„საუბრისთვის ძალიან გვიანია“ – ტრამპი აცხადებს, რომ ირანელებმა მას მოლაპარაკებების თაობაზე მიმართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა იმის დაკონკრეტებაზე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ირანში შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციის შესახებ.
„თქვენ არ იცით, საერთოდ ვაპირებ თუ არა ამას. თქვენ არ იცით. შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არა. ანუ, არავინ იცის, რას ვაპირებ“, – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
მანვე დასძინა: „შემიძლია გითხრათ, რომ ირანს ბევრი პრობლემა აქვს და მათ მოლაპარაკება სურთ. და მე ვკითხე, რატომ არ აწარმოეთ მოლაპარაკება ჩემთან ამდენი სიკვდილისა და ნგრევის დაწყებამდე“.
მისი თქმით, ირანელებმა მას მოლაპარაკებების თაობაზე მიმართეს, თუმცა მან უთხრა, რომ „ძალიან გვიანია“.
„საუბრისთვის ძალიან გვიანია. არ ვიცი – დიდი განსხვავებაა ახლანდელსა და ერთი კვირის წინანდელს შორის“, – თქვა ტრამპმა.
CNN-ის ცნობით, აშშ ისრაელს თავდაცვით მხარდაჭერას უწევს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. თუმცა, ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების აღსაწერად კვლავ სიტყვა „ჩვენ“ გამოიყენა.
„არაფერია დასრულებული, სანამ არ დასრულდება. იცით, ომი ძალიან რთულია. ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს. ბევრი შემობრუნება ხდება. ამიტომ არ ვიცი. არ ვიტყოდი, რომ ჯერ რამე მოვიგეთ. ვიტყოდი, რომ ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, – თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონფლიქტი შეიძლება მალე დასრულდეს, თუმცა „არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ის“.