ბათუმიდან დანახული ქვეყანა და იდეა, რომლის მიხედვითაც ზურაბ გორგილაძის რჩეულის გადაწერა დაიწყო

დაიბადა მაღალმთიან ხულოს რაიონში. მომავალ პროფესიად ფილოლოგობა აირჩია და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე  განაგრძო სწავლა.
პედაგოგიური პროფესიის ხიბლს ხულოს რაიონის სოფელ რაქვთის საშუალო სკოლაში ეზიარა, სადაც დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ ქობულეთის რაიონის ჩაქვის 3 სკოლაში განაგრძო მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურაში, მუშაობდა ბათუმის დამოუკიდებელი პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორად აღმზრდელობით დარგში.
ეწევა ჟურნალისტურ და მწერლურ მოღვაწეობას, არის ჟურნალ „ქედას“ პასუხისმგებელი მდივანი. წერს ლექსებსა და მოთხრობებს.
სამი კრებულის ავტორია. 2023 წელს  საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირის წევრად მიიღეს.
იდეის ავტორია პროექტისა – „საქართველო წერს ზურაბ გორგილაძის რჩეულს“.
დაჯილდოებულია აჭარის პედაგოგთა ასოციაციის, ქობულეთის რაიონის განათლების განყოფილების, საქართველოს პედაგოგთა კავშირის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის საპატიო სიგელებით, მადლობებით. – პედაგოგის და მწერლის, თამარ ხოზრევანიძის პერსონა.

 –  დაიბადეთ მაღალმთიან ხულოს რაიონში… როდის დაიყეთ წერა?

დიდი ოჯახი…

– ულამაზეს ხულოს რაიონში ჩაიარა ჩემმა ბავშვობამ. მამა წლების განმავლობაში სკოლის დირექტორი იყო, დედა – დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელი.
დიდი ტრადიციული  ოჯახი გვქონდა, ბებია-ბაბუა და ექვსი შვილი ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით ვიზრდებოდით.
მამაჩემი პატარა შვილი იყო, ტრადიციების თანახმად, მშობლები პატარა შვილთან  ცხოვრობდნენ. ჩვენ ათნი ვიყავით, ბიძაშვილ-მამიდაშვილები მუდამ ჩვენთან იყვნენ,  ჩვენს ოჯახს ხუმრობით „შტაბს” უწოდებდნენ, მუდამ სტუმარი გვყავდა, ასე, ხალხმრავლობაში, ნათესავების გარემოცვაში, სიყვარულით და სითბოთი ვიზრდებოდი.
ბევრი რამ იყო საინტერესო, სულ მაინტერესებდა, ბებიაჩემმა, რომელსაც სკოლაში არ უსწავლია, იმ დროს მთაში ჩვენთან სკოლა არ იყო, საიდან იცოდა ამდენი რამე, ცნობილი ექიმბაში იყო.
ზაფხულში, მთაში ყოფნისას, უამრავი სახეობის ბალახს ვაგროვებდით.ზამთარში, როცა თოვლის მძიმე, ცივი საბანი გადაეფარებოდა ხულოს, ჩვენთან, „სამშობლოში”, მოდიოდნენ მამიკოს მამიდები, ბიძაშვილები. ბავშვობის ლამაზი წლებიდან ბევრი რამ იყო საინტერესო…
ღრმა ბავშვობიდან არა, მაგრამ ყმაწვილქალობაში უკვე ვწერდი, სამწუხაროდ, სამზეოზე არ გამომქონდა, ვფიქრობდი: შოთას, ილიას, ვაჟას, აკაკის, გალას ქვეყანაში ჩემი ნაწერებით ვინ დაინტერესდება-მეთქი:  ჩემს გულის წუხილს ვანდობდი ფურცლებს…
„არ მინდა ჩემით ვინმე დავღალო,
ყველას თავისი აქვს საწუხარი,
შენ  დაგვიფარე, ღმერთო, მაღალო”…
1991 წელს უბედურმა შემთხვევამ სახლი დამიწვა და ყველა ნაწერი და ბავშვობის კვალი გააცამტვერა, რასაც დღემდე მტკივნეულად განვიცდი.
–  ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ  მუშაობდით ხულოს რაიონის სოფელ რაქვთის საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად, შემდეგ კი – ქობულეთის რაიონში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად…
 ბავშვობიდან იურიდიული მინდოდა, ოჯახში მითხრეს, იურიდიული ქალისთვის სასურველი არ არის, მასწავლებლობა უკეთესია, შუადღის მერე სახლში იქნები, ოჯახს მიხედავო… ასე მოვხვდი ფილოლოგიურზე.
პედაგოგიური ნათლობა ხულოს რაიონის რაქვთის საშუალო სკოლაში მივიღე.  ჩემი აზრით, საზოგადოების განვითარებაში წამყვანი როლი ორ პროფესიას აკისრია – მასწავლებელს და ექიმს, ერთი სულიერად, მეორე ფიზიკურად ზრდის ადამიანს. სრულყოფილი, ჯანსაღი ადამიანი ჯანსაღი საზოგადოებაა. სამყაროს კი სრულყოფილი და ზნემაღალი ადამიანები ალამაზებენ.
რამდენიმე თვეს ვიმუშავე რაქვთაში, შემდეგ კი ქობულეთში, ჩაქვში გადავედი. ჩაქვის მესამე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად 13 წელი ვიმუშავე, ბოლო რვა წელი – დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობითი მუშაობის დარგში.
–  როგორ მიიღეს ბავშვებმა თქვენ მიერ შემოღებული „პოეზიის ხუთი წუთი“?
– სკოლაში მუშაობის პერიოდში ვცდილობდი სიახლეების დანერგვას, „პოეზიის ხუთი წუთის“ დროს რომელი მწერლის შემოქმედებასაც ვსწავლობდით, მოსწავლეებს პარალელურად უნდა მოეძიათ კლასგარეშე ლიტერატურიდან ამ მწერლის ან პოეტის მისთვის სასურველი  ლექსი და დაეზეპირებინათ. ამით ვიგებდი ბავშვის გემოვნებას. ეს ბავშვებს მოსწონდათ და ბევრი კარგი ლექსიც ისწავლეს: გალაკტიონის „მერი”, „უსიყვარულოდ“, ლექსები ფოლკლორიდან… ეს მახარებდა…
– დაამთავრეთ ასპირანტურა, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორად მუშაობდით.  მრავალი საინტერესო საღამო გამართეთ. ..

დედ-მამა

– 40 წლის ვიყავი, ასპირანტურაში რომ ჩავაბარე.. ახალგაზრდობაში, პირველ კურსზე, პირველი შვილი გამიჩნდა, მეხუთეზე – მეორე… დამხმარე არავინ მყოლია, ბევრი პრობლემა დამიგროვდა…
ინსტიტუტში და სკოლაშიც ხშირად ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვატარებდი, მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი… ერთი კია, განსაკუთრებით სკოლის ღონისძიებების გამართლება და მიზანი  ის იყო, რომ  თუ ბავშვი წლის განმავლობაში გაკვეთილს არ მოჰყვებოდა და ღონისძიებაზე აქტიურობით გამოირჩეოდა, გრძელ ლექსსაც ისწავლიდა, კარგად შეასრულებდა, რაც ახალი ღონისძიების სტიმულატორი იყო.
– აქტიურად ეწევით ჟურნალისტურ და მწერლურ მოღვაწეობას. ჟურნალ „ქედას“ პასუხისმგებელი ხართ. დიდი ტრადიციის გაზეთი გადაკეთდა ჟურნალად.  რას იტყვით ჟურნალზე, რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოსვლა ქედაში?
– აქტიურობის რა მოგახსენო, ვცდილობ, როცა დრო მექნება, ღვთის წყალობით, შვილები და შვილიშვილები დავზარდე, ყველას თავისი საქმე აქვს. საკუთარი შესაძლებლობების გამოვიყენო და რაიმე ღირებული თუ არა, „მემუარები” მაინც დავწერო, დარწმუნებული ვარ, მკითხველი მაინც გამოჩნდება.
დიდი ტრადიციის მქონე გაზეთი „ქედა” გადაკეთდა ჟურნალად, მისაღები აღმოჩნდა მკითხველისთვის, მოთხოვნილებაც იყო და მოწონება და კარგი რეცენზიები, მაგრამ ჟურნალი თვითდაფინანსებით გამოდიოდა, რაც არც ისე ადვილია. ამიტომ დროებით შეჩერებულია…
ჟურნალ „მამულიშვილის“ რამდენიმე ნომერი დაიბეჭდა, ახლა ახალ ნომერზე ვმუშაობთ, კეთილსინდისიერი სპონსორი გვყავს. მადლობა ბატონ გოჩა ირემაძეს, მისი დაფინანსებით იბეჭდება ჟურნალი „მამულიშვილი”.
მოგეხსენებათ, როცა ჟურნალი თვითდაფინანსებით იბეჭდება, რამდენი სირთულე იქმნება.
– ვისი შემოქმედება იბეჭდება ჟურნალში?
– ვბეჭდავთ ყველას, ძველ და ახალ კალმოსნებს… გამორჩეულებიც გვყავს: გორგილაძე, ხალვაში, ჯაყელი, მალაზონია და სხვები, მწერალს მაინც დრო გამოარჩევს, ჟურნალისტის ვალია, დაბეჭდოს და საზოგადოებას გააცნოს…
– სამი კრებულის ავტორი ხართ… ლექსების და პროზაული თხზულებების…  როგორ დაიწერა „კორონაგამოვლილნი“…
– კორონა მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა იყო, მინდოდა ამ დიდ ტკივილზე დამეწერა, რაღაც კარგი დამენახა. ამ დიდი განსაცდელის დროსაც კი ადამიანებმა უფრო დააფასეს ადამიანური ურთიერთობები, თანადგომა და სიყვარული მარადიული თემაა, მომაკვდავმა თომამ თავისთვის განკუთვნილი წამლები საყვარელ ქალს მანოს დაუთმო… უფლის წყალობით, ორივე გადარჩა, საქართველოც გაერთიანდა, ემიგრანტებიც დაბრუნდნენ, თომა და მანოც დანათესავდნენ, სიყვარულს ყველაფერი შეუძლია, თომას და მანოს სიყვარული ოთხი ათეული წელი გრძელდებოდა, ვერაფერმა დაამარცხა და სიყვარულმა გააერთიანა დაშლილი ქვეყანა…
– პროექტის „საქართველო წერს ზურაბ გორგილაძის რჩეულს“ – იდეის ავტორი ხართ…
–  აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირმა, და, განსაკუთრებით, გოჩა ირემაძემ, მხარი დამიჭირეს… 6 ივლისს პროექტი წარვადგინეთ გორგილაძის სახლ-მუზეუმში, გვყავდა სტუმრები: თურქეთიდან, სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი თურქეთელი ქართველი – ორჰან ბერიძე, ქუთაისის კოლორიტი, ცნობილი ექიმი, პოეტი,ზურაბ გორგილაძის პოეზიის მცოდნე და მოყვარული მერაბ კვიცარიძე. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. გორგილაძის რჩეულის გადაწერაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა.
პროექტის მიზანია სახალხო პოეტის, ზურაბ გორგილაძის პოპულარიზაცია, დღეს, ინტერნეტიზაციის ხანაში, ხელნაწერი დაიკარგა. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ყველა ბათუმელი, ყველა დაინტერესებული სტუმარი, და რაც მთავარია, აჭარის მამულიშვილთა კავშირის არქივს მათი ხელნაწერები დაგვრჩება.
–  რაზე მუშაობთ ამჟამად?
– ვმუშაობ ჩემი  გვარის ისტორიის შესწავლაზე.
– თქვენს სასტუმროს „მეთა“ ჰქვია… როგორ ხვდებით სეზონს?
„მეთა” – მერაბის და თამრიკოს სახელების პირველი მარცვლების ნაერთია. ჩვენი სასტუმრო  ძველ ბათუმშია და ვცდილობთ, სტუმრებს, ტრადიციულად, ღირსეულად დავხვდეთ. ჩვენ ერთობლივად ავაშენეთ, ვცდილობდით, მყუდრო მოსასვენებელი კუთხე შეგვექმნა ბათუმის ცენტრში.
სეზონს ყოველთვის, შესაძლებლობების მიხედვით, მომზადებული ვხვდებით. ვცვლით ინვენტარს, რაღაც სიახლეებს ვნერგავთ და სხვა.
–   ბათუმი…  რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– ბათუმი ულამაზესი ევროპული და ქართული ტრადიციების ნაზავი ქალაქია.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უმისამართო, არაკანონზომიერ განაშენიანებას შევაჩერებდი, რომელიც  ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ვფიქრობ, პირველ ზოლში ამხელა მრავალსართულიანი შენობები გაუმართლებელია, ზღვის ჰაერს აკავებს, ქალაქი ცუდად ნიავდება და ჭაობის დასახლებაში სუნთქვა ჭირს. ქალაქი ისე უნდა შენდებოდეს და ვითარდებოდეს, რომ არავინ ზარალდებოდეს.
– ჰობი…
– ჭადრაკის თამაში…
– ოჯახი… მერაბ ბერიძესთან ერთად აღზარდეთ ქალ-ვაჟი…
– სამწუხაროდ, ძალიან კარგი მეუღლე, მერაბ ბერიძე, 2018 წელს  გარდამეცვალა და ცხოვრების შუა გზაზე  ცალუღელა დავრჩი, მაგრამ, უფლის წყალობით, არაჩვეულებრივი შვილები და შვილიშვილები მყავს, რომლებიც ცხოვრებას მიადვილებენ.
– სამომავლო გეგმები…
– ისევე როგორც  ყველა ქართველის ოცნება, მომავლის გეგმა და სურვილი სამშობლოს გაერთიანება და გაძლიერებაა, მეც  ამ იმედით ვიძინებ და ვიღვიძებ, ვლოცულობ საქართველოს  გამთლიანებისთვის  და ემიგრანტების დაბრუნებისთვის.
მე ერთ რიგით მოკვდავს ექვსი ემიგრანტი მყავს,  გავცქერი ზღვას და საქართველოს  ცას, დაგვიბრუნდნენ ჩვენი ემიგრანტები… უფალო, გვაღირსე ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო, საიდანაც ახალგაზრდობა და ქვეყნის ყველაზე  დიდი ძალა, ჭკვიანი გონი გაქცევას არ ლამობდეს…
საუბარს ჩემი ლექსის სტრიქონებით დავამთავრებდი:
„იბერიის გაბრწყინება,
მხოლოდ ოცნება არ იყოს,
ემიგრანტი  ბრუნდებოდეს,
ბავშვი ობოლი არ იყოს.
კურთხეული საქართველო,
უფსკრულისკენ არ იყოს!
აღსდექ, ერო, გამთლიანდი,
ჩვენი თავი ჩვენ „გვეყუდნოს”…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები