წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებულმა 19-მა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებულმა 19-მა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო. ამის შესახებ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მაია კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პედაგოგების სამივე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, დასაქმებულთა აღდგენა სამსახურში და სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება.

„მოვიგეთ! ვულოცავ წალენჯიხის საბავშვო ბაღების უკანონოდ გათავისუფლებულებს სამართლიანობის აღდგენას!

ვულოცავ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ამ დიდ გამარჯვებას, 19 დასაქმებულის უფლებების აღდგენას!

დიდი მადლობა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს გვანცა ვარდანიძეს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!

სამივე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა:

  1. გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა;
  2. დასაქმებულთა აღდგენა სამსახურში;
  3. სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება“, – წერს მაია კობახიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, წალენჯიხის მერმა, ოპოზიციონერმა გიორგი ხარჩილავამ საბავშვო ბაღის ააიპის თანამშრომლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულები დაახლოებით ერთი წლის წინ გაათავისუფლა.

როგორც ბაღების თანამშრომლებს დახურულ თათბირზე განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ბავშვთა კვებისთვის საჭირო თანხების სიმცირე იყო. ბაღების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები