ჭიათურაში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა
ჭიათურაში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. რობოტიკის კურსის ბავშვების მიერ შექმნილი „ჭკვიანი“ ურნა, რომელიც ქალაქში რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა, დააზიანეს.
როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პიარ სამსახურის წარმომადგენელი, მარიკა ხვედელიძე სოციალურ ქსელში წერს, ურნა სენსორების დახმარებით ავტომატურად იმართებოდა, ბაქტერიებისგან თავდაცვის მიზნით ზედაპირი დისტანციურად იხსნებოდა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მერიის დახმარებით განხორციელდა და მსგავსი ურნები უახლოეს პერიოდში ყველა უბანში უნდა დამონტაჟებულიყო.
„ვანდალიზმი. არ ვიცი რა შეფასება შეიძლება ჰქონდეს ასეთ ამაზრზენ ფაქტს, რა უნდა ვთქვათ, როცა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის, რობოტიკის კურსის ბავშვების მიერ შექმნილი ჭკვიანი ურნა, რომელიც ორი დღის წინ დამონტაჟდა ჩვენს ქალაქში, ვიღაცებს თვალში არ მოუვიდათ და ასე დააზიანეს…
ურნა სენსორების დახმარებით ავტომატურად იმართებოდა, ბაქტერიებისგან თავდაცვის მიზნით ზედაპირი დისტანციურად იხსნებოდა…
პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით განხორციელდა და მსგავსი ურნები უახლოეს პერიოდში ყველა უბანში უნდა დამონტაჟებულიყო.
ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია და იმედია შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ, ვინ და რატომ ატკინა პატარა გამომგონებლებს ასე ძალიან გული. გრცხვენოდეთ!“ – წერს ჭიათურის მერიის მარიკა ხვედელიძე Facebook-ზე.