ბრენდა თუ ბრიუსი – ბიჭის ისტორია, რომელიც იზრდებოდა, როგორც გოგო
ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ბავშვებმა იციან ვინ არიან ისინი – გოგო თუ ბიჭი. მაგრამ თუ ვინმეს თავში აზრად მოუვა მოატყუოს ბუნება გამოუვა თუ არა თოჯინების და ვარდისფერი ფერის გამოყენებით ბიჭისგან გოგონა გაზარდოს? გიამბობთ სასტიკ ექსპერიმენტზე, რომელმა აჩვენა, რომ გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებაზე სოციალიზაცია არ მოქმედებს.
1965 წელს კანადის ქალაქ ვინიპეგში ჯანეტ და რონ რაიმერები ორი ტყუპი ბიჭი გაუჩნდათ. მათ დაარქვეს ბრაიანი და ბრიუსი. ისინი ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ბიჭების დედამ შეამჩნია, რომ მათ შარდვის პრობლემა ჰქონდათ. გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი იყო ფიმოზი – დაავადება, რომლის დროსაც შეუძლებელია მამაკაცის სასქესო ორგანოს თავის მოშიშვლება.
ექიმები ურჩევდნენ მარტივი ოპერაციის – წინადაცვეთის გაკეთებას. ექიმების თქმით, ეს ბიჭებს უშველიდა. ბრაიანის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ხოლო ბრიუსის შემთხვევაში რაღაც ცუდად წავიდა. შედეგად ექიმების დაუდევრობით ან აპარატის ტექნიკური გაუმართაობის გამო, ბრიუსმა სასქესო ორგანოს ძლიერი დამწვრობა მიიღო. ეს იმდენად რთული შემთხვევა იყო, რომ ექიმებმა აღიარეს, რომ ორგანოს აღდგენა თითქმის შეუძლებელი იყო. მშობლები შეშფოთებულები იყვნენ. საკითხის გადაჭრისას მშობლებმა სატელევიზიო შოუ ნახეს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ვინმე ჯონ მანი. ის თამამ განცხადებებს აკეთებდა გენდერის შესახებ, ამბობდა, რომ ბავშვები ნეიტრალურები იბადებიან, სუფთა ფურცლები, ხოლო ბიჭებად და გოგოებად მათ საზოგადოება აყალიბებთ. მანის ძალიან ბევრი არაეთიკური შეხედულება ჰქონდა, მათ შორის ინცესტსა და პედოფილიაზე, მაგრამ რაიმერებს მაშინ ეს არ აღელვებდა. მათ საკუთარი შვილის ბედი აღელვებდათ.
კიდევ მანის შეხედულება ძალიან კარგად ჯდებოდა იმ დროის რიტორიკაში – პერიოდში, როდესაც ქალები აქტიურად იბრძოდნენ საკუთარი უფლებებისთვის ან ქალის ტრადიციულ როლს ეწინააღმდეგებოდნენ. რაიმერები მას როგორც ღმერთს ისე უყურებდნენ. ღმერთს, რომელიც დაჰპირდა, რომ მათ პრობლემას მოაგვარებდა. მანიმ შესთავაზა, რომ ბრიუსი – ბრენდათ გადაექციათ. აღეზარდათ არა ბიჭი, არამედ გოგო. ეს გადაწყვეტილება იდეალური იყო. რაიმერები დაიმედდნენ და დათანხმდნენ კასტრაციას. ასე გახდა 1967 წელს ბიჭი ბრიუსი – გოგონა ბრენდა. მას მოკვეთეს სასქესო ორგანო და შექმენს ხელოვნური ვაგინალური ხვრელი. მშობლები და ბავშვი სახლში გაწერეს, მათ ძალიან მკაცრად აუკრძალეს ბავშვისთვის იმის თქმა, რომ ის ბიჭად დაიბადა. ასე დაიწყო პროექტი „ჯონ/ჯოანა“, რომელსაც სახელი უნდა გაეთქვა მანისთვის საუკუნოდ.
პრობლემები თავიდანვე დაიწყო, მაგრამ ძნელი სათქმელია, რასთან იყო ისინი დაკავშირებული. ჯანეტი იხსენებს, რომ როდესაც ბრენდასთვის კაბის ჩაცმას ცდილობდა ის ისტერიკაში ვარდებოდა და გაბრაზებული იხდიდა.
ჯანეტი მაშინ ფიქრობდა:“ო, ღმერთო, მან იცის, რომ ბიჭია და არ უნდა გოგონების ტანსაცმლის ჩაცმა“.
დაწყებით სკოლაში ბრენდას ძალიან დასცინოდნენ და საპირფარეშოში შესვლას უშლიდნენ – როგორც გოგოების ისე ბიჭების.
