თეიმურაზ წიქვაძე: დღემდე ვერავინ მიაკვლია ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – დაცვის მხარე განიცდის მისი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებების მწვავე დეფიციტს
დღემდე ვერავინ მიაკვლია ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს – ვერც Facebook-ზე ვერც Instagram-ზე, როგორც ამას უცხოელი ადვოკატი, ბატონი ამსტერდამი აცხადებს. არსად არის ეს განცხადებები. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – დაცვის მხარე განიცდის მისი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებების მწვავე დეფიციტს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილი მის დაცვის ქვეშ მყოფს დაემუქრა.
„მუქარას რაც შეეხება, არ ვიცი რა მტკიცებულებები შეიძლება ჰქონდეს ამის, მაგრამ ჩვენს წერილში ესეც დავაფიქსირეთ, რომ როდესაც ბაჩიაშვილის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებები გამოიკვეთა და გაჩნდა ეჭვები, ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა მასთან კომუნიკაცია და განუცხადა, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხის გაცემა და აქ დასამალი არაფერია. ეს არც უნდა აღიქვან მუქარად. თუ რამე აქვთ, წარმოადგინონ“, – განაცხადა წიქვაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.