პროექტი „ვენერა“ – გამოგონება, რომელმაც მთელი სამყარო უნდა გადაარჩინოს

ეკონომიკური კრიზისი თითქმის ყველამ იგრძნო. შესაძლებელია თუ არა მსგავსი გლობალური მასშტაბის კატასტროფების თავიდან არიდება ან ადამიანებზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირება? დღეს მოგიყვებით, რას გვთავაზობდა იტალიელი ფუტურისტი, არქიტექტორი და გამომგონებელი ჟაკ ფრესკო.

ჟაკ ფრესკო დაიბადა 1916 წელს ნიუ-იორკში, ბრუკლინში. ახალგაზრდობაში მან თავისი თვალით ნახა, როგორ იტანჯებოდნენ ამერიკელები დიდი დეპრესიის დროს 1930 წელს. ჯერ კიდევ ჭაბუკობაში არ ესმოდა, რატომ მუშაობდა ქარხნები და ფაბრიკები გამართულად, მაღაზიებში სავსე იყო სავაჭრო საქონლით, მაგრამ ამასთანავე ხალხს არაფრის ყიდვა შეეძლო, მათ ფული საკვებისთვისაც კი არ ჰყოფნიდა. პასუხი ძალიან მარტივი იყო – ხალხს კრიზისის დროს არ ჰქონდა ფული, რომ მოეხმარა ის საქონელი და მომსახურება, რაც ირგვლივ უხვად იყო.

ამ პარადოქსულმა ვითარებამ ახალგაზრდა ფრესკოს აიძულა, ეფიქრა იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა ის და როგორ შეიძლება მისი თავიდან არიდება.

„მთელი დროის მანძილზე ძირითადი მოტივაცია, რომელიც მაიძულებდა მეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებ – დაუმთავრებელი ომების, კრიზისების, ადამიანების უშედეგო ტანჯვის, სიღარიბის, კორუფციის და მთავრობის გულგრილობის ყურებაა. ყველაზე დიდ სტიმულს წარმოადგენს ხელისუფლების არაკომპეტენტურობა და, პრაქტიკულად, სრული პასიურობა სამეცნიერო წრიდან“.

ასე ამბობდა ჟაკ ფრესკო, როდესაც ჟურნალისტებს პასუხობდა კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა, შეექმნა მომავლის საზოგადოების ეფექტური მოდელი. მაგრამ სანამ თავის მთავარ საქმეს შეუდგებოდა, ფრესკომ საკუთარი თავი მრავალ სხვა საკითხში გამოამჟღავნა. თავიდან ჟაკი ავიაციამ გაიტაცა და ის თვითმფრინავების კონსტრუირებას შეუდგა. შემდეგ აღმოაჩინა არქიტექტურა და დიზაინი. მოგვიანებით დაინტერესდა ფსიქოლოგიით, კერძოდ – ქცევითი თავისებურებებით და დამოკიდებულების გავლენით ადამიანების ცნობიერებაზე. შეგროვებული გამოცდილება მოითხოვდა გამოყენებას და ფრესკომ შექმნა კორპორაცია „სოციოკიბერნეტიკა“, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის გრანდიოზულ პროექტს „ვენერას“ .

70-იან წლებში მეცნიერმა გაიცნო ინჟინერი აშშ-დან, როკსანა მედოუზი, რომელიც მისი მარჯვენა ხელი გახდა მთავარ პროექტზე. ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, პარტნიორებმა სამყაროს წარუდგინეს ალტერნატიული მომავლის პროგრამა, სადაც ადამიანს არ ემუქრება უთანასწორობა, სიღარიბე და საომარი კონფლიქტი.

ჟაკ ფრესკო ამტკიცებდა, რომ თანამედროვე სამყაროში არსებობს ყველა რესურსი, რათა ნებისმიერი პრობლემა გადაწყდეს, რაც კაცობრიობის წინაშე შეიძლება, წარმოიშვას. თუკი მათ გონივრულად მოვიხმართ, მაშინ შეიძლება, ვაშენოთ საცხოვრებელი, სკოლები და საავადმყოფოები პლანეტის ნებისმიერ ნებისმიერ ადგილზე და ადამიანის ცხოვრება უკეთესი გავხადოთ.

ამასთანავე, თუ თავს მოვუყრით ყველა ფულს ერთად, რომელიც დღეს მიმოსვლაშია, ის საკმარისი არ იქნება საავადმყოფოების, საცხოვრებელი სახლების, სკოლების და უნივერსიტეტების ასაშენებლად. მაგრამ ჩვენ ისედაც საკმარისი სამედიცინო და სასწავლო დაწესებულება გვაქვს ისევე, როგორც ამ სფეროს სპეციალისტები. გამოდის, რომ ჩვენი შესაძლებლობები და ოცნებები შეზღუდულია ფულით.

თუკი თავიდან მოვიცილებთ არაეფექტურ ფულად სისტემას და ხელისუფლების პოლიტიკურ სტრუქტურებს, შესაძლებელია აბსოლუტურად ახალი საზოგადოების შემქმნა. მასში გამოყენებული იქნება ყველაზე კარგი სამეცნიერო-ტექნიკური გამოგონებები და ყველა რესურსი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ და ამასთანავე აღვადგინოთ ჩვენ მიერ მრავალი საუკუნის განმავლობაში დაზიანებული ბუნება დედამიწაზე. ზუსტად ამაში მდგომარეობდა პროექტ „ვენერას“ ძირითადი არსი, რომელიც ჟაკ ფრესკომ შეიმუშავა.

მომავლის ასეთი საზოგადოების მთავარი პრინციპი არის რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელიც გულისხმობს სარგებლის სამართლიან განაწილებას ადამიანებს შორის ფულადი სისტემის არარსებობის პირობებში. ახალი საზოგადოება გათავისუფლდება ძირითადი უბედურებისგან, რომელიც აწუხებს კაცობრიობას ათასობით წლის განმავლობაში – სოციალური უთანასწორობა, სიღარიბე, ომები და დანაშაული. თუ პლანეტის ყველა მკვიდრს აქვს ძირითადი საქონელი – კომფორტული საცხოვრებელი, მაღალი ხარისხის საკვები და წყალი, ასევე შეუძლია, გამოიყენოს ტექნოლოგიური მიღწევები, მაშინ რესურსების ფლობისთვის ბრძოლას აზრი არ ექნება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს გარკვეული ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სარგებლისა და რესურსების თანაბრად განაწილებაზე. სწორედ აქ დევს ბოროტების წყარო და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება. ჟაკ ფრესკომ შესთავაზა პრობლემის გადაჭრა კიბერნეტიკური სისტემების დახმარებით, რომელსაც ადამიანის ჩარევის გარეშე შეეძლო გამოთვლების გაკეთება და დისბალანსისა და უსამართლობის გამოაშკარავება.

დროთა განმავლობაში ჩვენ გვექნება კომპიუტერიზებული მთავრობა, რაც ნიშნავს კორუფციის დასასრულს, რადგან მანქანებს არ აქვთ ამბიცია. კომპიუტერების გამოყენება შესაძლებელს გახდის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მოძველებული მოდელისგან თავის დაღწევას, რომელშიც აუცილებლად არის ჩადებული ძალაუფლებისა და უპირატესობის სურვილი. ბევრი მეცნიერის შიშებთან დაკავშირებით, რომლებიც პროგნოზირებენ მსოფლიოში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მანქანების მიერ, ფრესკო ამტკიცებდა, რომ საზოგადოების მის მოდელში ეს შეუძლებელია, რადგან კომპიუტერული სისტემები ასრულებენ მხოლოდ ადამიანების მიერ განსაზღვრულ დავალებებს.

ფრესკო გეგმავდა კიბერნეტიკური ცენტრების განთავსებას „ვენერას“ პროექტის ეკოლოგიურად სუფთა და ყველაზე კომფორტულ ქალაქებში, რომლებიც გააკონტროლებდნენ მრეწველობას, ტრანსპორტს, ჯანდაცვასა და განათლებას, ასევე, საქონლისა და მომსახურების განაწილებას. ფრესკო მომავლის საზოგადოების აშენების უმთავრეს პირობად პოლიტიკიდან სრულ გასვლას მიიჩნევდა. იმის გამო, რომ პოლიტიკოსები ძალიან იშვიათად არიან ალტერნატიული ენერგიის წყაროების ან ეკოლოგიის სპეციალისტები. პირიქით, ისინი ხელს უშლიან ცივილიზაციის განვითარებას, იცავენ მდიდრების ინტერესებს, რომლებიც აბსოლუტურად კმაყოფილნი არიან დღევანდელი მდგომარეობით.

ფუტურისტი ამტკიცებდა, რომ სათანადო ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს არა გარკვეული ვიწრო წრეების ინტერესების წარმომადგენლობა, არამედ – რესურსების ხარისხიანად და სამართლიანად განაწილება და მათი ახალი წყაროების ძიება. ასეთი სისტემა უნდა ეფუძნებოდეს მიუკერძოებელ მეცნიერულ გაანგარიშებას, რის გამოც გამორიცხულია დისბალანსი. მსოფლიოს ყველა ქალაქი გაერთიანდება ერთ ქსელში, რაც საშუალებას მისცემს რესურსების რაციონალურად მართვას და გარემოს დაცვას. თავდაპირველად, სისტემების მუშაობა სპეციალისტებმა უნდა აკონტროლონ, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც სისტემა გამართული იქნება და იმუშავებს სრული ძალით, მათი საჭიროება გაქრება.

კეთდება თუ არა რამე თანამედროვე სამყაროში ჟაკ ფრესკოს თამამი პროექტის რეალიზებისთვის? იმისდა მიუხედავად, რომ თავად მეცნიერი გარდაიცვალა 2017 წელს, მისი პროექტი ცოცხლობს. პროექტის განხორციელებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა – ფლორიდაში 8,5 ჰექტარი კვლევითი ცენტრი აშენდა. პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო მუშაობა – იმართება ფორუმები, იკითხება ლექციები და გადაიღეს დოკუმენტური ფილმები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ექსპერიმენტული ქალაქის მშენებლობა, რომელმაც კაცობრიობას ნათლად უნდა აჩვენოს, რომ „ვენერას“ პროექტი არა ფანტაზია, არამედ მომავლის მართლაც მოქმედი და აბსოლუტურად სიცოცხლისუნარიანი სისტემაა. მსოფლიოში ყოველწლიურად იქმნება მომავლის ქალაქების მრავალი საინტერესო პროექტი, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ჟაკ ფრესკოს შეუძლია, შესთავაზოს გლობალური გადაწყვეტა, რომელსაც შეუძლია – შეცვალოს მთელი მსოფლიო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები