გორის მუნიციპალიტეტის მერი კერამიკის და ტექსტილის სახელოსნოების გახსნას დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად კერამიკის და ტექსტილის სახელოსნოების გახსნას დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, პროექტის ბულგარელი და უკრაინელი პარტნიორები, შემოქმედებითი ტურიზმის საინფორმაციო ტურების ქართველი, ბულგარელი და უკრაინელი ტუროპერატორები და გიდების ასოციაციის წარმომადგენლები.

კერამიკისა და ტექსტილის შემოქმედებითი სახელოსნოები აშენდა და ტექნიკურად აღიჭურვა ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა (THC)“ ფარგლებში.

ღონისძიებაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა სახელოსნოები გორის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა, რომელიც ტურიზმის განყოფილებასთან თანამშრომლობით რეგიონის წარმომადგენლებისა და ტურისტებისთვის საგანმანათლებლო მასტერკლასებს გამართავს.მასტერკლასებს გაუძღვებიან „შემოქმედებითი ტურიზმისა და მემკვიდრეობის პროდუქტების ინოვაციური სტარტაპები” – ს კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორები.

კონკურსი ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო), კულტურული ტურიზმის ევროპული ინსტიტუტის (ბულგარეთი), ქალაქ მიკოლაევის განვითარების ფონდის (უკრაინა) ერთობლივი პროექტის “ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა” (THC 1130) ფარგლებში. პროექტი (THC 1130) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები