ლაშა კალანდაძე: არსებობს შვეიცარიის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი მიადგა ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და მათ კომპანიებს

როდესაც ვამბობთ უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ აქტივებს, ეს შეფასების საკითხი არ არის, ეს არის მოცემულობა – არსებობს შვეიცარიის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი მიადგა ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და მათ კომპანიებს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ Credit Suisse-ზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს გადარჩენილი აქტივები Credit Suisse-იდან გადატანილია სხვა შვეიცარიულ ბანკში, თუმცა აქტივების მართვა დარჩა Credit Suisse-ს მიერ დაარსებულ შვილობილ კომპანიას.

„ეს შვილობილი კომპანია მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევდა თავს, თუმცა 2022 წლის მარტიდან უკვე გარკვეული შეფერხებები გაჩნდა და მათი მხრიდან სხვადასხვა მიზეზმა იჩინა თავი. როდესაც ვთხოვეთ განმარტება, თუ რა იყო შეფერხების მიზეზი, პასუხად მივიღეთ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენები. შემდეგ უკვე ახალი მიზეზი გვითხრეს, ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია. რაღაც ეტაპზე ისეთი მიზეზიც გვითხრეს, რომ ქველმოქმედებაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება და ამან შეიძლება მის შთამომავლებს გარკვეული საფრთხეები შეუქმნას. მათ იციან, რომ ვალდებულება აკისრიათ, უბრალოდ ერთადერთი სტრატეგია აქვთ, რომ დროში გააჭიანურონ ამ ვალდებულების შესრულება – ეს არის მათი ინტერესი და დაბრკოლებებს აბსოლუტურად ხელოვნურად ქმნიან“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები