდევ ვის თარგმნას აპირებთ? რა თემებზე წერენ თანამედროვე ბერძენი პოეტები?
–  საბერძნეთში დიდხანს ვიცხოვრე. ამ ხალხმა ბევრი უბედურება გადაიტანა: დაპყრობითი ომები, შიმშილი, გაჭირვება. მიცვალებულები თურმე ქუჩებში ეყარა. დიდი ხანი არ არის, რაც წელში გაიმართნენ. იმ ყველაფერმა ასახვა პოვა მათ შემოქმედებაში. წერენ  სამშობლოზე, სიყვარულზე, სამყაროზე, ადამიანებზე, სულიერ სამყაროზე.
მათი სალექსო ფორმა ძირითადად ვერლიბრია. ჰყავთ ორი ნობელიანტი პოეტი. ერთ-ერთი არის ოდისეას ელიტისი, რომლის რამდენიმე ლექსი ვთარგმნე  და მომავალშიც მინდა გავაგრძელო. თარგმნილი მაქვს ჩემი მეგობრის ელენი ილიოპულუ- ზახაროპულუს ლექსები, რომლებიც ახლოსაა ჩემს სულიერ სამყაროსთან და ვაგრძელებ მათ თარგმნას. ვთარგმნი ბერძნების საყვარელ პოეტ ქალბატონს, კატერინა ანგელაკი რუკეს, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა  და გაცნობა ვერ მოვასწარი. ვთარგმნე მიხალის  განასი, ტაკის მიხოპულოსი, კოსტას კარიოტაკისი. ერთი სიტყვით, მოსინჯული მყავს ძველი და ახალი პოეტები. ყველაზე ძნელი სათარგმნი აღმოჩნდა მიხალის განასი. ძნელია მის სამყაროში შეღწევა…
–  თქვენი ერთი ლექსი…
– ლექსს, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, შეიქმნა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. იგი ასახავს ჩემს წარმომავლობას, აქედან გადახვეწის მიზეზს, დაბოლოს, ისევ საკუთარ ორეულთან დაბრუნებას…

  შეხვედრა

სარკის მიღმა მოკეკლუცე ხევსურის ქალა,
ჩემს მიხვრა- მოხვრას ოსტატურად იმეორებდა და
თოჯინების თეატრის პერსონაჟივით,
ჩემნაირად ივარცხნიდა ქარვისფერ დალალს.
მე მაშინ, მთელ სამყაროს ვუმღეროდი…
მეგობრად მყავდა ასტეროიდი და
მანათობელ მარგალიტებს მჩუქნიდა
სიბნელის გასაფანტად.
მიწაზე კი, ისე ბნელოდა…
მარგალიტებს ღორების კოლტი
ფარეხშივე ინელებდა და
ნეხვთან ერთად გარეთ გამოჰქონდა.
მერე მე, ნეხვიდან ამომქონდა…
ვწმენდდი, ვაპრიალებდი,
ცეცხლად ვაპრიალებდი და
ისინიც ენთებოდნენ რწმენის ბორჯღალებად.
სარკის ქალა კი, უჰაეროდ დარჩენილი
ოქროს თევზივით,
მხოლოდ პირს აღებდა და
ქვეყანაზე რა ხდებოდა არ ანაღვლებდ
მას ჩემსავით არ ჰქონდა ფრთები…
მისტიკურ გალიაში იყო გამოკეტილი და
ნარცისივით საკუთარ თავს ეტრფოდა…
მერე, მოვწყდი ტრაექტორიას…
ჰორიზონტს გავყევი კაბა რომ მეყიდა…
სარკის მიღმა დალექილი ჩემი წარსული,
პალიმფსესტივით გაირინდა და
დიდხანს მელოდა…

ახლა?!
ახლა, სარკის მიღმა უცხო ქალი ზის,
აღარც გრაცია, აღარც არაფერი აცხია
მაშინდელი სილამაზის…
დროს მისთვის დროულის
ნიღაბი ჩამოუცვია და დამსგავსებია
ღამეულ აჩრდილს.
ვზივართ პირისპირ გაშეშებულნი,
თიხის სტატუებივით გაუხეშებულნი და
ქვეყნიურ ამაოებაზე უჩუმრად ვიცით.
უცებ, გეგონება საიდანღაც გაიგონაო
უცხო შეგონება, ქალის თვალებში
შეირხა მოგონება…

თურმე ნუ იტყვით, ის პატარა ხევსურის ქალა, სარკიდან უკვალოდ რომ გამქრალა,
ჩემთან ერთად ერკინებოდა საუკუნეთა ქარბორბალა…
ზურგის ქარით უკან მაბრუნებდა,
მაიძულებდა დავბრუნდებოდი საკუთარ ფესვებს.
ახლა კი მაქეზებს –  დავწაწლდე ლურჯ ფერს და თვალი ვუსწორო წუთისოფლის
ღვთიურ განაწესს.
ეგებ ვისწავლო, დედამიწაზე რა უნდა გაქრეს, ან რა გადარჩეს.

ჩემო თიხის სტატიავ, გამარჯობა!
მინდა შევიტყო, შენ როგორ მხედავ?
ის პალიმფსესტი ხომ მე ვიყავი და
თუ გადამფხეკავ, დაინახავ, მე ვარ სამყარო,
მარადიულ სიყვარულს რომ ინახავს!

– როგორ იწერება ლექსი, შთაგონებას რა გაძლევთ?
უცებ  წაკითხულიდან და მოსმენილიდან რაღაც ფრაზა  გულს მოხვდება და უკვე ვიცი, რაც უნდა დავწერო. მერე ყველაფერი თავისთავად ხდება და მიკვირს ეს ყველაფერი. მგონია, რომ იმ წუთში  ჩემში სხვა ვიღაცა ზის…
– ჰობი…
ჩემი ჰობი ცეკვაა. ისევ გული მერჩის. მუსიკის გაგონებაზე ფეხები მოძრაობას იწყებენ. ჩემს დროს  ასეთი გამოთქმა არსებობდა: მაგას, თავში ფეხები აქვსო!
– რამდენიმე კრებულის ავტორი ხართ. რაზე მუშაობთ ამჟამად?
– გამოსაცემად ვამზადებ პროზაულ ნაწარმოებებს, სადაც საბავშვო მოთხრობებიც შევა. მაქვს ორი დიდი ზღაპარი, რომელთა ცალკე წიგნად გამოცემა შეიძლება და შემდეგ,  ვნახოთ…
ბერძნებს ასეთი გამოთქმა აქვთ: ღმერთის ნებაა ყველაფერი.

 

                                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები