“ქართველი სამხედროების მონაწილეობა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში ძალიან მნიშვნელოვანია“

  საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნები, გენერალ კნუდ ბარტელსის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდნენ. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული ნატოს თავდაცვის ატაშეები. სამხედრო კომიტეტის სახელით, თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც კნუდ ბარტელსმა განაცხადა, ეს ვიზიტი საქართველოში არის ალიანსის მიმართ საქართველოს მხარდაჭერისა და წვლილის დაფასება ნატოს მხრიდან.
„დღეს მე ვიმყოფები აქ ნატოს სამხედრო კომიტეტის სახელით, რათა პატივი მივაგო ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში დაღუპულ ქართველ სამხედროებს. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ნატო მადლიერია იმ წვლილისათვის, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს. ქართველი სამხედროების მონაწილეობა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი სამხედროები მზად არიან, კვლავ თავგანწირვით იმსახურონ მშვიდობის დასამყარებლად და საკუთარი წვლილი შეიტანონ კრიზისების პრევენციაში, კონფლიქტების მართვასა და პოსტ-კონფლიქტური სიტუაციების სტაბილიზაციაში. ჩვენ ვიცით, თუ რაოდენ დიდი დანაკარგი განიცადა საქართველომ – დაიღუპა 29 სამხედრო და დაიჭრა 250-ზე მეტი. ჩვენ თანავუგრძნობთ დაღუპულებისა და დაჭრილების ოჯახებს. ეს ვიზიტი საქართველოში არის ალიანსის მიმართ თქვენი მხარდაჭერისა და წვლილის დაფასება ნატოს მხრიდან. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მოუთმენლად ველით მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვას ხვალ, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე“, – განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ეს არის დიდი გამოხატულება იმ პატივისცემისა, რომელსაც ქართველი მებრძოლი იმსახურებს. „დელეგაციის სახელით პატივი მივაგეთ როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს, ასევე იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საერთაშორისო ოპერაციებში, საერთაშორისო მშვიდობისთვის ბრძოლაში. ეს არის დიდი გამოხატულება იმ პატივისცემისა, რომელსაც იმსახურებს ქართველი მებრძოლი. კიდევ ერთხლ დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, ჩვენს დელეგაციას პატივის მიგებისთვის.“ დღესვე, საქართველოში გასვლითი ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიაში გენერალი კნუდ ბარტელსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები