„დროში მოგზაურობა და დავით აღმაშენებლის ეპოქის თბილისის წარმოდგენა ძალიან საინტერესო იყო“ -16 წლის მხატვარი, რომელსაც უყვარს სიმღერა, წერა და სამშობლო

ბავშვობიდან წერს და ხატავს. სწავლობს თბილისის მე-60 საჯარო სკოლის  მე-11 კლასში, ასევე თბილისის ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში ვოკალის მიმართულებით. 16 წლისაა. ამბობს, რომ უყვარს სიმღერა, ხატვა, წერა და სამშობლო. – ნატალი მაჭარაშვილის პერსონა.

  ბავშვობა. რა გიტაცებდა ბავშვობიდან ყველაზე მეტად – ხატვა, სიმღერა თუ წერა?
– ვწერ და ვხატავ ბავშვობიდან, თუმცა უფრო ხშირად ვმღეროდი, მუსიკა მეტად მიტაცებდა.
პირველი ნაწარმოებები – ნახატი, ჩანახატი… რაზე წერდი და ხატავდი?
– ხშირად წარმოსახვით ვიგონებდი ამბებს, ვწერდი იმაზე, რაც მინდოდა მომხდარიყო. ყვავილების ხატვა მიყვარდა, თუმცა მახსოვს, მამასთან ერთად, პირველად საღებავებით, ადამიანის სახე დავხატე.
 მე-60 საჯარო სკოლის მე-11 კლასში ხარ. როგორ უთავსებ ერთმანეთს შემოქმედებას და სწავლას?
–   ღამე წერა მიყვარს, მაგრამ თუ რაიმეს დახატვა მინდა და დრო არ მაქვს, პატარა ჩანახატებს ვაკეთებ და თავისუფალ დროს საღებავებით ვხატავ. ძალიან მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა და ისტორია, თითქოს ორივე – დროში და სივრცეში მოგზაურობის საშუალებას იძლევა.
რომელ გამოფენებში მიიღე მონაწილეობა?
–  2023 წელს მონაწილეობა მივიღე გამოფენაში – „და რა გვაბედნიერებს“?! სასიამოვნო დასახატი იყო ბედნიერება.
– როგორ დაიხატა დავით აღმაშენებელი თბილისში.  რაიმე საინტერესო ამბავს ხომ არ უკავშირდება?
– სამხატვრო სტუდიაში დავდივარ, სწორედ იქ გვქონდა თემად „დავით აღმაშენებლის ეპოქა“, მე  „თბილისობა“  შემხვდა. სულ ეს არის ნახატის ისტორია, თუმცა დროში მოგზაურობა და მე-12 საუკუნის თბილისის წარმოდგენა, შემდეგ  კი დახატვა, ძალიან  საინტერესო იყო.

დროში მოგზაურობა – დავით აღმაშენებლის ეპოქის თბილისი

შთაგონებას რა გაძლევს? შენი მინიატურების მიხედვითაც ხომ არ ხატავ?
–  შთაგონება ნებისმიერ წამს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, ხშირად ახალი მელოდიის აღმოჩენა დიდი ინსპირაციაა,  თუმცა ჩანახატები არასდროს დამიხატავს, შეიძლება ითქვას, ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, სათქმელი ყოველთვის სხვადასხვაა, ამიტომ ვფიქრობ, ზოგჯერ ფერებია საჭირო ემოციის და სათქმელის გადმოსაცემად.
– „შენთვის დაკრეფილი შროშანები“ – როგორ დაიწერა ეს მინიატურა?
–  მინიატურის  „შენთვის დაკრეფილი წითელი შროშანების“ იდეა დიდი ხანია მქონდა, სულ სხვა შინაარსი უნდა ჰქონოდა, თუმცა წერის დროს შევცვალე, მივხვდი, სათქმელი უნდა მეთქვა, ჩემთვის ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, სამშობლოს სიყვარულს ბავშვობიდან მასწავლიდნენ, თუმცა   ისტორიის მასწავლებელი საქართველოს ისტორიას განსაკუთრებულად აქცევდა ყურადღებას, სამშობლოს სიყვარული სწორედ აქედან გამომყვა და სათქმელი დამიგროვდა.
– 21-საუკუნის ახალგაზრდა რას ეტყოდი შენს თანატოლს აფხაზეთში?
–  თანატოლებთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით – აფხაზ თანატოლებთან.  ვეტყოდი, რომ არ არსებობს ქვეყნის პოლიტიკური თუ გეოგრაფიული საზღვრები, სადაც თანადგომა და სიყვარულია, ბევრი რამ გვაერთიანებს, სწორედ ამიტომ არავის შეუძლია ჩვენი  ტერიტორიული საზღვრების შემცირება ან გაფართოება, რადგან ერთი ერი ვართ და ერს მხოლოდ ტერიტორია არ ქმნის.
თბილისის  ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში ვოკალის მიმართულებით სწავლობ…  რა არის შენთვის მუსიკა?
– მუსიკა შთაგონების წყაროა, რაც კი დამიხატავს ან დამიწერია, ყველაფერი მუსიკის შთაგონებით, როცა ვმღერი, ახალ ემოციებს ვიძენ  ან ვპოულობ, რომელიც შთაგონებას და მოტივს მიმაღლებს, განსაკუთრებით მიყვარს ახალი მელოდიების აღმოჩენა, რასაც სხვა ემოციები მოაქვს და საინტერესოა.
ჰობი…
– მიყვარს ხატვა, ფილმების ყურება, წიგნების კითხვა და ყინულზე სრიალი.
თქვენი თაობის დადებითი და ნაკლი…
– ძნელია ვილაპარაკო,  ჩემი თაობის ნაკლზე ან დადებით მხარეებზე, მაგრამ რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩემს თაობას სამშობლო ძალიან უყვარს, შემოქმედებითი და მიმტევებელია, თუმცა ვფიქრობ, მარტივად ვექცევით გავლენის თუ შთაბეჭდილების ქვეშ და ხანდახან საკუთარი შეხედულებების ნაწილს ვკარგავთ.
სამომავლოდ სად გააგრძელებ სწავლას?
– მინდა ვიმღერო და მუსიკას გავყვე,  თუმცა ამის გარდა, გრაფიკული დიზაინი მაინტერესებს, საინტერესოა ადამიანის კრეატივით და ციფრული საშუალებებით რა შედეგს მივიღებ.

ინტერვიუს ბოლოს, გთავაზობთ ნატალი მაჭარაშვილის მინიატურას:

შენთვის დაკრეფილი შროშანები

„ვის არ უფიქრია სიყვარულზე?! ვის არ უგრძნია… არსებობს უსიყვარულო მზე, ტყე, ყვავილი, ქალი, კაცი ან სიკვდილიც კი?!
ვის არ უფიქრია სიყვარულზე?! თავად სიკვდილიც კი ფიქრობს… მაგრამ შეიძლება სიცივემ სითბო იგრძნოს?
სიცივე სულ აქ არის, სიკვდილიც არ გვასვენებს დარბის, დახტის, ხან ვის აჩუქებს ცივ კოცნას – ხან ვის… ვითომ, სიკვდილსაც შეუძლია სიყვარული?! ვითომ მასაც შეუძლია აღელვება, შეხების ან დანახვის დროს… ვის უნახავს შეყვარებული ან ლმობიერი სიკვდილი?!…
ხშირად მიფიქრია, საყვარელი ადამიანისთვის შევძლებ სიცოცხლის დათმობას, თუნდაც ეს ამაო იყო? განა შეიძლება, ისე შეგიყვარდეს ვინმე, რომ ერთადერთი ძვირფასი რამ, რაც გაგაჩნია სიცოცხლე დათმო. მაშ სიცოცხლე არ ყოფილა ძვირფასი, არ ყოფილა ერთადერთი….
რომ გითხრა ყოველდღე ვხედავ სიკვდილს, სიყვარულს და ზეციურ ფრთების შრიალს დამიჯერებ? არ ვიცი, რას ვეტყვი მას, როცა პირისპირ შევხვდები, მაგრამ ვიცი, მეცოდინება ის, რატომ იქნება ჩემთან…
სადღაც შორს, მაგრამ ახლოს ლიანდაგებთან, სადაც დიდი ხანია მატარებლის კივილი არავის გაუგია, სადაც ხავსი დამკვიდრდა და არემარე უბრალოდ მწვანეა, არის რაღაც განსაკუთრებული… წითელ შროშანებს თავი ლამაზად დაუხრიათ და მწვანე, ბალახმოკიდებულ ლიანდაგებს ამშვენებენ. ლამაზი წარმოსადგენია არა?! რა თქმა უნდა, ლამაზია ის, რაც თვალით ჯერ არ გინახავს, მაგრამ იცი, რომ ლამაზია.
როცა მატარებელი გამოიგონეს, სოხუმსა და სოხუმელებს გაუხარდათ… უკვე წარმოიდგინეს, როგორ მოდის ახლად დაგებულ ლიანდაგებზე ხმაურიანი მატარებელი, მოჰყავს დამსვენებელთა დიდი არმია, ბავშვები ტირიან, ყვირიან, დედები დაქანცულები არიან და სხედან სავარძლებზე, რომელსაც ჯერ კიდევ ქარხნის სუნი ასდის… ესეც ასე… სოხუმში პირველი მატარებელი შევიდა, როგორც იქნა, უკანასკნელი ბოლი ამოუშვა და თითქოს დაღლილი ყოფილიყოს ისე გაჩერდა…
ხმაურიანი მატარებელი უფრო ახმაურდა, ბავშვები აზუზუნდნენ, ჩემოდნები ისე დაფრინავდნენ, თითქოს ფრთები შეისხეს, როგორ იქნა მატარებელი დაიცალა…
ერთ დროს ყველაზე ხმაურიანი მატარებელი ახლა ჩუმია… სამაგიეროდ, ზღვის სანაპიროა მზიანი, ცხელი და ხმაურიანი… ბავშვების სიცილი წყლისა და ტალღების ხმაურში ირევა… ვერავინ იფიქრებს, ვერავინ წარმოიდგენს, რომ ეს თავის ამატკივებლად ხმაურიანი სანაპირო და ჩუმი მატარებელი ასეთი აღარ იქნება…
სოხუმი არასდროს მინახავს, არასდროს ვყოფილვარ სოხუმის სანაპიროზე, არ გამიგონია იქაური ხმაური, არც მიყვირია სიხარულით მათთან ერთად. მხოლოდ ახლა ვხედავ მიტოვებულ მატარებელს, რომელსაც დღემდე შემორჩენია რკინაზე ჩაჟანგებული წარწერა: „თბილისი-სოხუმი“. წარწერა თითქმის აღარ ჩანს. იმ ადგილას, სადაც ხმაურიანი მატარებელი მხიარულად მიქროდა, ახლა უკვე ბებერ, ძველსა და მიტოვებულ ლიანდაგებზე, მხოლოდ შროშანებია მაცოცხლებელი ძალა, იმ უსასრულო სიმწვანეში წითელი ლამაზი შროშანებია სიცოცხლე, სიკვდილიც და სიყვარულიც…
სოხუმი ის ადგილია, სადაც ვერავინ წარმოიდგენდა ხმაურიანი მატარებელი ყვირილს შეწყვეტდა. იქ სიკვდილი დათარეშობს, მაგრამ სიკვდილსაც შეჰყვარებია და უსასრულობაში გადაჩეხილა, ის უბრალოდ ელოდება…
მე ისევ დავბრუნდი ლიანდაგებთან, ისევ ვფიქრობ სიყვარულზე და ხმაურიან მატარებელზე, ის შროშანები ისევ იქ არის, იმ იმედით, რომ მატარებელი კვლავ ახმაურდება, იხმაურებს სანაპირო და ისევ ჩაივლის მატარებელი „თბილისი-სოხუმი“, დავკრეფ შროშანებს…
ჩვენ იმ შროშანებს ისევ ვაცოცხლებთ, ისევ აღვადგენთ მიტოვებულ ლიანდაგებს… და მაინც, ეს შენთვის დაკრეფილი წითელი შროშანები იქნება“…

                                                                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები