სამხრეთ კორეაში, ქალაქ ჩხონჯუში გვირაბიდან, რომელიც ძლიერი წვიმის და მეწყერის შედეგად დაიტბორა, 13 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, წვიმების შედეგად, მდინარე ადიდდა და გვირაბში 15-მდე ავტომობილი ჩარჩა, მათ შორის ერთი ავტობუსია.
გვირაბში 900-მდე მაშველი გაგზავნეს, ამ დრომდე უცნობია – რამდენი ადამიანია დაკარგული.
მანამდე, ცნობილი იყო, რომ გადაუღებელი წვიმების შედეგად უკვე 40 ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძლიერი წვიმებთან დაკავშირებული გაფრთხილება ისევ მოქმედებს.
გასულ კვირას 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. სამხრეთ კორეის შსს-ს და უშიშროების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა ან განადგურდა თითქმის 200 სახლი და, დაახლოებით, 150 გზა, ხოლო 28 607 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ყველაზე დიდი ზიანი სამხრეთ კორეის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს მიადგა.