„ის ფაქტი, რომ აქ ვიმყოფებით, ნატოს მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერაა”

   ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ყოფნა ნატოს მხარდაჭერის მაჩვენებელია იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ კნუდ ბარტელსმა განაცხადა. გენერალმა ნატოს სამხედრო მისიაში საქართველოს წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.
“კომიტეტის თავმჯდომარის რანგში კიდევ ერთხელ მინდოდა გამომეხატა ჩემი მაღალი შეფასება და დაფასება იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა, რომ პირველი წყაროდან მიმეღო ინფორმაცია თქვენი თავდაცვის რეფორმებზე და იმ პროგრესზე, რომელსაც განიცდის საქართველოს შეიარაღებული ძალები. ეს გახლავთ ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი ვიზიტი საქართველოში და ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, ნათლად გამოკვეთილი ნატოს მხარდაჭერის მაჩვენებელია იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მინდა, ასევე მადლიერება გამოვთქვა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი აღნიშნავს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში,“ – განაცხადა კნუდ ბარტელსმა.
ნატოს სამხედრო კომიტეტი, კნუდ ბარტელსის ხელმძღვანელობით, თბილისში 15.00 საათისთვის ჩამოფრინდა. დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დახვდა. დღეს ნატოს პირველი სამხედრო პირი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები