გიორგი ტყემალაძე: მზარდი ეკონომიკის პირობებში, ჩვენი მიზანი დედაქალაქში ცხოვრებისა და საქმიანობისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად საზოგადოებრივი ინტერესების დაბალანსებაა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ტყემალაძე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, პარტნიორი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქალაქის განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, LED ფორუმი ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისთვის და ამასთან საქმიან გარემოში თანამშრომლობის ინიციატივების განვითარებისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა. საკრებულოს თავმჯდომარემ გარემოს დაცვის მიმართულებითაც ისაუბრა.
„ჩვენი მიდგომაა, რომ არცერთი სამშენებლო პროექტი არ განხორციელდეს გარემოს დაცვის, ე.წ. „მწვანე“ სტანდარტების გათვალისწინების გარეშე. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განისაზღვრა თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის, კონცეფცია, რაც გულისხმობს თბილისის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად გადაქცევას. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. თბილისის მუნიციპალიტეტში ვატარებთ ღონისძიებებს, რომლებიც სარეკრეაციო ზონების შექმნისა და საპარკო კულტურის განვითარებისკენ არის მიმართული. ასევე ვზრუნავთ ეკომეგობრული სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქალაქის მდგრად განვითარებაზე საუბრისას გიორგი ტყემალაძემ ისეთ პრიორიტეტებზე ისაუბრა, როგორებიცაა ისტორიულ არეალებში შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-შენარჩუნება, ასევე არაისტორიულ არეალებში „მრავალბინიანი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ განხორციელება, რაც მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას გულისხმობს.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობის როლზე და ამასთანავე მწვანე ურბანულის მომავლისა და ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით სხვადასხვა ევროპული ქალაქის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებით და ვიზიარებთ სხვადასხვა ევროპული ქალაქის საუკეთესო მაგალითებს, თუ როგორ მივაღწიოთ მწვანე ურბანულ მომავალს და ეკონომიკურ პროგრესს, რაც განაპირობებს ეკოლოგიურად მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას ადგილობრივ დონეზე. დედაქალაქი, როგორც ეკონომიკური აქტივობების და წამყვანი ეკონომიკური ინდუსტრიების ჰაბი, მზად არის გაჰყვეს გლობალური განვითარების ახალ ტენდენციებს“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმი „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა და ორ დღეს გაგრძელდება.