„იმ ბადრაგმა ქალმა ხელში აიღო ჯოხი და სახეში გაარტყა“ – 14 წლის გოგონა, რომელიც ოსვენცემის ბანაკში მოკლეს
ჩესლავა კვოკა, 14 წლის პოლონელი გოგონა, რომელიც ოსვენცემში გაგზავნეს. ფოტო გადაღებულია, როდესაც ის ბანაკში მიიყვანეს და მას შემდეგ, რაც ბადრაგმა ის ჯოხით სცემა სახეზე. გოგონა ოსვენცემის ბანაკში 1943 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა ფენოლის ინიექციით გულში.
ეს ფოტო ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა, ბილჰელმ ბრასმა გადაიღო. ბრასი პოლონელი იყო, რომელიც ნაცისტებმა ოსვენცემში იძულებით გადაასახლეს, სადაც ის ბანაკის პატიმრებს უღებდა ფოტოებს. მან ფოტო 40-50 ათას პატიმარს გადაუღო, მათ შორის, ჩესლავა კვოკსაც.
ბრასმა როგორც კი ფოტო დაინახა, მაშინვე გაიხსენა, როგორ გადაუღო მას – საშინლად შეშინებულ გოგონას, რომელსაც არ ესმოდა არაფერი, რაც მის ირგვლივ ხდებოდა:
„იმ ბადრაგმა ქალმა ხელში აიღო ჯოხი და სახეში გაარტყა. ეს გერმანელი ქალი მთელ თავის ბრაზს გოგონაზე ანთხევდა. ასეთი ლამაზი ახალგაზრდა ქალი, ასეთი უმწეო. ის ტიროდა, მაგრამ ვერაფრის გაკეთება შეძლო. ფოტოს გადაღების წინ ჩესლავამ ცრემლები და ტუჩებიდან სისხლი მოიწმინდა. გულახდილად რომ ვთქვათ, მეგონა, რომ მე მცემდნენ, მაგრამ ჩარევა არ შემეძლო. ეს სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა ჩემთვის. მე არაფრის თქმა არ შემეძლო…“
სისხლი მის ტუჩებზე მაინც ჩანს ფოტოზე, რომელიც ბრასმა გადაუღო.
როგორც ბანაკის ფოტოგრაფი, ბრასი ძალიან ბევრი საშინელი ფაქტის მოწმე იყო ოსვენცეში. მან საშინელი შიში აღბეჭდა პატიმრების სახეზე. მას შემდეგაც კი, რაც ბრასი სხვა ბანაკში გაგზავნეს და უკვე 1945 წელს საბჭოთა ჯარმა გაათავისუფლა, ის დიდი ხანი ებრძოდა წარუსილის მოგონებებს, იმ ათობით ათასი ადამიანის ლანდებს, რომელთაც ფოტოებს უღებდა მრავალი წლის განმავლობაში. საბოლოოდ, მას ფოტოგრაფიის მიტოვება მოუწია.
ეს „მოჩვენებები“ ცოცხლობენ ისეთი ადამიანების წყალობით, როგორიცაა ბრასი, რომელმაც ფოტოები შეინახა, მიუხედავად ნაცისტების ყველა მცდელობისა – გაენადგურებინათ ისინი. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ომი წაგებული იყო, გერმანელები ცდილობდნენ, საშინელი საქმეების ყველა მტკიცებულება გაენადგურებინათ – ნაცისტები წვავდნენ საბუთებს, ფოტოებს, მსხვერპლის პირადობის დამადასტურებელ საბუთებს. მიუხედავად ამისა, ბრასმა და რამდენიმე სხვა ადამიანმა შეძლო, შეენარჩუნებინა ნეგატივები და ამით მათ შეინახეს დაღუპულთა სახეები.