ახმეტის რაიონის სოფელ ხორხელში დაიბადა. დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი. მუშაობდა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის საჯარო სკოლაში. 16-წლიანი პედაგოგიური მუშაობის შემდეგ, უსამსახუროდ და საყვარელი საქმის გარეშე დარჩა, რამაც განაპირობა, რომ ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში წასულიყო.
წერს ლექსებს, ჩანახატებს. ორი წიგნი ავტორია: „მე დავბრუნდები” და „წინაპართა მიწა”. ამჟამად წერასთან ერთად ლენტებით ქარგვაც დაიწყო.
ემიგრაციის პერიოდში პორტალ „ქართული კვირის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „წერილები გზიდან” გაიმარჯვა.
ამბობს, რომ ლექსებს ბავშვობიდან წერს და ემიგრაციაში ეს იყო მისი სულისა და სიცოცხლის გადარჩენა. – მაია დედაბრიშვილის პერსონა.
– ახმეტის რაიონის სოფელ ხორხელში დაიბადეთ…
– დავიბადე და გავიზარდე კარგ ქართულ ტრადიციულ ოჯახში. მშრომელ, პატიოსან, უღალატო, საიმედო ადამიანებში.
პატრიოტი პაპა-ბებიები და მშობლები მყავდა. პაპა გრიშა გეგელაძე ბრძენი ადამიანი იყო ენციკლოპედიური ცოდნით. მისი ხელი უამრავ ხელობას ემსახურებოდა. ჩვენი ოჯახი სოფელში ყველასგან პატივისცემას იმსახურებდა. ოჯახმა და სოფელმა ხორხელმა ერთად გამომზარდეს, სრულფასოვანი აზროვნებით და ცხოვრების ჯანსაღი წესით. ხორხელმა მაქცია ადამიანად, რამეთუ ჩემს სოფელში მრავალი წარმატებული და სამაგალითო ადამიანი ცხოვრობდა. არსებული საზოგადოება კი დიდად განსაზღვრავდა ჩემი და სოფლის ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებას.
ბავშვობა ლაღი მქონდა. მართალია, არავინ მანებივრებდა, მაგრამ ყველა მმატებდა სულიერ ძალებს, ცოდნას, მხარდაჭერას, სტიმულს მაძლევდნენ. ყველას უანგაროდ ვუყვარდი და ზრუნავდნენ ჩემზე. მასწავლეს და მაჩვენეს ადამიანობის უდიდესი მაგალითი. ვალდებული ვიყავი, იგივე გადამეცა სხვისთვის, რამეთუ ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებდი გარშემომყოფებისთვის.
ბავშობიდან მიყვარდა წიგნის კითხვა, პოეზია, ვწერდი ლექსებს და ვკითხულობდი ლიტერატურულ წრეზე სკოლაში.
– თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედინსტიტუტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი ისტორია-სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრეთ…
– ჯერ კიდევ სკოლის კედლებს გაუცდენელი გოგოსთვის ჩემი მასწავლებლები ჩემი იდეალები იყვნენ. ბედად მერგო ღირსეულთა შორის ღირსეული პედაგოგები. პროფესიაც მათით შემიყვარდა. ამას ხელი შეუწყო ჩემმა პიროვნულმა თვისებებმაც – ბუნებით ჰუმანური, სამართლიანი, პატრიოტი ვიყავი და ახალი თაობის სწორი აღზრდა-გაზრდა-განვითარების სურვილი მქონდა.
აქტიური და წარმატებული სტუდენტი ვმონაწილეობდი სამეცნიერო, შემოქმედებით, შემეცნებით ღონისძიებებში. მაქსიმალურად ვცდილობდი ცოდნის შეძენას, პროფესიის მეთოდურ შესწავლას.
– გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის საჯარო სკოლაში მუშაობდით, დირექტორის მოადგილედ კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის დარგში. იყავით სამართლის და საზოგადოებრივ დისციპლინის პედაგოგი… პარალელურად ალბათ წერდით. როგორ გაიხსენებთ იმ წლებს, რა შეგძინათ?
– 16 წელი ვიმუშავე გურჯაანის რაიონის საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის დარგში, სამართლის და საზოგადოებრივ დისციპლინათა პედაგოგად. ვცდილობდი კარგი აღმზრდელ-პედაგოგი და სანიმუშო პირადი მაგალითის მიმცემი ვყოფილიყავი მოსწავლეებისთვის, კარგი მეგობარი პედკოლექტივისთვის.
ჩემი მუშაობის პერიოდში – ცალკეც და პედაგოგებთან ერთადაც – ვამზადებდით მრავალ საკლასო თუ კლასგარეშე ღონისძიებას, სხვადასხვა თემატიკაზე. ვმონაწილეობდით რაიონულ და რესპუბლიკურ ღონისძიებებში. ყველა კონკურსიდან თუ ოლიმპიადიდან გამარჯვებულები ვბრუნდებოდით. გვყავდა მრავალმხრივ განვითარებული და ჯანსაღი მოსწავლეები.
ბავშვები და სასკოლო ცხოვრება მუდმივ ძიების პროცესში მამყოფებდა. ვმუშაობდი საკუთარ განვითარებაზე და ცოდნის სრულფასოვან რეალიზაციაზე. გავზარდეთ წარმატებული თაობები. ვამაყობ ამ ახალგაზრდებით. მეიმედება ყველა.
მრავალ ლიტერატურულ ან ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციაში ჩამირთვია ჩემი ლექსები ყოველგვარი განაცხადის გარეშე.
– 16-წლიანი პედაგოგიური მუშაობის შემდეგ, როგორც ამბობთ, თქვენი პოზიციის ლიკვიდაცია მოხდა და სამსახურის და საყვარელი საქმის გარეშე დარჩით… თურქეთში ემიგრანტად წასვლამ მოგიწიათ…
– სამსახურიდან ჩემმა ლიკვიდაციამ გულნაკლული დამტოვა. განვიცადე. სკოლის კედლებში დამრჩა უამრავი საყვარელი ბავშვის იმედით მზირალი თვალები და დაფანტული ოცნებები. განუხორციელებელი პროექტები, გასაზიარებელი ცოდნა-გამოცდილება, გასაცემი სიყვარული და პირადი მაგალითი.
დამრჩა პირმოკრული გუდა, უამრავი ლამაზი ისტორიით და გაურკვეველი მომავლით. ღმერთი დიდია და არ მივუტოვებივარ. მოკეტილ კარს აქეთ სხვა კარი გამიხსნა და ხელჩაკიდებული მატარა. მადლობა უფალს.
– თურქეთი, იტალია… იქ მუშაობდით გადახვეწილი… ახლანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ ამ წლებს? როგორი ჩანდა სამშობლო შორიდან?
– საქართველოს დატოვება ჩემთვის სულისა და ხორცის გაყრაა. გული საქართველოში მწყდება. უგულო კი რა ხარ ადამიანი?!.. უცხოეთში არაფერი მახარებს. არაფერი მათბობს, გარდა ჩემს ქვეყანაზე ფიქრის და მოგონების. მე გამოუსვლელად ვმუშაობდი 5 წელი. თავისუფლება მენატრებოდა თავისუფლებისმოყვარეს, მაგრამ ორ უძლურ მოხუცს ვემსახურებოდი და მათ არ ეღალატებოდათ.
– ორი კრებულის ავტორი ხართ: „მე დავბრუნდები”და „წინაპართა მიწა”. ბავშვობიდან წერთ. სამშობლო და ადამიანობა – თქვენი ლექსების უმთავრესი ღერძია… ეს იყო ემიგრაციაში ჩემი სულის გადარჩენაო, ამბობთ…
– ყოველთვის ვწერდი. ვწერდი და ვყრიდი. ვწერდი და ვხევდი. ვწერდი და არაფრად ვთვლიდი.
იტალიაში, სახლში, მოხუცებთან კარგამოკეტილისთვის, მარტოსულისთვის, უსამშობლოდ დარჩენილისთვის, ჩემი ცის და მიწის, თავისუფლების ნატრულისთვის, ერთადერთი იმედი და ნუგეში – ეს ლექსები იყო.
მუდმივად მიდუღდა გული და გამძაფრებული ემოციით ვწერდი. მე თავად ვიყავი მკითხველი, მსმენელი, კრიტიკოსი, შემფასებელი. ღმერთმა მადლი მომცა და ლექსით გადამარჩინა, თორემ არც ისეთი ძლიერი ვიყავი, რომ ემიგრანტის მძიმე ხვედრისთვის გამეძლო.
– თქვენი ერთი ლექსი…
სხვისი მიწის გერი
შენ ქართველო, სხვის მიწაზე
უდრო უდროდ გადარგულო,
უფესვძიროდ მოყანყალე,
ვერ ნახარო, დატანჯულო!…
სამშობლოსთვის, ცოცხლად თუ მკვდრად,
გინდ თუ არა დაკარგულო,
მლაშე ცრემლით კანდამბალო,
ყველაფრისგან დაზაფრულო,
დროის ქარიშხალთა ღელვით
მოტეხილო, ნორჩო ღერო,
სადაც ცხოვრებამ გაგრიყა,
იქ მოაწყე შენი ჩერო.
ტკივილის და გასაჭირის
მომთმენო და არსად მთქმელო,
ოფლით ნაშრომ ლუკმაპურის,
სიმწრითა და ბოღმით მჭმელო…
შენს მიწა-წყალს აწყვეტილო,
სხვის მიწისთვის მუდამ გერო,
მართვევ, არწივად ქცეულო,
დიდ საქმეთა გადამჭრელო.
სხვა ქვეყნისთვის მამლუქო და
სხვის მიწაზე მაინც გერო,
ამოუცნობ ფენომენად
დარჩენილო. ჩემო ერო!…
ლექსები ჩემი გულის დუღილი, შფოთვაა სულის და ყვირილი გონების. ყველა ლექსი ერთი დიდი გმინვა და „ბღავილია“. ყველა ლექსში ვიცლებოდი და თავიდან ვივსებოდი. ლექსამდე ვკვდებოდი და ლექსის მერე ვცოცხლდებოდი.
– ჩანახატები – მძაფრი ემოციით დატვირთულია. გაიმარჯვეთ „ქართული კვირის“ კონკურსში. გაიხსენეთ, როგორ დაწერეთ ჩანახატი „ჩემი ეზო“….
– „ქართული კვირის”კონკურსი ზუსტად იმ თემას შეეხო, რომელიც ყველა ემიგრანტს ტკივილით ენატრება „ჩემი ეზო” – ჩანახატს სლუკუნ-სლუკუნით ვწერდი. ისე ვღელავდი, ხელი მიკანკალებდა. ის დავწერე, რაც იყო და რასაც განვიცდიდი. კონკურსმა რაღაც დღეები გამისხვაფერა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა „ქართულ კვირას“. კარგია მსგავსი პროექტები.
– წერის გარდა ქარგავთ ლენტებით… ბებია ქარგავდა, მან სახსოვარიც კი დაგიტოვათ….
– ხელსაქმე ოჯახში ბებიების და დედისგან ვისწავლე. როცა რამე მჭირდება, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. ვქსოვდი, ვკერავდი, ვქარგავდი, ისე, საჭიროებისთვის. მერე სულ მინდოდა მექარგა, ვერ ვისვენებდი. ჩემი ნაქარგები თავისი სიუხვე-სილამაზით მაბედნიერებს. მიყვარს ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, რაშიც გულს და შრომას ვდებ.
ჩემს ნაქარგებსაც აქვთ ისტორია, მაგრამ ჩემი რა მოსატანია იმასთან, რა ისტორიის ნაქარგიც მაქვს ოჯახში. 1942 წელს ჩემი ბებიის დაქარგული სურათი, ომში წასული ქმრისთვის უნდა გადაეცა საჩუქრად, გამარჯვებული რომ დაბრუნდებოდა… პაპა გიორგი გეგელაძე ომს შეეწირა. მომლოდინე ბებია მარუსამ კი, ძლიერ მოხუცმა, სამახსოვროდ გადმომცა ეს ნაქარგი, რომელიც დღეს უძვირფასესია ნაქარგთა შორის.
– ოჯახი…
– მაქვს ოჯახი. მყავს ორი შვილი – ჟანა და გიგა ცერცვაძეები. ვამაყობ და მესახელებიან ისინი. ვიცი, დიდი ქართველები არიან.
– ხუთწლიანი განშორების შემდეგ ისევ სამშობლოში ხართ….
– ამჟამად სამშობლოში ვარ. მომენატრნენ. ვეღარ ვძლებდი. სასიცოცხლო ძალების მოსაკრეფად საქართველოს და ჩემს ხალხს უნდა ჩავხუტებოდი. ეს ჰაერი, ეს თავისუფლება მინდოდა. მიმიღო, ჩამიხუტა სამშობლომ, სოფელმა, საახლობლომ. მინდა ვისარგებლო საქართველოში ყოფნით და გამოვცე მესამე წიგნი, რომლისთვისაც ლექსები უკვე მზადაა და ყველა შექმნილია იტალიაში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იტალიას, ჩემს იტალიურ ოჯახს, სადაც ვმუშაობდი, ჩემი ნდობისა და პატივისცემისთვის.
თამარ შაიშმელაშვილი