ბრენდას რეგულარულად უნდა ევლო მანისთან შეხვედრაზე თავის ძმასთან ერთად, სადაც ექიმი მას ასწავლიდა „მოქცეულიყო როგორც გოგონა“. დევიდის თქმით, (ეს სახელი აიღო ბრიუსმა, როდესაც გაიზარდა) მანი მასზე და მის ძმაზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდა. ის ბავშვებს სქესობრივი კავშირის დეტალურ ქმედებებს აჩვენებდა.
„მან მითხრა ტანსაცმელი გამეხადა, მე კიდე არ გავიხადე. უბრალოდ ვიდექი, ის კი ყვიროდა: „არაა!“ ვიფიქრე მცემდა და მერე გავიხადე. ვიდექი და ვკანკალებდი“,- იხსენებს დევიდი.
რაიმერი ამტკიცებდა, რომ მანი უფრო ღრმადაც შედიოდა. ის ამას „სექსუალურ სარეპეტიციო თამაშს“ უწოდებდა, რომლის ფარგლებშიც ტყუპები უნდა შეჩვეოდნენ თავის როლებს სქესობრივ კავშირში და მზად ყოფილიყვნენ შეესრულებინათ ისინი მოზრდილ ასაკში.
დღემდე ცალსახად არ არის გარკვეული ჭეშმარიტია თუ არა ეს ბრალდებები. თუკი ჯონ კოლაპინტოს სტატიებს დავუჯერებთ, მანი ასეთ თამაშებს საჭიროდ თვლიდა სწორი გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის. მისი ყოფილი სტუდენტები იცავენ თავის მენტორს და ამტკიცებენ, რომ ის ამას მხოლოდ კეთილი განზრახვით აკეთებდა.
ესტროგენის მიღების შედეგად ბრენდას მკერდი გაეზარდა. მანი ამტკიცებდა, რომ ექსპერიმენტი წარმატებით მიმდინარეობს:
„ბავშვი იქცევა ისე, როგორც გოგონა. მისი ქმედებები არ ჰგავს ბიჭის ქმედებებს“.
დევიდი ექიმთა ვიზიტებს იხსენებს, როგორც ტრავმულს და არა თერაპევტულ გამოცდილებას. მოგვიანებით მის ძმას ბრაიანს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.
მანი აგრძელებდა რაიმერების ოჯახში ვიზიტებს, რომ ისინი განმეორებით ოპერაციაზე დაეთანხმებინა და სრულფასოვანი ვაგინის კონსტუირება მომხდარიყო. როდესაც ბრენდა მოზარდი გახდა მან უარი განაცხადა ოპერაციაზე. მან ერთხელ თვითმკვლელობაც სცადა ხოლო ესტროგენს არარეგულარულად იღებდა.
ერთხელაც ფსიქოლოგთან ვიზიტის შემდეგ, რონ რაიმერმა „ქალიშვილი“ სახლში არ წაიყვანა. ისინი კაფე-სანაყინეში წავიდნენ, სადაც მამამ მთელი სიმართლე მოუყვა მას. ის 15 წლის იყო და მისმა ცხოვრებამ მოულოდნელად აზრი შეიძინა.
ეს ბევრ რამეს ხსნიდა. ბრენდას უნდოდა ოპერაცია გაეკეთებინა და დაბრუნებოდა თავის მამაკაცურ საწყისებს.
ფალოპლასტიკის განვითარების წყალობით ხუთი წლის შემდეგ ბრენდამ თავისი სასქესო ორგანო მიიღო, რომელიც თითქმის არ განსხვავდებოდა ნამდვილისგან. მგრძნობელობა შეზღუდული იყო, მაგრამ სქესობრივი კავშირის დამყარება მაინც შეეძლო. ბრენდამ სახლი გადაირქვა და დევიდი გახდა.
როდესაც მას 23 წელი შეუსრულდა, დევიდი ჯეინს შეხვდა. ის სამი შვილის მარტოხელა დედა იყო. ისინი მალე დაქორწინდნენ. ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, ისინი მალე დაშორდნენ და რაიმერების ოჯახში კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. ბრაიანმა, რომელიც შიზოფრენიით იტანჯებოდა, თავი მოიკლა. დევიდს ძალიან რთულად გადაჰქონდა ძმის სიკვდილი და თავის პასუხისმგებლობას გრძნობდა მომხდარში, ვინაიდან მშობლები მას უფრო დიდ დროს უთმობდნენ. ის ყოველდღე მიდიოდა ძმის საფლავზე ახალი ყვავილებით.
მანი არ აღიარებდა თავის შეცდომას. მისი მტკიცებით, პრობლემა უშუალოდ დევიდში იყო – ის უარს ამბობდა თავი გოგოდ ეღიარებინა, ხოლო მშობლები ოპერაციას აჭიანურებდნენ.
2004 წლის მაისში, მძიმე დეპრესიის შედეგად დევიდმა თავი მოიკლა.