საქართველოს პრეზიდენტი თომას ჰამარბერგს შეხვდა

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი მიიღო. როგორც ჰამარბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან პრეზიდენტთან ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისვე თქმით, გიორგი მარგევლაშვილი ძალიან მონდომებულია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველო ევროპაში საუკეთესო ქვეყანა გახდეს. „ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გასატარებელ ღონისძიებებზე. ეს არის სტრატეგია, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარედგინოს ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით და ასევე სამოქმედო გეგმა, რომელიც უშუალოდ მთავრობამ უნდა მიიღოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ეს ორი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ადამიანის იმ ყველა ძირითად უფლებებს, რომელთა დაცვაც საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ესენია საზოგადოების სოციალურად დაუცველთა ჯგუფების უფლებები, მათ შორის უმცირესობებისა და ბავშვთა უფლებები. მეტად კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ძალიან მონდომებულია, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესებს, რათა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველო საუკეთესო ქვეყანა გახდეს ევროპაში“, – განაცხადა თომას ჰამარბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები