ნატოს სამხედრო კომიტეტი უკვე თბილისშია
ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები თბილისს უკვე ეწვივნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ირაკლი ძნელაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დახვდნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია არა მარტო შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ნატოსკენ მიმავალ გზაზე დავსახეთ და ასევე თუ რამდენად ვასრულებთ ამ ამოცანებს. პროგრესი სახეზეა, ეს მათი ვიზიტითაც დასტურდება”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების საქართველოში ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს. ნატოს პირველი სამხედრო პირი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან 12 თებერვალს არის დაგეგმილი.
შეხვედრის შემდეგ სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერია”, “28+1 ფორმატში”, სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება. სხდომის შემდეგ ნატოს წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს.
სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე რეკომენდაციები წარუდგინოს და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მითითებები მისცეს. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოში წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.