დავით უსუფაშვილს ეკონომიკური ფორუმების ორგანიზება შესთავაზეს

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბუქარესტში, რუმინეთის დეპუტატთა პალატის სპიკერმა ვალერიუ ზგონეამ მიიღო. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვალერიუ ზგონეამ დავით უსუფაშვილს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების პარაფირება მიულოცა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო რუმინეთს უყურებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორს და მეზობელს. ,,გვაქვს უამრავი გამოწვევა ევროპისკენ სავალ გზაზე და ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი თქვენი მხარდაჭერაა. ასოცირების ხელშეკრულება გვაძლევს უფრო მეტი უსაფრთხოების განცდას, რომ ევროპელი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რუმინეთის დეპუტატთა პალატის სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესთავაზა, რომ ორგანიზება გაუკეთდეს ორ ეკონომიკურ ფორუმს, სადაც მონაწილეობას ქართველი და რუმინელი ექსპერტები მიიღებენ. ფორუმზე რუმინული მხარე ქართველ ექსპერტებს იმ გამოცდილებას გაუზიარებს, რაც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მიიღო. შეხვერაზე საუბარი ასევე საჯარო მოხელეების განვითარებისა და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებს შეეხო. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. დავით უსუფაშვილისა და ვალერიუ ზგონეას შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები: რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრი პაატა ბარათაშვილი, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი წერეთელი და ასევე რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატთა პალატის სპიკერმა ერთობლივი ინტერვიუ მისცეს რუმინეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები