„მოლოდინი რთულია… თუმცა ვფიქრობ, „გაორება“ იმსახურებს ჯილდოს და აღიარებას“…
შემოქმედებითი ნიჭით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. წერს და ხელსაქმეს მისდევს. პირველად მეცხრე კლასში თავისუფალი თემის კონკურსში გაიმარჯვა, მას შემდეგ პატარ-პატარა ჩანახატებს ქმნიდა, ესეებს წერდა. ახლა კი უკვე ოთხი მინირომანის და მოთხრობების ავტორია. წერასთან ერთად ქვები აინტერესებს და მათგან სამკაულებს ქმნის.
სიახლეა ისიც, რომ მისი რომანი „გაორება“ წელს „საბაზეა“ წარდგენილი, ნომინაციაში: „საუკეთესო დებიუტი“. – ქეთევან ბარნაბიშვილის პერსონა.
– თქვენი მწერლური ბიოგრაფია იწყება ბავშვობიდან…
– ჩემს თავგადასავალს მწერლური ბიოგრაფია რომ ვუწოდოთ, ამისთვის დიდი დრო უნდა გავიდეს და ბევრი სათქმელი მივიტანო მკითხველამდე. მანამდე მხოლოდ ავტორად მივიჩნევ თავს და ამ პროცესით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.
– როგორ დაიწერა „გაორება“?
– „გაორება“ ჩემი მეორე რომანია. პირველი სრულიად დაუგეგმავად დაიწერა. პირველი თავი რომ გამოვაქვეყნე, ისეთი მოწონება დაიმსახურა და გაგრძელების ისეთი მოლოდინი გამოხატა მკითხველმა, სხვა გზა არ მქონდა, მომდევნო თავებიც უნდა დამეწერა. დიდი გამოწვევა იყო, თუმცა გავუმკლავდი. ორი თვის შემდეგ კი „გაორების“ იდეა გამიჩნდა. ცოტა ხანს ვიფიქრე და წერა დავიწყე. 2016 წლის ნოემბრის ბოლო დღეები იყო. დასრულებას ორი თვე დასჭირდა.
– მანამდე რომელი ნაწარმოებები გამოაქვეყნეთ?
– ლიტერატურულ საიტზე ვიყავი რეგისტრირებული და პატარა მოთხრობებს პერიოდულად ვაქვეყნებდი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთხრობა „მეხანძრე“ იყო, რომელიც ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა.
– რატომ ეს სათაური?
– „გაორება“ ზუსტად გამოხატავს რომანის მთავარ სათქმელს. შეიძლება ითქვას, მთავარი გმირი, წიგნის იდეა და სათაური ერთდროულად მოვიდა.
– სათაურის სხვა ვარიანტებიც ხომ არ გქონდათ?
– არა, არც მიფიქრია შეცვლა.
– „ამბები, რომლებიც მართლა შეიძლება ხდებოდეს“… – თქვენი სიტყვებია… როგორ შეიქმნა „გაორების“ სიუჟეტი, გამოგონილია თუ ნამდვილ ამბავს ეფუძნება?
– გამოგონილი ამბავია. სრულად ფანტაზიის ნაყოფი. კონკრეტული ვინმეს ამბავს არ ვყვები, უბრალოდ ძალიან ჰგავს რეალობას. არის პატარა ამბები, რომლებშიც მკითხველი სხვა ადამიანების დანახვას შეძლებს.
– რომანი სიყვარულზეა. რა არის თქვენი სათქმელი? რისი თქმა გინდოდათ ამ წიგნით?
– რომანი სიყვარულზეა და არა მხოლოდ. აქ არის მეგობრობის და ერთგულების ამბებიც. კეთილ ადამიანებს და ნამდვილ გრძნობებს დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლიათ. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი.
– „ერთი ადამიანის გაორებას ველოდი და ბევრად მეტი დამხვდა“ – თქვენს რომანზე შთაბეჭდილებიდან ამოვწერე. ეთანხმებით?
– კი, ნამდვილად ასეა. ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩანაფიქრი მხოლოდ ერთი ადამიანის გაორება იყო. დასასრულს კი მეორე პერსონაჟის გრძნობების გაორებაც დაემატა.
– „გაორებაში“ თხრობა ქვეტექსტურია, საინტერესოდ იკითხება. როგორ ფიქრობთ, რა უფრო ზემოქმედებს მკითხველზე – ამბის ოსტატური თხრობა თუ თავად დამაინტრიგებელი სიუჟეტი?
– ვფიქრობ, ამბის ოსტატური თხრობა უფრო არის, რადგან, რომანში თავიდანვეა ნათქვამი ის, რაც შემდეგ ირკვევა.
– „გაორება“ „საბას“ წლის საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტშია წარდგენილი. რამდენად გაქვთ ჟიურის ობიექტურობის და გამარჯვების იმედი?
– იმედი მაქვს… ვფიქრობ, „გაორება“ იმსახურებს ჯილდოს და აღიარებას. ვიცი, ბევრი კარგი ნაწარმოებია წარდგენილი „საბაზე“. ყველას წარმატებას ვუსურვებ. მოლოდინი რთულია.
– ქვებისგან ხელნაკეთ აქსესუარებსაც ამზადებთ, რომლებსაც ხშირად ნაწარმოებებსაც უკავშირებთ. ვეფხვის თვალის გულსაკიდი კი ერთ–ერთი რომანის პერსონაჟის კუთვნილებაა… როგორ ავსებს ერთმანეთს იდუმალ ქვებზე მუშაობა და თან წერა? ხომ არ მოუცია ამ ქვებს წერის დროს შთაგონება?
– ჩემი პატარა ბრენდი მაქვს, სამკაულებს და აქსესუარებს ვამზადებ. როცა რიგით მესამე რომანს „ციგანს“ ვწერდი, ეს გულსაკიდი ძალიან მოუხდა სიუჟეტს. ამიტომ შევქმენი. შემდეგ მეოთხე რომანი, „მზის ჩასვლა“ რომ დავწერე. მინერალური ქვები დაგეგმილად გამოვიყენე. პერსონაჟებს სახელებიც კი შესაბამისი დავარქვი. მაგიური ქვები შთაგონებას არ მაძლევს, უბრალოდ ამბის ზოგ ფრაგმენტს ძალიან კარგად ერწყმის და ამიტომ მრავალფეროვნებისთვის ვიყენებ.
– ჩვენი ინტერვიუდან 7 წელი გავიდა. სიახლეები გექნებათ ხელსაქმეშიც…
– ხელსაქმე ჩემი ჰობის ნაწილია, ამ ეტაპზე დიდი დროის დათმობას ვერ ვახერხებ. სამომავლოდ მინდა გავზარდო წარმოება და სხვა ნივთებიც დავამატო. თავიდან ჩანთების შექმნით დავიწყე, მაგრამ ვერ გავიმეტე გასაყიდად და ყველა შენახული მაქვს. შემდეგ გადავერთე სამკაულებზე. მიყვარს ეს საქმე და ვცდილობ, კავშირი არ გავწყვიტო.
– თქვენი რომანებიდან რომელია საყვარელი პერსონაჟი?
– ასე ვერ ავარჩევ. წარმოსახვაში ყველა მათგანის ცხოვრება გავიარე. წერის დროს იმდენად რეალურ ვიზუალიზაციას ვახდენდი, რომ მეგონა, მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ამიტომ ვერ გამოვყოფ. ყველა მათგანში ჩემი დიდი ემოციაა ჩადებული.
– როგორი უნდა იყოს თანამედროვე მწერალი?
– ვფიქრობ, წიგნებს ძალიან დიდი ძალა აქვთ – დაგვანახვონ ვითარება და გვითხრან სათქმელი. ერთი და იგივე ამბავი, რომელიც შეიძლება ჩვენს სამეზობლოში ხდებოდეს და წიგნში იყოს აღწერილი, წიგნიდან უფრო ძლიერად შევიგრძნობთ. ყველა ნაწარმოებს აქვს სათქმელი, ამიტომ ყოველი მათგანის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტი ვიცით.
ჩემი აზრით, თანამედროვე მწერალი მოკლედ და ლაკონიურად უნდა გადმოსცემდეს აზრს, რომ ბევრის წაკითხვის შესაძლებლობა გვქონდეს. ამბავი მარტივად და საინტერესოდ უნდა იკითხებოდეს, რომ ვერ მოვწყდეთ და სხვა საცდურებმა არ გაგვიტაცოს.
თამარ შაიშმელაშვილი