დაიბადა ქუთაისში, მხატვარ-დიზაინერ გივი იობიძის ოჯახში. დაამთავრა: ქუთაისის სამხატვრო სკოლა და ხელოვნების ლიცეუმი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გობელინისა და მხატვრული ქსოვილების დიზაინის სპეციალობაზე განაგრძო სწავლა.
2002 წელს სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა პროფესორ გივი ყანდარელის ხელმძღვანელობით დაამთავრა.
პირველი პერსონალური გამოფენა დასთან, ინგასთან ერთად ჰქონდა – 2005 წელს, რომელიც მიუძღვნეს მამის დაბადების 60 წლის იუბილეს.
გობელენი, ბატიკა, თექა… ამჟამად – ტიხრულ მინანქარში მუშაობს. ქმნის ხატებს, სხვადასხვა სახის სამკაულებს, ცხოველების, ფრინველების, ბუნების გამოსახულებით. თავისუფალ დროს ქმნის ტილოებს აკრილით და მონაწილეობს მხატვართა გამოფენებში.
მონაწილეობს იმერეთის რეგიონალურ და საქართველოს მხატვართა გამოფენებში. მათ ოჯახზე შექმნილია წიგნი „სიყვარულით „გამოჭედილი“ ცხოვრება~. – მხატვარ-დიზაინერ ლელა იობიძის პერსონა.
– ქუთაისში, მხატვრის ოჯახში, დაიბადეთ….
– დავიბადე ქუთაისში, მხატვრის ოჯახში. მამა – გივი იობიძე, მხატვარ-დიზაინერი, მხატვრული ჭედურობის ოსტატია. მისი ჭედური ნამუშევრები ამშვენებს ჭიათურის, სვერის ეკლესიებს, სოლომონ მეფის სასახლეს, მწავნეყვაილას პანთეონის და უამრავ სხვა ეკლესიას.
დედა – ლიანა იობიძე-ზიბზიბაძე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ღირსების ორდენოსანია. ათი წიგნის ავტორი.
და – ინგა იობიძე, მხატვარი, ტიხრული მინანქრის სპეციალისტი.
– ქუთაისის სამხატვრო სკოლაში და ხელოვნების ლიცეუმშიც სწავლობდით…. რით იყო ეს პერიოდი თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. მახსოვს, პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში მოგვიწყვეს მშობლებმა მე და ჩემს დას ავტოქარხნის კულტურის სახლის ფოიეში. ჩვენი ბავშვური ნახატების სანახავად უამრავი დამთვალიერებელი მოვიდა. ამ შთაბეჭდილებების ფონზე გადავწყვიტე, მხატვარი გამოვსულიყავი. ეს ოცნება კიდევ უფრო განმტკიცდა სამხატვრო სკოლასა და ხელოვნების ლიცეუმში სწავლის დროს.
– თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე გობელენისა და მხატვრული ქსოვილების დიზაინის სპეციალობა აირჩიეთ…
– დავინტერესდი გობელენის ტექნიკით და გადავწყვიტე თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარება.
საინტერესო იყო სტუდენტობის პერიოდი, დავდიოდით ექსკურსიებზე, ვაგროვებდით მცენარეებს, რომლებიც სხვადასხვა ფერით ღებავდა ძაფებს. ძველი ქართული შეღებვის და ქსოვის ტექნიკა ავითვისე.
– პროფესორ გივი ყანდარელის ხელმძღვანელობით დაასრულეთ ასპირანტურა… როგორც მხატვარს, რა შეგძინათ ამ წლებმა?
– ჩემი პედაგოგები იყვნენ: გობელენის ცნობილი სპეციალისტები და პროფესორები: თამაზ ნუცუბიძე და გივი ყანდარელი. ამ წლებმა ბევრი შემძინა.
– და – ინგა იობიძე მხატვარია, ტიხრული მინანქრის სპეციალისტი. მასთან ერთად გქონდათ პირველი გამოფენა და მამის იუბილეს დაუკავშირეთ…
– 2005 წელს, მე და ჩემმა დამ – ინგა იობიძემ მამას, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პერსონალური გამოფენა მივუძღვენით, მამა ჩვენით ამაყობდა და ჩვენც აღფრთოვანებულნი ვიყავით.
– მუშაობთ – გობელენში, ბატიკაში, თექაში, ამჟამად ტიხურ მინანქარში…
– შევქმენი – გობელენები, ბატიკები (ნაჭერზე ხატვა), თექის პანოები… ამჟამად ჩემი საყვარელი საქმეა ტილოზე ხატვა და ტიხრულ მინანქარში მუშაობა.
– რომელიმე ნამუშევრის შექმნის საინტერესო ამბავი…
– ვქმნი სხვადასხვა სახის სამკაულს – ცხოველების, ფრინველებისა და ბუნების გამოსახულებით, თავისუფალ დროს კი – ტილოებს.
ბოლო ნამუშევარს დავარქვი „ოცნება“, შთაგონების წყარო იყო ერთ-ერთი გოგონა. როცა ადამიანი ბავშვობის ასაკიდან გამოდის, მეორე ნახევარზე იწყებს ოცნებას. იწყებს ძიებას და თავისი იდეალის შესაბამისი პარტნიორის პოვნაზე ოცნებობს, რომელიც ბედნიერებას აპოვნინებს.
– მონაწილეობთ იმერეთის რეგიონალურ და საქართველოს მხატვართა გამოფენებში.… გამოფენა, რომელიც დაგამახსოვრდათ?
– ვმონაწილეობდი რეგიონალურ და საქართველოს მხატვართა გამოფენებში. დასამახსოვრებელი იყო ერთ-ერთი საგაზაფხულო გამოფენა, რომელშიც ჩემმა ნამუშევარმა უმაღლესი შეფასება მიიღო.
– როგორ გიდგათ ოჯახი მხარში მუშაობის დროს?
– მყავს მეუღლე – გიორგი ილურიძე, ოქრომჭედელია, ძვირფასი ლითონებისა და ქვებისგან სამკაულებსა და სხვა ნივთებს ამზადებს; ორი ვაჟი – ლუკა და ნიკა. ოჯახი მხარში მიდგას, რომ მივყვე ჩემს საქმიანობას.
– თქვენს ოჯახზე დაიწერა წიგნი – „სიყვარულით გამოჭედილი ცხოვრება“…
– დედის სიურპრიზი იყო ჩვენს ოჯახზე შექმნილი წიგნი, რომელშიც დოკუმენტურად მოთხრობილია ოჯახის სამი მხატვრის ამბავი. სასიამოვნოა, რომ ეს წიგნი ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დარჩებათ. წიგნის გარეკანს ამშვენებს ჩემი დის ნახატი – მამის პორტრეტი.
– ჰობი…
– ტიხრული მინანქარი, რომელიც შევისწავლე სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ და შემოსავლის წყაროც გახდა.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– სკოლა „ნოვაციაში“ ხატვის წრე გავხსენი და ბავშვებს ხატვას ვასწავლი.
– სამომავლო გეგმები…
– უამრავი მაქვს, როგორც ადამიანების უმრავლესობას, მეც მაქვს რწმენა, რომ ერთ დღეს ყველა გეგმა ახდება.
თამარ შაიშმელაშვილი