„ტყავის ყელსაბამებზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ისეთ აზარტში შევედი, სიზმარშიც კი ესკიზებს ვხატავდი“…

მუსიკის პედაგოგი, მუშაობს საჯარო საბავშვო ბაღში და სუხიშვილების სტუდიის კონცერტმეისტერადაც.
ამბობს, რომ ხატვა კოვიდის დროს დაიწყო – „ჯერ სახლის კედლები მოხატე, შემდეგ ტილოზე გადავედი“… 
ამზადებ სამკაულებს, თოჯინებს, აქვს დეკორატიული ლარნაკები – ნიჟარებით და ბისერებით, ნაძვის ხის სათამაშოები. ამ ბოლო დროს ნატურალურ ტყავზე მუშაობამ გაიტაცა და ამზადებ ყელსაბამებს მინერალური ქვებით.
მრავალმხრივი შემოქმედება აქვს, მაგრამ წუხს, რომ საქართველოში
ხელნაკეთ ნივთებს ფასი არ აქვს…
როგორც სუხიშვილების სტუდიის აკომპანიატორი, თბილისის მერიის სიგელითაც დაჯილდოვდა. – პედაგოგის და ხელოვანის, ია ზალდასტანიშვილის პერსონა.

–  დავიბადე თბილისში, მყავს დედა და და-ძმა, დაოჯახებულები, საკმაოდ კარგი ბავშვობა მქონდა, ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ მუსიკა უფრო მიყვარდა, დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში და წარმატებული მოსწავლე ვიყავი…
ჩავაბარე მელიტონ ბალანჩივაძის სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ კი მიმიღეს სუხიშვილების სკოლა-სტუდიაში კონცერტმეისტერად, ახლახან მივიღე სიგელი და სიამაყე ვიგრძენი, რომ რაღაც შემიძლია.
მუშაობთ საჯარო საბავშვო ბაღში
– 79-ე საჯარო ბაღში 4 წლის წინ დავიწყე მუშაობა, ძალიან კარგად მიმიღო დირექტორმა და კოლექტივმა, საერთოდ, კომუნიკაბელური ვარ და  პატარებთანაც საინტერესოა მუშაობა.
ხატვა  კოვიდის დროს დაიწყეთ. გვიამბეთ, როგორ? პირველი ნახატები?
–  კარანტინის დროს  სახლის კედლების მოხატვა დავიწყე, საკმაოდ კარგი გამოვიდა, შემდეგ გავთამამდი და ტილოზე ზეთით ხატვაც გავბედე, სხვათა შორის, არ გამჭირვებია, მაგრამ მხატვრობას არასდროს დავიჩემებ, მოყვარულის დონეზე კი, მგონი, რაღაც გამოვიდა.
ნახატებიდან რომელ ნამუშევარს გამოყოფდით?
– ჩემი ნახატები – ყველა ერთნაირად მიყვარს.
–  როგორ დაიწყეთ თოჯინების კეთება?
– ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო დღეები, თოჯინების გაკეთება დავიწყე, მას მოჰყვა სამკაულები, მესმოდა, კოვიდის დროს ხალხს სახლში ჯდომის გამო,  დეპრესია ემართებოდა,  მე კი არ მინდოდა ამაზე მეფიქრა. ამიტომ სულ ვცდილობდი, რამე მეკეთებინა… ახალი წელი მოდიოდა და ნაძვის ხის სათამაშოების, პატარა ანგელოზების გაკეთება მოვსინჯე, ამ ყველაფერს ჩემს გვერდზე ვდებდი და ყველას რომ მოსწონდა, რწმენა მემატებოდა, რომ ჩემი ჰობი სხვებისთვისაც სასიამოვნო სანახავი იყო.
– ამ ბოლო დროს მუშაობთ ნატურალურ ტყავზე, ამზადებ ყელსაბამებს მინერალური ქვებით... საინტერესო ამბავი?
– ეს რამდენიმე თვეა, ნატურალური ტყავის ყელსაბამებმა გამიტაცა. ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე მოდების ჩვენების დროს მოდელს ეკეთა ასეთი ყელსაბამები. ისე მომეწონა, ვიფიქრე, ვცდი-მეთქი, მოკლედ, ნავთლუღში სპეციალური ტყავის მაღაზიებია, მოვიმარაგე სხვადასხვა ფერის ნატურალური ტყავი, დასამუშავებელი იარაღები, ნატურალური ქვები გამოვიწერე, ზოგიც თბილისში ვიყიდე. ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი დამიჯდა, მაგრამ ისეთ აზარტში შევედი, სიზმარშიც კი ესკიზებს ვხატავდი.
ყელსაბამების დამზადება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, საკმაოდ ლამაზები და ორიგინალურები გამოვიდა, ხალხის რეაქციაც დადებითი  იყო, როდესაც ინტერნეტში დავდე…
ამბობთ, რომ ნანობთ საქართველოში ცხოვრებას… რატომ? ვერ დაფასდა თქვენი შრომა?
– გადავწყვიტე ინტერნეტის საშუალებით ჩემი ნამუშევრების რეალიზაცია, რაღაც-რაღაცები იყიდება, მაგრამ საქართველოში ხელნაკეთ ნივთებს, სამწუხაროდ, დიდი ყურადღება არ ექცევა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხალხს ფული არ აქვს, მეორე კი ის, რომ ურჩევნიათ, უცხოეთიდან შემოტანილი ნივთი იყიდონ, ვიდრე ადგილობრივი.
საქველმოქმედო საქმიანობაშიც ვიყავი ჩართული, ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოს რამდენიმე ნახატი გადავეცი და კიდევ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.
– რა შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, პროფესია მაქვს, რაც მიყვარს და სიამოვნებით ვემსახურები ბავშვებს…
– ჰობი…
– მრავალი მაქვს, რაც სიამოვნებას მანიჭებს, რადგან მიყვარს სილამაზეების შექმნა…
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– ერთი ნატვრა მაქვს, მინდა სუვენირების საკუთარი მაღაზია მქონდეს, რომ ყველა ჩემს ნამუშევარს მივუჩინო ადგილი.

                                                                                                                   

                                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები