“რეტროს” მფლობელის ადვოკატი: თვითონ თემური წააქციეს, ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში

რესტორან “რეტროს” მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებულების ნაწილი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაც უთანხმოებას იწვევდა.

ადვოკატის თქმით, რესტორნის თანამშრომლებმა თავად იძალადეს თეიმურაზ ვარშანიძეზე.

“ინფორმაცია, თითქოს, კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი. ვინაიდან, კომპანიაში დასაქმებულია 34 ადამიანი, რომელთაგანაც მხოლოდ 2 გახლავთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მიზეზი კონფლიქტის გახდა ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც უტოვებენ ოფიციანტებს მომხმარებლები, რომლის განაწილებაშიც საერთოდ არ ერევა ადმინისტრაცია. თვითონ თემური წააქციეს და მას უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში ამავე კომპანიის დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეო ჩანაწერი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში, რომელიც იყო თემურის წინააღმდეგ, მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს”, – ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. შსს-მ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები