„ექსპერტიზამ ინტოქსიკაციის კვალი აბსოლუტურად გამორიცხა“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ადვოკატი

ექსპერტიზამ ინტოქსიკაციის კვალი აბსოლუტურად გამორიცხა, რაც ნიშნავს, რომ ანა იანუშაიტიტეს გული არ არევია და არ მოწამლულა რაიმეთი, მათ შორის, სუპით და ენერგეტიკულით, – ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის, ანა იანუშაიტიტეს ოჯახის ადვოკატმა, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, ელისო რუხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვერსია, რომ მოზარდის გარდაცვალება საკვებით ასფიქსიამ ან/და საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია, მიზანმიმართულად გავრცელდა, რათა საქმეზე გამოძიება მარტივად დასრულებულიყო.

„როგორც განმიმარტა დედამ და ოჯახის გარემოცვამ, აღნიშნული ვერსია მალევე წამოვიდა როგორც გამოძიების მხრიდან, ასევე, თითქმის ყოველი მეორე იმეორებდა რატომღაც ამ აბსურდს, ვინაიდან, ბავშვს აღნიშნული სუპი გარდაცვალებამდე საათ-ნახევრით ადრე ჰქონდა მირთმეული. აბსოლუტურად გამორიცხა ექსპერტიზამ ინტოქსიკაციის კვალი, რაც ნიშნავს, რომ ანა იანუშაიტიტეს გული არ არევია და არ მოწამლულა რაიმეთი, მათ შორის, სუპით და ენერგეტიკულით. მთავარი არგუმენტი იყო, თითქოს გულისრევა და საკვების გადაცდენა მოხდა, რაც არის აბსოლუტურად სიცრუე და ტყუილი. სამწუხაროა, რომ ეს ამბავი, რატომღაც მიზანმიმართულად გავრცელდა. თუ ოჯახი არ იბრძოლებდა ანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენაზე, ძალიან მარტივია ადამიანის გარდაცვალებას დაარქვა, რომ გადასცდა სუპი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ჭამა, ვიდრე გარდაცვალება დადგა. ეს იქნებოდა ერთ-ერთი მკაფიო და კარგი ვერსია გამოძიებისთვისაც, იმისთვის, რომ მარტივად დაესრულებინა ეს საქმე და აღარ ყოფილიყო ამდენი გამჟღავნების აუცილებლობა, რაც დღეს დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი 16 მარტს იპოვეს. შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები