კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. თემა ეხებოდა – „რონიკოს” მიერ „ართთაიმის” 100%-იანი წილის, „სილქ როუდ ენჯინიარინგის” მიერ „ფარმარეას” 100%-იანი წილის და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ „ლეგომეტალის” 100%-იანი წილის შეძენას.

სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგისას დადგინდა, რომ სააგენტოსთვის შეუტყობინებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე ეკონომიკურმა აგენტებმა კონცენტრაციები განახორციელეს. შედეგად, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქციები და კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შემოტანა დაევალათ. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

ფერადი და შავი ლითონის ჯართით ბაზრის ანალიზის მიხედვით ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს შეადგინა 271,7 მლნ ლარი, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა იყო – 46, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი – 1 474 , რაც საშუალოდ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. აქსესუარების და ფუფუნების საგნების ბაზრის ანალიზის დროს სააგენტოს შეფასების ლოგიკა ეყრდნობა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კონცენტრაციის მხარეები შერწყმამდე მოქმედებდნენ სხვადასხვა სასაქონლო ბაზრებზე და არ არიან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვით, ამდენად, თითოეული მხარის შესაბამისი ბაზრის სტრუქტურის განხილვის საჭიროება არ დგას. განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, კონცენტრაციის დონე არ იცვლება არც ერთ შესაბამის ბაზარზე.
სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით საბითუმო ვაჭრობის ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 169.3 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა – 134, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი – 463,14, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობების იმპორტის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 186,4 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა – 1175, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი – 463,14, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

მიღებული და დამუშავებული მასალების შესწავლის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაციები „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმის დაკისრება, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს. 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ეკონომიკური აგენტების 5311 კონცენტრაცია (გაერთიანება) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაცია თანხმობა გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები