732 იდენტური სასახლე – მიტოვებული ქალაქი ბურჯ-ალ-ბაბასი
ერთი შეხედვით, რთული დასაჯერებელია, რომ ისინი ფოტოების გრაფიკული რედაქტორის გარეშეა გაკეთებული, ვინაიდან აქ ყველა სასახლე ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. ბურჯ-ალ-ბაბასი დიდებული საცხოვრებელი კომპლექსი უნდა გამხდარიყო, სავაჭრო-გასართობი ცენტრით, თურქული აბანოებით, 180-ადგილიანი სასტუმროთი, პარკებით, ხელოვნური ტბებითა და 732 სასახლით. იქ შესაძლოა რამდენიმე ათას ადამიანს ეცხოვრა, მაგრამ ეს ადგილი უკვე რამდენიმე წელია, მიტოვებულია.
სად მდებარეობს და რას წარმოადგენს ის
ყველა სახლი გარედან მართლაც ერთმანეთის იდენტურია: არსებობდა სახლის შესრულების მხოლოდ ერთი პროექტი – „სასახლე“. ეს ახალი საცხოვრებელი კომპლექსის იდენტობის კოდი უნდა ყოფილიყო, თანაც მშენებლობის ფასიც უნდა დაეწია. რაც შეეხება შიგთავსს, აქ სასახლეებს შესაძლოა განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ – დამატებით, აუზისა და ლიფტის ზახით.
ბურჯ-ალ-ბაბასი ციფრებში
- პროექტის ღირებულება ოფიციალურად 2014 წელს 200 მილიონ დოლარად შეფასდა. ფართობი შეადგენს 75 ჰექტარს;
- ერთი სასახლის ფასი 2014 წელს მის მდებარეობაზე იყო დამოკიდებული და მერყეობდა 370 ათასიდან 530 ათას დოლარამდე.
- თითოეული სახლის საერთო ფართობია 301 მ², საიდანაც სახურავის ტერასის ფართობია 49.6 მ²;
- საერთო ჯამში, დაახლოებით 350 სასახლე გაიყიდა.
პროექტის ისტორია
კომპანია Sarot Group-მა ბურჯ-ალ-ბაბასის კომპლექსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მშენებლობაზე 2500 მუშა შრომობდა და პროექტი დაახლოებით 4 წელიწადში უნდა დასრულებულიყო. ძირითადი მყიდველები იყვნენ კატარიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და საუდის არაბეთიდან. სახლების ნაწილი განვადებით გაიყიდა, მაგრამ, 2018 წელს სასახლეების გაყიდვა შეწყდა, ხოლო კლიენტების უმრავლესობამ შეწყვიტა განვადების გადახდა, რაც დაკავშირებული იყო ნავთობის ფასის ვარდნასთან. შედეგად, სამშენებლო კომპანიას 27 მილიონი დოლარის ოდენობით დავალიანება დაუგროვდა, რომელიც ვერ დაფარა და იძულებული გახდა, კომპანია გაკოტრებულად გამოეცხადებინა.
2019 წელს რამდენიმე სასამართლო პროცესის გავლის შემდეგ Sarot Group-ს შეუნარჩუნდა უფლება, გაყიდვები ეწარმოებინა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ, სულ მცირე, 100 სახლის გაყიდვა სჭირდებოდათ ვალის გადასახდელად და სამშენებლო პროცესის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მყიდველებს თურქეთის არასტაბილური ეკონომიკა აფერხებთ.
ფინანსური პრობლემების გამო, პროექტი ბურჯ-ალ-ბაბასი წარმოადგენს დაუმთავრებელ და მიტოვებულ ქალაქს. იქ არავინ ცხოვრობს. ყველა სამუშაო ჯერ კიდევ 4 წლის წინ შეჩერდა.