„ჩემს აქსესუარს უამრავი დადებითი მუხტი მოჰყვება, მთელი გულით ვამზადებ და… ხდება თილისმა“

ბავშვობიდან ქმნიდა სხვადასხვა ხელნაკეთ დეკორაციას, ქსოვდა, ქარგავდა… მოგვიანებით ინტენსიურად დაიწყო ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება. ამბობს, რომ მისი სამკაულები ექსკლუზიურ, გამორჩეულ, დახვეწილ და რაც მთავარია, ხარისხიანია. მთელი გულით ამზადებს და ამიტომ მის გვერდს ჰქვია: „ატარე თილისმა“.
მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის სურვილებს და მათთვის სასურველ ნივთებს ვქმნით. – თვითნასწავლი ხელოვანის, მარიამ ბერიანიძის პერსონა.

–  სამი წელია, ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნით…   პირველი ხელნაკეთები…
– ხელოვნებით ბავშვობიდან  ვიყავი გატაცებული. ვქმნიდი სხვადასხვა ხელნაკეთ დეკორაციას ოთახისთვის, ვქსოვდი, ვქარგავდი…
რეალურად ხელნაკეთ აქსესუარებს (გულსაბნევებს) ბევრად მეტი წელია ვქმნი, მაგრამ მხოლოდ – ვიწრო წრისთვის. მეგობრებისთვის, ჩემთვის. პირველი გულსაბნევი  ვარსკვლავის და გვირგვინის ფორმის იყო, რომლებიც, დაახლოებით 6 წლის წინ, ჩემი ზურგჩანთისთვის დავამზადე.
– „ატარე თილისმა“ – ასე ჰქვია თქვენს გვერდს…   თქვენს მომხმარებლებს იმედია, მოსწონთ…
– როცა გვერდს ვქმნიდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი სახელთან დაკავშირებით. ბევრისგან განსხვავებული და ყველაზე მორგებული სახელი მინდოდა. ამიტომ დავარქვი: „ატარე თილისმა“. ჩემ მიერ დამზადებულ აქსესუარს უამრავი დადებითი მუხტი მოჰყვება, რადგან მთელი გულით ვამზადებ. ამიტომ ის ხდება თილისმა.
– ხართ სტუდენტი…  როგორ უთავსებთ ერთმანეთს სწავლას და ხელნაკეთი აქსესუარების დამზადებას?
– ერთმანეთთან შეთავსება მიჭირს განსაკუთრებით გამოცდების პერიოდში. სამეცადინო ბევრი მაქვს. 4 წლის შვილი მყავს და რამდენჯერმე მომიწია შეკვეთაზე უარის თქმა. რაც დიდად არ მხიბლავს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ დროის სწორად განაწილებას.
– გულსაბნევი, საყურე, თმის სამაგრი… თქვენ ყველაზე მეტად რომელი ხელნაკეთის დამზადება გიყვართ?
– ყველაზე მეტად გულსაბნევის დამზადება მიყვარს  და ეს ჩემს გვერდსაც ეტყობა. ყველაზე მეტად გულსაბნევებია აქტუალური.
– როგორ შეიქმნა გულსაბნევი „საქართველოს რუკა“? უფრო მეტად რომელი ვარიანტი მოსწონს მომხმარებელს?
– საქართველოს რუკის ფორმის გულსაბნევი პირველად შეკვეთით დავამზადე. ეს იყო ბეჭედი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. შემდეგ მას მოჰყვა ინტერესი და ინტენსიურად დავიწყე მისი დამზადება – გულსაბნევის, ბრელოკის და ბეჭდის სახით.
– წითელი ბროწეულები…
– მახსოვს, ბროწეულს ვჭრიდი და ამ დროს გამიჩნდა იდეა, დამემზადებინა ბროწეულის ფორმის გულსაბნევი, რომელიც რეალურს ძალიან ემსგავსებოდა. ძალიან ბევრი ცდა დამჭირდა სასურველი შედეგის მისაღებად და ვფიქრობ, გამომივიდა იმის დამზადება, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ყველა დეტალი და დამზადების ტექნიკა განსხვავებული აქვს.
– მომხმარებლის სურვილებს მაქსიმალურად ითვალისწინებთ… და მაინც, უფრო მეტად რაზეა მოთხოვნა?
– აქსესუარებს, ადრესატის პირადი სიმპათიიდან გამომდინარე, ძირითადად მიკვეთავენ ხოლმე. ერთხელ მახსოვს, ბურგერის ფორმის გულსაბნევი დავამზადე სალათის ფურცლებით. ამის გარდა, დიდი მოთხოვნაა  ზოდიაქოს გულსაბნევებზე. სწორედ ამიტომ  ამ თემატიკის ახალი კოლექციის შექმნას ვაპირებ.
–  რომელ ქვებს იყენებთ?  ზოდიქოს ნიშნებსაც ხომ არ უკავშირებთ მათ?
– ნატურალურ ქვებს ვიყენებ: ამეთვისტოს, ვარდისფერ კვარცს, მალაქიტს, ლაზურიტს… ზოდიაქოს ნიშნით   ვსაზღვრავ და სპეციალურ შეკვეთებს ვამზადებ, თუმცა ისედაც ვიყენებ მათი ლამაზი ფორმის და ფერის გამო.
– ოჯახი… შვილს ზრდით… როგორ ახერხებთ ოჯახის საქმეებს და თან სამკაულების დამზადებას?
– დღისით დედა, დიასახლისი და სტუდენტი ვარ, ხოლო კოტიკოს დაძინების შემდეგ ვხდები დიზაინერი, რომელიც ბზინვარე აქსესუარებს ქმნის.
– დღეს ბევრი თვითნასწავლი ხელოვანია… როგორ უნდა გამოირჩეოდე სხვებისგან და არ ჰგავდე მას?
– უნდა გქონდეს საკუთარი ხედვა, სტილი და რაც მთავარია – მაღალი ხარისხის სტანდარტი. ამით მომხმარებელი თავად გამოგარჩევს. უამრავჯერ  მქონია შემთხვევა, როცა მიგდებენ სხვა ადამიანის დამზადებულ ნამუშევარს და მწერენ: „მე თქვენი დამზადებული მინდა, ისეთივე დახვეწილი, როგორიც თქვენი სხვა აქსესუარია“ . სიმართლე გითხრათ, ამით ძალიან ვამაყობ. მაშინ, როცა გვერდი გამიტეხეს და  ორთვიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე დაბრუნება, პირველი უკუკაცშირი მომხმარებლებისგან მივიღე: „მე თქვენ გეძებდით”.
– რამდენად კმაყოფილი ხართ მატერიალური მხარით…. ანუ ღირს გათენებულ ღამეებად? ბოლოს სასურველ შედეგს აღწევს ადამიანი?
– ჩემთვის პირადად ღირს. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ბაზარზე ამ სფეროში კონკურენცია მატულობს და პოპულარიზაციის მხრივ ცდილობ, სხვებთან შედარებით დაბალი ფასი დაადონ და ამით მიიზიდონ მომხმარებელი.
ვფიქრობ, ჩემს ხელნაკეთ აქსესუარებს სწორად ვაფასებ. ზუსტად ვიცი ის დრო, რამდენად მნიშვნელოვანია, რასაც სრულყოფილი და ხარისხიანი აქსესუარის შექმნას ვუთმობ და რაც მთავარია, ჩემს ბრენდში შეხვდებით ყველა სეგმენტზე გათვლილ აქსესუარს, რომელთა  მინიმალური ფასი 15 ლარიდან იწყება და 170 ლარით მთავრდება…
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. საამისოდ  კი პირველ რიგში მეტი დრო მჭირდება. სწავლის კიდევ 1 წელი დამრჩა შემდეგ კი მთელი ძალებით მიმართული ვიქნები საკუთარი სახელოსნოს გახსნაზე.

                                                                                                     

                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები