ადვოკატი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაჩიაშვილის უცხოელმა ადვოკატმა ან არ იცის საქმის მასალები, ან იტყუება
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ [გიორგი ბაჩიაშვილის] უცხოელმა ადვოკატმა ან არ იცის საქმის მასალები, ან იტყუება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება ბრალდებულის ქართველ ადვოკატს, ის უშუალოდ ადგილზეა საქმეში ჩართული და მტკიცებულებებით გამყარებულ ჭეშმარიტებას ვერ გაექცეოდა, რის გამოც ამის აღიარება მოუწია.
„თავიდან ბატონი ბაჩიაშვილის მიმართ არავითარი კითხვები არ არსებობდა. როდესაც ის მივიდა ბატონ ბიძინა ვანიშვილთან და განუცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟაზე იყო არასტაბილური ვითარება, იგი დაეთანხმა მას, რომ მოპოვებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით დაფარულიყო კრედიტი, ანუ ის ინვესტიცია, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ კრედიტის სახით გაიცა. ამას ორი საფუძველი ჰქონდა: ერთი ის რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მაღალი ნდობა ჰქონდა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ და მეორეს მხრივ თავადვე ჰქონდა გაცნობიერებული, რომ უაღრესად რისკიან საქმეში ჰქონდა განხორციელებული ინვესტიცია. სწორედ ამიტომ ეს საკითხი ამით დაიხურა, თუმცა მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტზე, ვგულისხმობ მტკვარი ჰესს გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. თავდაპირველი საინვესტიციო თანხა განისაზღვრა 130 მლნ დოლარით, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საჭირო იყო დამატებით კიდევ 100 მლნ დოლარი, სამწუხაროდ პროექტი დღემდე არ არის დასრულებული. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, ჩემმა მარწმუნებელმა მოგვიანებით რევიზია ჩაატარა მათ შორის ბიტკოინებთან დაკავშირებული საკითხის.
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ უცხოელმა ადვოკატმა ან არ იცის საქმის მასალები, ან იტყუება. რაც შეეხება ქართველ ადვოკატს, ის უშუალოდ ადგილზეა საქმეში ჩართული და ვერ გაექცეოდა მტკიცებულებებით გამყარებულ ჭეშმარიტებას და მოუწია ამის აღიარება. საქმეში ბიძინა ივანიშვილის მიერ კრედიტის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარმოდგენილია სხვადასხვა მტკიცებულება. უცხოელი ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ერთადერთი მტკიცებულებაა სესხის ხელშეკრულების სახით. ეს ტყუილია, რადგან საქმეში სხვა ბევრი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ამ უცხოელი ადვოკატის ლოგიკასაც რომ გავყვეთ სესხის გაცემის დროს, ბაჩიაშვილი სესხის ამღებ კომპანიის სტრუქტურაში საერთოდ არ მონაწილეობდა, არ იყო ამ კომპანიის არც პარტნიორი, არც დირექტორი, შესაბამისად, რა ვქნათ რა განვაცხადოთ, რომ სესხის გაცემის დროს ვინც იყო ნომინალურად დასახელებული ამ კომპანიის პარტნიორად და დირექტორად, ეს პირები ჩავთვალოთ ინვესტორებად? ეს ხომ აბსურდული ლოგიკაა. ამიტომ, როდესაც ამბობს რომ სესხის ხელშეკრულებით მტკიცდება ინვესტირების ფაქტი, ეს არის საფუძველშივე ტყუილი. მეორეს მხრივ, ეს იყო სტარტაპ კომპანია, რომელსაც ინვესტირების გამოცდილება არ ჰქონია და ბანკ ქართუში არ იყო არცერთი პრეცედენტი იმისა, რომ სტარტაპ კომპანიას რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული მისთვის უზრუნველყოფის გარეშე სესხი მიეცათ, ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ინვესტირების განხორციელების მიზნებისთვის გაიცა ეს სესხი. ამავდროულად ივანიშვილი სესხის გაცემის მომენტში წარმოადგენდა ამ ბანკის საბოლოო ბენეფიციარს. ბაჩიაშვილმა არც ფული არ მოიტანა, არც უზრუნველყოფა, ხელშეკრულების გაფორმების დროს არ მონაწილეობდა სესხის ამღები კომპანიის სტრუქტურაში და მისი ადვოკატები ამტკიცებენ რომ ის არის ინვესტორი“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.