„ჩემი თავი ქარგვაში ვიპოვე“ – იასამნები და კესანეები, რომლებიც არ ჭკნება და ბავშვობის ახდენილი ოცნება

განათლებით  პედაგოგია, მათემატიკოსი. ჯერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ – ფარმაცევტული კოლეჯი.
ბავშვობიდან საუკეთესოდ  ქარგავდდა ქსოვდა, თუმცა ბოლო 5 წელია, აქტიურად  ქარგავს.  აქვს ასეულობით აქარგი, რომლებიც ლენტებით გაფორმებულ ნამუშევრებთან ერთად გემოვნებით შეხამებული ფერებით გამოირჩევა…
ნატურმორტები, ბალერინები, ბავშვები, მანდილოსნები…

ქარგვასათან ერთად ამეცადინებს დაწყებითი კლასის   მოსწავლეებს  მათემატიკაში. „ვისვენებ მხოლოდ ქარგვის დროს და ჩემი თავი ვიპოვე ქარგვაში“. – პედაგოგის და  ხელოვანის, ნონა ოთიაშვილის პერსონა.

– ბავშვობიდან ქარგავდით და ქსოვდით…
– პირველად სვიტერი 5 წლის ასაკში მოვქსოვე და ყველა მთხოვდა, უფროსებს ვგულისხმობ, რომ „უზორი“ ანუ ნაყში მათთვის მესწავლებინა.  ვთვლი, პედაგოგის ნიჭი ბავშვობიდან მაქვს.
– ბოლო 5 წელია აქტიურად დაიწყეთ ქარგვა. ალბათ კორონავირუსის პერიოდში? რატომ გადაწყვიტეთ ლენტებით ქარგვა?
– კოვიდამდის ვქარგავდი… ყველაზე მეტად მიხაროდა პედაგოგ ნანა გელაშვილის  შექება, – მიყვარს ეს ქალბატონი. პირველ შეფასებას შვილებისგან და მეუღლისგან ვიღებდი, რადგან სულმოუთქმელად ელოდებოდნენ, როდის დავასრულებდი, მინდოდა და ვოცნებობდი გამოფენაზე, მაგრამ კოვიდმა შემიშალა ხელი…
ყველა ჩემს ნაქარგში დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი. ყოველთვის მინდოდა, გოგონა მყოლოდა, მაგრამ უფალს მადლობა, ორი საუკეთესო ვაჟი მაჩუქა. ამიტომ ჩემი ნაქარგებიდან პატარა ბალერინები  და გოგონები გამოირჩევა. ყველაზე მეტი „არომა“ დევს იასამნებში, თვეების მანძილზე ვქარგავ. ასევე მაქვს ნაქარგები მულინის ძაფით, რასაც ასევე თვეებს ვანდომებ.  ძალიან.შრომატევადია.
ულამაზესია კესანები და იასამნები…
– კესანეს, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, „არ მიმატოვო“ ჰქვია, კესანემ თავი შემაყვარა არა მარტო სიბრალულით, არამედ სინაზით. ამის შემდეგ ხშირად ვქარგავ კესანეს.
იასამანი ჩემი უსაყვარლესი ყვავილია, სოფელში ეზოში დიდი იასამნის ხე მედგა,  როდესაც იყვავილებდა, მისი სურნელი არემარეს ეფინებოდა. სულ მინდოდა, ყვავილობა არ შეეწყვიტა და დიდხანს ეტრიალა მის  სურნელს.
ყველაზე მეტ დროს იასამნების „შეკერას“ ვანდომებ, რადგან სათითაოდ „იკერება“ და მერე ვაწყობ ყვავილად. შრომატევადია და დიდხანს ვმუშაობ. სამაგიეროდ, ვიცი, არ დაჭკნება და სულ ხასხასა იქნება, მისი სილამაზით ყველა მოიხიბლება, ჩემთვის კი ის სურნელი, რასაც ბავშვობაში ვნატრობდი, რომ მუდმივად მქონოდა, ახლა ჩემს ოჯახშია და არ ქრება… ბავშვობის ეს პატარა ოცნება ასეც ავიხდინე. შეიძლება უმნიშვნელოა სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბედნიერებას მანიჭებს, ბედნიერება  ხომ წვრილმანებშია.
– ამბობთ, რომ თქვენი  თავი ქარგვაში იპოვეთ…  და მაინც, საინტერესოა ხელოვანი და მათემატიკოსი  ერთად…  იდილიას გიქმნით?
– ჩემს პროფესიას და ქარგვას შორის პარალელი მხოლოდ ისაა, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და მეც ზუსტად ვიცი, რასაც ვქარგავ, რომ უნაკლო გამოვა (ეს იუმორით).
დღის განმავლობაში, როგორც ყველა ქალბატონი, მეც ძალიან ვიღლები ოჯახის საქმით, მოსწავლეებით, მაგრამ საღამოს, როდესაც ჩავუჯდები ქარგვას, ვისვენებ, რელაქსია ჩემთვის, მაწყნარებს, მამშვიდებს და მავიწყებს დღის განმავლობაში მიღებულ დაღლას.
სხვათა შორის, ყველა ჩემი ახალი ნაქარგი, ოჯახის წევრების გარდა, არც მოსწავლეს გამოეპარება, გაკვეთილზე რომ მოდის, და უცებ მესმის: „მას, ეს ახალია, როდის ასწრებთ“?
– იასამნები, იები, მზესუმზირები, გვირილები, ვარდები… რომელი ყვავილი გიყვართ? უფრო მეტად რისი ქარგვა გიყვართ?
– უზომოდ მიყვარს იასამანი და გვირილა, განსაკუთრებით –  გოგონების ქარგვა…
– გვიამბეთ, როგორ გიდგათ ოჯახი გვერდში?
– მეუღლე განსაკუთრებით ამაყობს ჩემი ნაქარგებით, რადგან ჩართულია  ჩემთან ერთად ფინანსურ საკითხებში. მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირად ღირებულია მასალა, მე ყოველთვის საუკეთესოს ვიყენებ, რადგან ხარისხია მთავარი. ორი ვაჟიდან, უფროსმა ახლახან დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე და მისაღებ გამოცდებს აბარებს.
– ჰობი…
– მიყვარს ოთახის ყვავილები… ერთ ამბავს მოგიყვებით. შინ იები მაქვს – ქოთნის ყვავილები… როდესაც ქარგვა დავიწყე, ადრინდელივით ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი მათ და წარმოიდგინეთ, თითქოს იგრძნეს, ყველამ ერთდროულად მოიწყინა… გაოცებული ვიყავი… როგორი ფაქიზები და მგრძნობიარენი ყოფილან!
– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– მაქვს შეკვეთები, ვყიდი ჩემს ნაქარგებს, ასევე მაქვს შერჩეული ეკლესია, სადაც ყოველი გაყიდული ნაქარგისგან გარკვეულ შესაწირ თანხას ვტოვებ. უაზროდ ბევრი ნაქარგი მაქვს გაჩუქებული, რადგან მსიამოვნებს ამის კეთება, მით უმეტეს, თუ ვგრძნობ მადლიერებას. საჯარო მადლობა – ჩემს ოჯახს მხარში დგომისთვის და ქალბატონ ნანას, რომ  ჩემი ბავშვობის გატაცებას ფრთები შეასხა.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები