„დღემდე მაქვს განცდა, რომ მაშინ დავობლდი“ – ნოველები აფხაზეთის მიმოზებზე და… ნამცხვრები, რომლებშიც დედის, ბებიის ხელების სიტკბო, საკუთარი ეზოს ყვავილების ფერები, სურნელი თუ არომატია

სკოლა  აფხაზეთში,  პატარა ქალაქ გალში დაამთავრა.
ამბობს, რომ ყველა წინაპარი და იმათი წინაპრებიც (გარდა დედის მხრიდან ბებიისა, რომელიც ქუთაისელი იყო და მან გაზარდა) აფხაზეთის მკვიდრნი იყვნენ. თავად შეესწრო იმ ტრაგიკულ მოვლენებს, მერე დევნილიც გახდა… ბოლოს კი ემიგრანტობის ხვედრი ერგო… გალიდან კალიფორნიამდე იოლი გზა არ გაუვლია.
მუშაობ სამეიცინო სფეროში, სისხლის გადასხმის სპეციალისტია. ასევე – საქორწილო ტორტების დიზაინერი. პარალელურად წერს ნოველებს და მშობლიური ადგილების მონატრებას აცოცხლებს.
ნოველების სამი კრებულის ავტორია. პირველი იყო სადღაც გადარგული ბავშვობა“. მეორე – „ჩაის ამინდები, ხოლო მესამე კრებულის – „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ წარდგენა ახლახან გაიმართა  მწერალთა სახლში.   სამივე წიგნი აფხაზეთს ეძღვნება.  – ემიგრანტისა და მწერლის, ნანა ჯეჯეიას პერსონა.

 – დაიბადეთ და სკოლა დაამთავრეთ აფხაზეთში. თითქმის ყველა წინაპარი აფხაზეთის მკვიდრი იყო….
– ჩემი ოჯახი აფხაზეთის ძირძველი მოსახლეა. წინაპართა წინაპრების ძვლებიც სამურზაყანოს მიწაში ალაგია.
ოჯახი ის ადგილია, სადაც სიცოცხლე იწყება და არასოდეს მთავრდება სიყვარული. ჩემი ქალაქი გალი – ეს ისეთი სენტიმენტია ჩემთვის, რომელიც ყოველთვის მაფორიაქებს ბავშვობიდან გამოყოლილი სუფთა, კამკამა სახეებით და ამ სახეებზე ჰყვებიან ჩემი ნოველები.

წიგნიდან ჩაის ამინდები“:

…„თითქოს დედაჩემის მსუბუქი მანდილი გაკრთაო ცაზე (რომელსაც გადაკეცავდა, თხელი პალტოს შიგნით მხრებზე მომახურავდა და მეც თბილად მივბაკუნობდი სკოლისაკენ ყინვაში), ისე მოხაზა ფიქრების ამქარმა – შორს აფრენილი წეროების გუნდმა სამკუთხედი და სახლს გადაეფარა.
ისევ მოფრენილან…
გადასარჩენად თუ წამოსულან?!
ეს მერამდენე წელია მოფრინავენ და იმის მოწმეს მხდიან, უკან დაბრუნება რომ არ ავიწყდებათ.
ვინატრე…
იქნებ, სულ რამდენიმე წუთით დედა ისევ ჩამოაქროლონ ზენა ქარებმა და თან გამიყოლოს…
ვინ იცის…
იქნებ…
ქუჩის ორივე მხარეს ჩამწკრივებული, სველი ნეკერჩხლები კი ფოთლებს იშრობენ, რომლებიც ასე ძალიან წააგავს ადამიანის ხელის გაშლილ მტევანს და ცდილობენ, თავიანთი სიწითლით შემოდგომის ბოლო, შემორჩენილი სითბო გაატანონ ჩამავალ მნათობს.
დიახ, ზოგჯერ მზესაც სჭირდება გათბობა“…
–  სკოლის დროსაც წერდით?
–  სკოლის პერიოდში მხოლოდ თავისუფალ თემებს ვწერდი კარგად.
–  აფხაზეთის ტრაგიკულმა მოვლენებმა სულში დიდი იარა დატოვა…
– დღემდე მაქვს განცდა იმისა, რომ დავობლდი მაშინ. არის ასეთი ობლობა და მას შენი კუთხით, ქალაქით, ქუჩით ობლობა ჰქვია.
– გალიდან კალიფორნიაში გადასახლება დიდი ემოციის გარეშე არ იქნებოდა… როგორც ვიცი, დევნილობის დროს თქვენ წიგნები წამოიღეთ მშობლიური სახლიდან…
–  უემოციოდ აფხაზეთიდან იმერეთში არ ჩავსულვარ, თორემ გალიდან კალიფორნიაში თავის ამოყოფა მშვიდად როგორ მოხდებოდა?!
მანამდე კი ბევრი ვიცადეთ. დაბრუნების იმედს ვატყუებინეთ თავი.
კი, ენგურის ხიდზე მე და დედამ გადმოვიტანეთ წიგნები, რომლებიც ძალიან გამოადგა როგორც ჩემს ქალიშვილებს, ასევე – მეზობლის ბავშვებსაც. გიორგი კეკელიძეს ჰქონდა აქცია, სამაჩაბლოს საზღვართან ბიბლიოთეკა გახსნეს და მეტი ნაწილი იმ წიგნებისა მათ ვაჩუქე.
–  ემიგრაცია… დიდი შრომის ფასად დამკვიდრებული ადგილი… სამეიცინო სფეროში მუშაობთ, ასევე  ვარ  საქორწილო ტორტების დიზაინერი ხართ, როგორც ამბობენ,  აფხაზეთის ყვავილნარის ეფექტით  ირთვება… როგორ გადაეწყვეთ ემიგრანტულ ცხოვრებაზე?
– ამერიკა ჩვენი ოჯახისთვის კეთილი დედინაცვალი გამოდგა. იქ მიიღეს ჩემმა შვილებმა უმაღლესი განათლება და კარგი სამსახურები.  მე და ჩემმა მეუღლემაც ვისწავლეთ ბევრი რამ.
ნამცხვრებს რაც შეეხება – კი, მათში ვდებ დედის, ბებიას ხელების სიტკბოს. ჩვენი ეზოს ყვავილების ფერებს, სუნელსა თუ არომატს.
გემოვნება ისეთი მაკრამეა – ფაქიზი ნაქარგი, რომ ის მხოლოდ გენეტიკურად გადმოგვეცემა.
–  „სადღაც  გადარგული ბავშვობა“ – როგორ დაიწერა პირველი კრებული?
–  როგორც კი მივხვდი, რომ ტრადიციებს დრო ნელა კი არ შლიდა, არამედ დროის ნევროზი დაჩქარებულად აპირებდა ამის გაკეთებას, მივხვდი, რომ სადღაც გადარგული ვიყავი და ფესვებს ჩავებღაუჭე.
სწორედ შენი ფესვებია ჯილდო იმისა, რომ სხვებისგან გამოირჩევი, სხვანაირი ხარ და ამ სხვანაირობაშია შენი ძალა.
– შორიდან ხშირად ეხმარებით თანამემამულეებს…
– ვფიქრობ, ამაზე ბევრი არ უნდა ვილაპარაკო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მადლობის თქმა ძალიან საინტერესო რამ არის. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანს ეტყვი მადლობას! – და სამუდამოდ წყვეტ მასთან ურთიერთობას. უფრო ხშირად კი ერთი მადლობა ძალიან გვაახლოებს ადამიანებს.
– „ჩაის ამინდებიც“ აფხაზეთზეა… ვერ ელევით მონატრებას, მშობლიურ ადგილებს…
– ამ კითხვაზე პასუხს ჩემს ნოველებში იპოვით.

შვილები

წიგნიდან  ,,ჩაის ამინდები“:
…„სკამი გამოსწია, თმაზე ხელი გადაისვა, კოფთა ჩამოიფერთხასავით, დაჯდა, მერე წელში გაიმართა, გასწორდა და ისე, რომ არც კი უკითხავს, დაკვრა შეიძლებოდა თუ არა, დააგუგუნა: ,, დაილოცოოს საქართველოო”… და მთელ ამერიკაში კი არა, მგონი კოსმოსში გაჭრილ ,,ჩაკრულოსავით” სამყაროს შეეხო, მოედო მელოდია…უკრავს დედაჩემი ცოტა შებოჭილი და თანდათან რომ გათამამდებიან იმ თითებით…
ჰაერი შეაკრთო უცხო ჰანგებმა და კედლებმაც განზე გაიწიეს თითქოს… იქვე, პირველ რიგში ჩამოვჯექი.
ჯერ მხოლოდ ორნი ვართ:- ის – შემსრულებელი და მე- სკამს მიჯაჭვული მისი მსმენელი, რომელსაც მალე ამწევს უხილავი ძალა და ის თეთრი ღრუბელი შემისრუტავს, აგერ, ფანჯარაში შემოცურება და დედას გაცნობა რომ მონდომებია. თითქოს ჯადოსნური ხემი შეეხო ცას და ის ერთი ციდა ბამბის ქულა, მოხაზულობით ჩემს ქვეყანას დაამსგავსა. მივაჩერდი, მაგრამ ღრუბელს არ უყვარს, როცა აკვირდებიან და სწრაფად არია კონტურები. ყირაზე გადავიდა. დაიშალა და ახლა, თითქოს ღობეში მოაქცია ჩემი დანგრეული სახლი. მერე გასუფთავდა, მინდვრად გარდაისახა და მალაყზე გადასულმა ბამბის ქულამ, წუთით მომალანდა, როგორ მარტო იდგნენ ხილის ხეები ეზოში და მათი ყვავილი თეთრად პენტავდა ირგვლივ გაზაფხულის სიმწვანეს.
იმ წუთას მე არ მჭირდებოდა ცასთან შუამავალი და ზეცის კარი ღია იყო ჩემთვის, რადგანაც შუბლზე მირონად მეცხო, რომ აფხაზეთი ჩემი სახლია!
დიახ, არც გამშვები პუნქტი ჩანდა ცაზე…
მე ახლა „ამრას” ერთგული თოლიები – პირველი თოვლის ეს აცვენილი ნამქერი მიმაცილებდა ცისკენ“.
– ოჯახი… მეუღლე, ორი დაოჯახებული ქალიშვილი,  შვილიშვილები... შვილებმა უმაღლესი განათლება აშშ-ში მიიღეს და იქ ცხოვრობენ. მეუღლე, როგორც ვიცი, გვერდში გიდგათ, გაქვთ ორმაგი მოქალაქეობა და ერთად ეწევით ცხოვრების უღელს…
– ჩვენ გვყავს ერთმანეთი და ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთის სახლები ვართ.
– ჰობი…
– ჩემი მთავარი ჰობი ჩემი შვილიშვილები მეგი და ილიკუნაა. ისე კი, მიყვარს ტყეში ხეტიალი.
– ახლახან გამოვიდა თქვენი ახალი კრებული „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“…  სათქმელი ალბათ ისევ ის დარჩა, რაც წინა ორ კრებულშია – აფხაზეთის მონატრება… როგორ დაიბადა ეს კრებული?
– როცა ერთს კარგავ, პოულობ მეორეს და თითქოს ბალანსდება ყოფაც. სიმშვიდე გაძლევს თავდაჯერებულობას, მაგრამ ფესვები არ გასვენებს და ცარიელი ფურცლებიც ივსება ისეთი ამბებით, სხვისთვის რომ შეიძლება უმნიშვნელო იყოს და შენთვის კი უძვირფასესი. ასე დაიწერა „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე”.
– შორიდან დანახული საქართველო? რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული? რას უსურვებდით სამშობლოს?
–  შორიდან მხოლოდ იმას ხედავ, რაც უცხოა და უცნობი. სამშობლო კი „დედის ხმა არის” და ყველგან თან დაგყვება. დედასავით გინდა, რომ უკვდავი იყოს, ჯანმრთელი, ლამაზი, მოვლილი, პატივცემული, შვილების განათლებით, წარმატებებით გახარებული, მოყვარესთან ხელგაშლილი და მტრის შორიდანაც მცნობი. სურვილად ეს გრადაცია მინდა, რომ ამიხდეს ჩემი ქვეყნის მიმართ.
– სამომავლო გეგმები…
–  სამომავლო გეგმის გარეშე ნორმალური ადამიანი ვერ წარმომიდგენია. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.

 

                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები