თელავში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, ერეკლე მეფის მუზეუმში მისი ორი ნახატი გამოიფინა კიდეც.
ტიხრულ მინანქართან პირველი შეხება უკავშირდება მონასტრული ცხოვრების გაცნობას, სკოლის დამამთავრებელ კლასში გაიცნო ადამიანი, ვინც მის ცხოვრებაზე საგრძნობი კვალი დაამჩნია.
„ფრანგული ფილოლოგიის პირველ კურსზე ვიყავი, როცა დავიწყე პარალელურად სახელოსნოში სიარული. ბოლოს ამ საქმემ მთლიანად მოიცვა ჩემი არსება“. – თამარ ბენდელიანის პერსონა.
– დავიბადე ქალაქ თელავში. მყავს ორი და, რომლებთან ერთადაც გავატარე მთელი ბავშვობა, დავდიოდით ერთ სკოლაში და ერთად ვიზრდებოდით.
ჩემი საცხოვრებელი ბუნებით იყო გარშემორტყმული. ბინის უკანა მხარეს იყო წიწვოვანი ტყე, რომლის შემდეგაც იწყებოდა ბუჩქოვანი ტყე და შემდეგ მდელოები.
ბავშვობაში ხშირად დავდიოდი ამ ნაძვნარში და ვკრეფდი ყვავილებს. რამდენიმე ტყის მცენარე განსაკუთრებით მომწონდა და მათ საკუთარ სახელებს ვარქმევდი: „ფერია“, „ციმციმები“, „ტყისპირა“… გაზაფხულზე მე და ჩემი მეგობრები იების, ენძელების და ფურისულების საკრეფად დავდიოდით, გვირილების თეთრ მინდვრებსაც ვსტუმრობდით, როცა გვირილა იწყებდა ყვავილობას და ქილებში ტყის კენკრის ნაყოფს ვაგროვებდით. ბუნების გულში ვიზრდებოდი, კახეთში, ულამაზესი კავკასიონის ქედის ხედი ჩემი ყოველდღიურობა იყო..არაჩვეულებრივი კლასელები მყავდნენ და კახეთის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი ერთად გვქონდა მოვლილი.
ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ხატვა. მე და ჩემი მეგობრები დამოუკიდებლად ვხატავდით და იდეებს ვუზიარებდით ერთმანეთს, გამორჩეულად მახსოვს გამოფენა ერეკლე მეფის მუზეუმში, სადაც ჩემი ორი ნახატი იყო წარმოდგენილი. ამ დღისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდი.
– როდის შეისწავლეთ ტიხრული მინანქრის ტექნიკა? რატომ ტიხრული მინანქარი?
– ტიხრულ მინანქართან პირველი შეხება უკავშირდება მონასტრული ცხოვრების გაცნობას, ღვთისმშობლის კვართის სახელობის ორთუბნის დედათა მონასტერს, იღუმენია მარიამს (ჩხაიძე).
სკოლის დამამთავრებელ კლასში ვიყავი, როცა გავიცანი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი, თავად შემოქმედი და ნიჭიერი, „ღრმა“ სულიერების მქონე დედა მარიამი, მან შეამჩნია ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარული და თავის სულიერ შვილს მიმაბარა, რომ ტიხრული მინანქრის ტექნიკა ესწავლებინა ჩემთვის. უნივერსიტეტში ფრანგული ფილოლოგიის პირველ კურსზე ვიყავი, როცა დავიწყე პარალელურად სახელოსნოში სიარული. რაც დრო გადიოდა, ეს საქმე ჩემთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა, ბოლოს მან მთლიანად მოიცვა ჩემი პიროვნება.
ფერები, გამოსახულება, ესკიზის გამზადება, ტიხართან მუშაობის სირთულე და თვალებთან ახლოს მოტანილი დიდი გამოსახულების უმცირესი დეტალები. მთელი ეს პროცესი თითქოს მაახლოებდა წარსულთან, ჩემს წინაპრებთან და ვგრძნობდი ამ საქმის ძალას და სიდიადეს. ვიცოდი, რომ ეს გატაცება არ იყო და მას მთელს ჩემს მომავალს მივუძღვნიდი.
– თქვენი ნამუშევრები ქართულია. საინტერესოა ქართული სიმბოლოები ჩახატული გულსაკიდში…
– ჩემი ნამუშევრების უმეტესობა ქართულ მოტივებზეა. ვიყენებ ჩვენს დამწერლობას, ანბანს და ქართული ორნამენტიკიდან სხვადასხვა დეტალს, ასევე საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან ვიღებ ჩემთვის საინტერესო ეგზემპლარებს და ვაცოცხლებ მათ მინანქრის ნაკეთობებში. შევქმენი სუვენირების სერია – „ქართველი მწერლების ფერადოვანი პორტრეტები“, ქართული ზღაპრების პერსონაჟები, რომელთაგან ჩემთვის განსაკუთრებულია „შვლის ნუკრი”.
ძალიან მიყვარს „შვლის ნუკრის“ თემატიკაზე შექმნილი ყველა ნაკეთობა, რადგან ის ჩემი პირველი შვილის სიყვარულით შევქმენი. ტყის სიჩუმეში ჩაძინებულია შვლის ნუკრი, რომელსაც დედა ვერ მფარველობს და ვერ ეალერსება ძველებურად. ორმაგად ემოციური იყო ეს პერსონაჟი ჩემთვის იოანეს დაბადების შემდეგ.
სიყვარულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც მინიატიურული ზომისაა და იქმნება გამადიდებელი ხელსაწყოების დახმარებით, მივუძღვენი ჩემს რეალობაში ყველაზე არარეალურად კეთილ და მოსიყვარულე ადამიანს – დავით კუკავას, რომელიც ჩემთვის მისაბაძი თავისი უბრალოებითა და კეთილი გულით.
– გაქვთ გვერდი: Lafreeo. რომელ სამკაულის შექმნის ამბავს მოგვიყვებოდით?
– მინიატურა „არ დამივიწყო“ ჩემი მეუღლის სიყვარულის შთაგონებით დავამზადე. პაწია გულსაკიდში არის კესანეს, იგივე „არ დამივიწყოს” – ყვავილი, რომელიც ჩემთვის უანგარო და სუფთა სიყვარულის სიმბოლოა, გარშემო ვარსკვლავები კი ამ უბრალო ყვავილის ოქროსფერი ნათებაა. ქართულად წარწერილი „არ დამივიწყო” გრძნობის სიტყვიერი გამოხატულებაა. ეს სამკაული ძალიან მოსწონთ და ყველაზე კარგად იყიდება.
შემთხვევითი არ არის, რომ ეს ნამუშევარი პატარა ზომის ნაკეთობის დამზადდა. ამას თავისი მიზეზი აქვს – რაც ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ძალიან ძვირფასია, არ უნდა იყოს შესამჩნევი ყველასთვის.
სიყვარულს, რომლის გამოხატულებაც ეს პატარა ნაკეთობაა, ვინახავ ღრმად, გულში… ამ მედალიონზე წარწერის ამოკითხვა შორიდან შესაძლებელი არ არის. მას დაინახავს დეტალურად და წაიკითხავს ის, ვინც ჩვენს გულთან ძალიან ახლოს იქნება.
– „იმედის ანგელოზები“ – როგორ შეიქმნა ეს სერია?
– „იმედის ანგელოზები” შევქმენი ჩემი დედა მარიამისადმი მადლიერების გამოსახატავად. ჩემს ცხოვრებაშიც იყო რთული და ძალიან რთული პერიოდები, რომელსაც მარტო ვერაფრით გავუმკლავდებოდი. მახსოვს ღამე მიჭირდა, რომ დამეძინა და დედა მარიამმა ჩემს საწოლთან ყვითელნათებიანი ჭრაქი დააკიდინა, რომელიც სიბნელეს ათბობდა, მოვიდა და მომცა პატარა ქვის ანგელოზის ქანდაკება და მითხრა „თამარ, რომ ვიცოდე, ქვეყნად არაფერი არსებობს, მე მაინც ვიბრძოლებდი და ვიცოცხლებდი, ეს შენი მფარველი ანგელოზია, რომელსაც ახლა შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ მას უნდა, რომ კარგად იყო“. და მე ვირწმუნე ამ პატარა ქვის ანგელოზის მიღმა არსებული ნამდვილი, კეთილი ადამიანების არსებობა..
– სამაჯურები ბავშვებისთვის – ალბათ ბევრს მოსწონს პატარებისთვის…
– „სამაჯური ბავშვებისთვის” ძალიან მოსწონთ. შეკვეთების დროს, უმეტესწილად, ვიყენებთ ადრესატის სახელის პირველ ასოს, საყვარელი მცენარის ან გამოსახულების ინიციალს, საყვარელ ფერს. ბევრი გვეუბნება, რომ საბავშვო სამკაულების დიდი არჩევანი არ არის ონლაინსივრცეში და უხარიათ, რომ აღმოაჩინეს “Lafreeo”.
თამარ შაიშმელაშვილი