ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ოპერაცია “ფარი და ისარი” ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც “ისლამური ჯიჰადის” სამხედრო ფრთის – “ალ-ყუდსის ბრიგადების” სამი ლიდერის – აბუ ჰადი ხალილ ალ-ბახიტინის, თარიქ აზ ად-დინის და ჯიჰად ჰანემის ლიკვიდაცია მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას არმიის პრესსამსახური ავრცელებს.
თუმცა, პალესტინის მედია წერს, რომ ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 15 პალესტინელია დაღუპული, ათობით დაშავებული.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის დაწყებამდე თითქოს ისრაელმა “ჰამასს” შეუთვალა, რომ ოპერაცია მხოლოდ “ისლამური ჯიჰადის” წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ამავდროულად, ღაზას სექტორის საზღვრიდან 40 კილომეტრის დაშორებით, ისრაელის დასახლებულ პუნქტებში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, რომლებიც 10 მაისის, 18:00 საათამდე იქნება ძალაში. ასევე, ამ რაიონებში საგანმანათლებლო პროცესი შეჩერდა.
ნეტივოთსა და აშკელონს შორის სარკინიგზო კავშირი შეჩერებულია, “სდეროტის” სადგური არ იმუშავებს. ღაზას საზღვარზე საგუშაგოების – „ერეზისა“ და „ქერემ შალომის“ დახურვის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
გამოცხადდა რეზერვისტების ნაწილობრივი გაწვევა. გახსნილია საზოგადოებრივი თავშესაფრები სდეროტში, ბეერშებასა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიგ სხვა დასახლებებში.
ისრაელის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ოპერაციას მიესალმა და დაწერა, რომ “დადგა დრო, ღაზას სექტორის მიმართ პოლიტიკა შეიცვალოს. შესანიშნავი დასაწყისია”.
ასევე, ისრაელის მედია წერს, რომ სამოქალაქო თვითმფრინავების რეისების მარშრუტია შეცვლილი.