გომში შაკო ბარამიძის და მიშო ნიკურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების, შაკო ბარამიძის და მიშო ნიკურაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასპარეზობა გიორგი კობრავას და იაგო ონიანის ინიციატივით, გომის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
„ტურნირში ექვსი გუნდი იღებდა მონაწილეობას, ფინალი დღეს, 13 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების დაბადების დღეს გაიმართა.
წყალიპირისა და გომნატეხების გუნდების ფინალურ დაპირისპირებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ფინალური მატჩი გომნატეხების გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ტურნირში მონაწილე გუნდებს ახალგაზრდა თანასოფლელების ხსოვნისადმი პატივის მიგებისა და დაფასებისთვის, მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა.
ერთ-ერთი მონაწილე აკაკი ნადირაძეს ხატი უსახსოვრა შაკო ბარამიძის დედამ შორენა ბარამიძემ.
საპრიზო ადგილოსან გუნდებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდოები გადაეცათ“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.